ხელოვნება

კულტურის სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივა კულტურულ მემკვიდრეობაზე

29 მარტი, 2013 • • 1104
კულტურის სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივა კულტურულ მემკვიდრეობაზე

ამის შესახებ კულტურის მინისტრის მოადგილემ ძეგლთა დაცვის საკითხებში მარინე მიზანდარმა 27 მარტს “ტფილისის ჰამქარის” მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე განაცხადა. დისკუსია  ურბანული მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო და მმართველობით პრობლემებს შეეხებოდა.

 

გუდიაშვილის სკვერი
გუდიაშვილის სკვერი

საკანონმდებლო ინიციატივა  “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ”  კანონიდან   მეხუთე პრიმა მუხლის (“კულტურული მემკვიდრეობის აღრიცხვა, კლასიფიკაცია, მისთვის სტატუსის მინიჭება და მოხსნა საქართველოს დედაქალაქის – თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში”) ამოღებას გულისმობს, რაც კულტურის სამინისტროს დედაქალაქის კულტურული მემკვიდრეობის განკარგვის საკითხებში დაკარგულ უფლებამოსილებას დაუბრუნებს.

 

კულტურული მემკვიდრეობის კანონი 2008 წელს საქართველოს მთავრობის ინიციატივით შეიცვალა.

 

“თუ 2008 წლამდე კულტურული მემკვიდრეობის საკითხები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მთლიანად კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კომპეტენცია იყო, დედაქალაქის შემთხვევაში დაშვებულ იქნა გამონაკლისი და თბილისის ტერიტორიაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებულ  საკითხებში გადაწყვეტილებების მიღების სრული უფლებამოსილება თბილისის მერიას გადაეცა”, – განმარტავს მარინე მიზანდარი – “ამის განსახორციელებლად შემუშავდა კანონის დამატებითი თავი (“მეხუთე პრიმა” –V1). გარდა ამისა, ყველგან, სადაც განსაზღვრულია კულტურის სამინისტროს უფლებამოსილება კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე, კანონს დაერთო დამატება – გარდა თბილისის ტერიტორიისა”.

 

“ეს არ ნიშნავს, რომ დამატებითი უფლებამოსილების მინიჭებით  თვითმმართველობის გაძლიერება სამართლიანად მოხდა,” – აცხადებს მარინე მიზანდარი – “ეს არის კულტურული მემკვიდრეობის მართვის პრინციპის, თვითმმართველობის საერთაშორისო ქარტიისა და პარიტეტული პრინციპის სრული დარღვევა – რატომ უნდა ჰქონდეს თბილისის თვითმმართველობას კულტურული მემკვიდრეობის განკარგვის უფლება და რატომ არა საქართველოს ნებისმიერი სხვა ქალაქის თვითმმართველობას?”

 

მარინე მიზანდარის განმარტებით, თბილისის მერია ამ მხრივ გამორჩეული არაფრით არ უნდა იყოს. ეს პროცესი თანმიმდევრულად მთელ საქართველოში უნდა განხორციელდეს.


საკანონმდებლო ცვლილების მიზნებს მარინე მიზანდარი ასე განმარტებისას:


“ეს მოხდა იმისთვის, რომ შემდეგ განუკითხავად, ერთპიროვნულად თბილისის მერიას გადაეწყვიტა სტატუსის მოხსნის და მინიჭების, აგრეთვე, დანგრევისა და შენების საკითხები თბილისის ძეგლებზე. ეს არის მიუღებელი თვით ყველაზე განვითარებული თვითმმართველობის კონტექსტისთვისაც კი, და ეს გაკეთდა მიზანმიმართულად”.  

 

მისივე თქმით, – “ისეთ სახელმწიფოებშიც კი, სადაც თვითმმართველობის ორგანები ყველაზე განვითარებულია, მაგალითად, სკანდინავიის სახელმწიფოები ავიღოთ, კულტურული მემკვიდრეობის მართვის საკითხები თვითმმართველობის ორგანოებზე ყოველთვის მხოლოდ დელეგირებულია”.


 

ეს კი ნიშნავს, რომ კულტურული მემკვიდრეობის მართვის საკითხებს კულტურის სამინისტრო გადასცემს თვითმმართველობების ორგანოებს, თუმცა ინარჩუნებს გადამწყვეტ უფლებამოსილებას. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ  თვითმმართველობის რომელიმე ორგანო არ აღმოჩნდება ინსტიტუციურად მზად ამ რთული მოვალეობის შესასრულებლად, კულტურის სამინისტრო იყენებს ბერკეტს, მიმდინარე პროცესები შეაჩეროს.

 

მარინე მიზანდარის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, თბილისის მერია უფლებამოსილების დელეგირებისთვის მზად არ არის და ამას თბილისში წლების მანძილზე მიმდინარე პროცესები მოწმობს.

 

გუდიაშვილის 1/აბესაძის 23
გუდიაშვილის 1/აბესაძის 23

“ჩვენ ჯერ არ ვართ დეცენტრალიზებული სახელმწიფო და ჯერ არ გვაქვს კულტურული მემკვიდრეობის მართვისთვის ინსტიტუციურად მზა თვითმმართველობის ორგანოები – თბილისის თვითმმართველობას არ ჰყავს სათანადო კადრები ან დეპარტამენტი, არ არის ამისთვის გამოყოფილი სათანადო ბიუჯეტი,” – ამბობს კულტურის მინისტრის მოადგილე.

 

მარინე მიზანდარის განმარტებით, როდესაც რამდენიმე წელიწადში დეცენტრალიზაცია მოხდება, თვითმმართველობის ორგანოები კი მთელი საქართველოს მასშტაბით ინსტიტუციურად მომზადდებიან კულტურული მემკვიდრეობის მართვის საკითხების შესათავსებლად,  თანდათან მართვის დელეგირება მოხდება თვითმმართველობის ორგანოებზე.

 

ამ პროცესს, მინისტრის მოადგილის თქმით, წლები დასჭირდება. მისივე ცნობით, კონცეფციაზე – თუ როგორ უნდა მომზადდეს თვითმმართველობის ორგანოები ამ უფლებამოსილების გასაზიარებლად და რა ფორმით მოხდება ეს, კულტურის სამინისტრო უკვე მუშაობს და ის მზად, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს ექნება.

 

ამ საკანონმდებლო ინიციატივით გამოსვლისაკენ კულტურის სამინისტროს მოუწოდებდა “ტფილისის ჰამქარიც” გასული წლის ნოემბერში გავრცელებული ღია წერილით:

 

“კულტურის სამინისტროს მიერ დაწყებულ იქნას მუშაობა კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის უმთავრესი მიზანიც უნდა იყოს სამინისტროს პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გაზრდა თბილისის ტერიტორიაზე არსებულ ურბანულ და არქიტექტურულ ძეგლებზე,” – წერია მიმართვაში.

 

პროექტი იმელის უკან
პროექტი იმელის უკან

საერთაშორისო ექსპერტების იგივე რეკომედაცია გაახმიანა თავის პრეზენტაციაში 27 მარტს “ICOMOS საქართველოს” წარმომადგენელმა ნატო ცინცაბაძემ 27 მარტს გამართულ დისკუსიაზე “ურბანული მემკვიდრეობა – საკანონმდებლო და მმართველობითი პრობლემები”, სადაც კულტურული მემკვიდრეობის კანონში არსებული ხარვეზები და მათი გადაჭრის გზები განიხილებოდა:

 

“2008 წელს მიღებული ამ კანონის გაუქმება არის გადაუდებელი ღონისძიება” – ნათქვამია კვლევის დასკვნაში, რომელიც პროექტ “რეგიონალური თანამშრომლობის კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის” ფარგლებში ჩატარდა.

 

ICOMOS–ის წარმოდგენლის თქმით,  ეს დასკვნა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის კანონის სხვა ხარვეზებზეც მიუთითებს:


“კანონი ვრცელი და ამბიციურია, თუმცა აკლია კარგად ფოკუსირება ტერიოტორიულ ძეგლებზე… ტექსტი ძალიან მრავალსიტყოვანია, რაც უამრავ ინტერპრეტაციას იწვევს”.

 

დასკვნის მიხედვით, ძალიან სუსტია კანონის პასუხისმგებლობის ჩარჩოც კანონდარღვევის შემთხვევაში. რეკომენდაცია კი სასამართლო გარჩევების პრაქტიკის დამკვიდრებასა და პასუხისმგებლობისა და კონკრეტული დასჯის საკითხის ჩამოყალიბებაში მდგომარეობს.

 

კანონის ტერმინოლოგიურ პრობლემებსა და ბუნდოვანებას გაუსვა ხაზი დისკუსიაზე ურბანისტმა ლადო ვარდოსანიძემაც და ისეთი ტერმინების საეჭვოებაზე ისაუბრა, როგორიცაა – ისტორიული არეალი, შეუსაბამო ობიექტი, ძეგლის გადაკეთება, განუმარტებელი ტერმინები.

 

ლადო ვარდოსანიძის აზრით, “სუსტი და ბუნდოვანია არქეოლოგიური ღირებულების განსაზღვრებაც – 100 წელზე უფრო ძველი”, – რომლის თანახმადაც, 1912 წლის განაშენიანება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, 1914 წლისა კი – არა.

 

თუმცა 27 მარტს გამართულ დისკუსიაზე გამოთქმული შენიშვნები კულტურის სამინისტროს მიერ მომზადებულ პროექტში გათვალისწინებული არ არის და ისევ და ისევ მხოლოდ “მეხუთე პრიმა” თავის ამოღებას გულისხმობს.

 

ქალაქ თბილისის მერია კულტურის სამინისტროს მიერ მომზადებულ ამ საკანონმდებლო ცვლილებაზე საუბრისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ განცხადებებს მხოლოდ მისი დამტკიცების  შემთხვევაში გააკეთებს.

 

კანონში ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, ერთადერთ კომპეტენტურ უწყებად კულტურული მემკვიდრეობის მართვის სფეროში დროებით კულტურის სამინისტრო დარჩება.

 

დღევანდელი მდგომარეობით, თბილისში  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მიმდინარე ნგრევებსა თუ მშენებლობებზე კულტურის სამინისტროს არანაირი უფლებამოსილება არ აქვს.

 

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, შევა თუ არა კულტურის სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტი საკანომდებლო ორგანოში – ის სამინისტრომ ჯერ მთავრობას უნდა წარუდგინოს მომავალი კვირის ბოლოს, ხოლო თუკი მთავრობა მოიწონებს, საკანონმდებლო ინიციატივა განსახილველად პარლამენტში შევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი