ახალი ამბები

პარლამენტის პლენარული სხდომისთვის კვორუმი ვერ იკრიბება

10 ივნისი, 2015 • 1489
პარლამენტის პლენარული სხდომისთვის კვორუმი ვერ იკრიბება

რეგისტრაცია არ გაიარეს ”თავისუფალმა დემოკრატებმა”. ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, მიზეზი იმისა, თუ რატომ არ გაიარეს ”თავისუფალმა დემოკრატებმა” რეგისტრაცია, არის პოლიტიკური:

”თავისუფალი დემოკრატები ნამდვილად იმყოფებიან დარბაზში. მიზეზი იმისა, თუ რატომ არ გავდივართ რეგისტრაციას, გახლავთ ის, რომ აბსოლუტურად ყველას ამ ქვეყანაში აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია საარჩევნო რეფორმასთან მიმართებაში, მაგრამ თქვენ, ჩვენი კოლეგები და ხელისუფლება არ გვესაუბრებით ამ თემასთან მიმართებაში და ცდილობთ, საკუთარ თავზე მოირგოთ და გააგრძელოთ ის ტრადიციები, რა ტრადიციებიც იყო, და ზუსტად ამიტომ არ გავდივართ რეგისტრაციას,” – ასე მიმართა პარლამენტის ვიცესპიკერს, მანანა კობახიძესა და მის კოლეგებს ”თავისუფალი დემოკრატების” წევრმა.

 

გია ვოლსკის განცხადებით, გასაკვირი არ არის, რომ ხელისუფლებას და ოპოზიციას განსხვავებული პოზიციები აქვთ.

 

”ოპოზიციას და ხელისუფლებას რომ არ აქვთ მსგავსი პოზიციები, გასაგებია. თუნდაც საარჩევნო კოდექსი იყოს, თუნდაც ნებისმიერი სხვა რამ. რეგისტრაციის არგავლა, ეს არის ხელშეშლა და საბოტაჟი პარლამენტის საქმიანობის,” – აღნიშნა ვოლსკიმ და ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან პარლამენტში სტუმარდ მყოფ ბავშვებს ბოდიში მოუხადა.

 

შეგახსენებთ, რომ კვორუმის არარსებობის გამო პარლამენტის პლენარული სხდომა მაისშიც რამდენჯერმე ჩაიშალა.

 

პირველი რეგისტრაციის შედეგები

 

2

მასალების გადაბეჭდვის წესი