ხელოვნება

თანამედროვე ქართული საბავშვო ლიტერატურა – რას ირჩევს მკითხველი

29 მაისი, 2014 • • 7621
თანამედროვე ქართული საბავშვო ლიტერატურა – რას ირჩევს მკითხველი

წიგნის გამომცემლები და წიგნის მაღაზიის კონსულტანტები, რომლებიც “ნეტგაზეთს” ესაუბრნენ, ამბობენ, რომ წიგნის გაყიდვაზე გავლენას ახდენს რეკლამა და “შეფუთვა” – ილუსტრაციები და პოლიგრაფიული ხარისხი. წიგნის გამომცემლები ამბობენ, რომ ისინი ყველა ახალი წიგნის რეკლამაზე ზრუნავენ. ამის მიუხედავად, თანამედროვე ქართველ საბავშვო მწერლებს მყიდველი ნაკლებად იცნობს.

თანამედროვე ქართველ საბავშვო მწერლებს შორის ყველაზე მეტად გაყიდვადი მარიამ წიკლაურის ლექსების კრებულია. წიგნის მაღაზიების კონსულტანტებისა და გამომცემლობების განმარტებით, პოპულარულია თეა ლომაძის, თამრი ფხაკაძის, ვასილ გულეურის, დავით ჯავახიშვილის მოთხრობები და ლექსები.  

მარიამ წიკლაურის “ქართული ანბანი”, რომელიც “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” გამოსცა, არის ლექსების კრებული, რომელიც ქართული ანბანის თანრიგს მიჰყვება. ილუსტრირებულ წიგნში თითოეულ ასოზე თითოეული ლექსია დაწერილი. წიგნის მაღაზია “ბიბლუსის” კონსულტანტმა ეკა ალექსიშვილმა გვითხრა, რომ “ქართული ანბანს” ბევრი მყიდველი ყავს, რადგან მოსწავლეებს ეხმარება ანბანის შესწავლაში.

‘ქართული ანბანი’ მარიამ წიკლაურის ლექსების მიხედვითაა შედგენილი

“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” პროექტების მენეჯერი ნინო დემურია ამბობს, რომ თანამედროვე ქართველ საბავშვო მწერლებს შორის ბესთსელერი – მარიამ წიკლაურის “ქართული ანბანი” თვეში საშუალოდ 800 ცალი მიაქვთ გამომცემლობიდან.

შორენა ხუციშვილი, წიგნის მაღაზია “საუნჯე პლიუსის” დირექტორი ამბობს, რომ მის მაღაზიაშიც მარიამ წიკლაურის წიგნები იყიდება ყველაზე მეტად სხვა საბავშვო მწერლებს შორის. მისი თქმით, იმ მყიდველმა, რომელიც ანბანს ეძებს, დიდი შანსია, რომ ისევ მარიამ წიკლაურის წიგნი იყიდოს. “მაცნე პლუსში”  მარიამ წიკლაურის ლექსების კრებულის 5-7 წიგნი იყიდება დღეში, თუმცა ზოგჯერ შესაძლოა არც ერთი წიგნი გაიყიდოს, ამბობს შორენა ხუციშვილი.

 

ნინო დემურიამ გვითხრა, რომ მარიამ წიკლაურის წიგნების შემდეგ ასევე პოპულარული იყო ირმა მალაციძის “სატკბილეთის ქვეყანა”, რომელიც ამჟამად გაყიდვაში არ არის. გამომცემლობაში ფიქრობენ, რომ ეს წიგნი ხელახლა გამოსცენ.

 

დემურიას თქმით, ძველი თაობის საბავშვო მწერლებთან შედარებით თანამედროვე მწერლების ნაწარმოებებს ნაკლები მყიდველი ჰყავს, ხოლო წინა თაობის საბავშვო მწერლებს შორის ნოდარ დუმბაძის, გივი ჭიჭინაძის ლექსების კრებულებზე არის მოთხოვნა:

“მაინც უცნობი სახელები დიდად არ მოსწონთ. ყველას ურჩევნია, რომ გაგონილი სახელი და ცნობილი მწერალი შეიძინოს, ვიდრე ახალი.”

ეკა ალექსიშვილის თქმით, მასწავლებლები და თანატოლების რჩვევა დიდ გავლენას ახდენენ მოსწავლეების გადაწყვეტილება თუ რომელი წიგნი იყიდონ
ეკა ალექსიშვილის თქმით, მასწავლებლები და თანატოლების რჩვევა დიდ გავლენას ახდენენ მოსწავლეების გადაწყვეტილება თუ რომელი წიგნი იყიდონ

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, რატომ არ იცნობს ქართველი მკითხველი თანამედროვე საბავშვო მწერლებს, დემურიამ გვიპასუხა, რომ გამომცემლობა ყველა წიგნის რეკლამირებაზე ზრუნავს, ასევე, საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ატარებენ ვიქტორინებს, რათა მწერლების პოპულარიზაცია გაიზარდოს.

“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” ამჟამად თეა თოფურიას ზღაპრების წიგნის გამოცემაზე მუშაობს.

 

გამომცემლობა “დიოგენეს” წიგნის მაღაზიის გაყიდვების მონაცემებითაც ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა მარიამ წიკლაურის ლექსების კრებული. თუმცა ყველაზე მეტად თეა ლომაძის მოთხრობების წიგნი “წერილი ბოთლში” ლიდერობს. წიგნი 2010 წელსა გამოცემული “დიოგენეს” მიერ.

 

ანა ხატიაშვილმა, წიგნის მაღაზია “დიოგენეს” მენეჯერმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ თანამედროვე ქართველი მწერლებიდან უფრო მეტად პოეზია იყიდება, ვიდრე პროზა. “დიოგენეს” მაღაზიის გაყიდვების მიხედვით პოპულარულია ვასილ გულეურის ლექსების კრებული “მელაკუდას მაღაზია”. წიგნს ბარათების ფორმა აქვს, რომლის ერთ მხარეს ლექსი წერია, ხოლო მეორე მხარე ილუსტრაციებითაა გაფორმებული. “დიოგენეს” მაღაზიაშიც ლიდერობს მარიამ წიკლაურის ლექსები.

“ქართული გამოცემები გვაქვს, მაგრამ ძალიან უჭირთ გაყიდვა, ძირითადად იყიდება უცხოური ან კლასიკა, ამჯობინებს რომ იყიდოს ნაცნობი ავტორი, ვიდრე უცნობი, რომელიც მას არ წაუკითხავს”, – ამბობს ანა ხატიაშვილი.

ანა ხატიაშვილმა პოპულარულ წიგნებს შორის დაგვისახელა ნატო დავითაშვილის წიგნი “ლურჯი სუფრის მოცეკვავე’”. წიგნი ჯემალ ქარჩხაძის გამომცემლობამ გამოსცა. გამომცელობის გაყიდვების მენეჯერის, ელგუჯა მარიკაშვილის თქმით, ფენტეზის ჟანრი საქართველოში ნელ-ნელა ადგილს იმკვიდრებს. გამომცემლობამ პირველი წიგნი 2009 წელს გამოსცა, “როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან”. მას მოჰყვა “ამბავი ლილე იროელისა” (2010) და “ოთხი მხარე და ოთხი სვეტი” (2012).

 

“მზარდი მოთხოვნაა. თავიდან დიდი მოთხოვნა არ იყო. ნელ-ნელა ჟანრი პოპულარულობით სარგებლობს”,- გვითხრა ელგუჯა მარიკაშვილმა.

მაღაზიის “მაცნე პლუსი” დირექტორმა შორენა ხუციშვილმა გვითხრა, რომ მისი მაღაზიიდან წიგნები მიაქვთ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში: საგარეჯოს, სიღნაღის, ხონის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ბათუმში. მისი თქმით, საქართველოს რეგიონები სიახლის მიმართ არ არიან გახსნილნი, შესაბამისად, უფრო მეტად წინა თაობის საბავშვო ავტორებს, ნოდარ დუმბაძეს, რევაზ ინანიშვილს, ვაჟა-ფშაველას ანიჭებენ უპირატესობას.

“ბიბლუსის” მაღაზიის კონსულტანტმა ეკა ალექსიშვილმა გვითხრა, რომ თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე მაღაზიაში ყველაზე მეტად იყიდება მარიამ წიკლაურის ლექსების კრებული, დღეში სამი ცალი შეიძლება გაიყიდოს. ასევე – დავით ჯავახიშვილის “ბიძია სევას ამბები” და თეა ლომაძის “წერილი ბოთლში” და “პალომა – უცნაური მეფის ასული”.

ეკა ალექსიშვილის თქმით, მასწავლებლები და თანატოლების რჩვევა დიდ გავლენას ახდენენ მოსწავლეების გადაწყვეტილებაზე, თუ რომელი წიგნი იყიდონ. მაგალითად, დავით ჯავახიშვილის “ბიძია სევას ამბებს” სწორედ მასწავლებლების რეკომენდაციით ყიდულობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი