ახალი ამბები

ომბუდსმენი კონფლიქტის ზონაში გაუჩინარებულთა საქმეების გამოძიებას ითხოვს

20 მარტი, 2013 • • 1060
ომბუდსმენი კონფლიქტის ზონაში გაუჩინარებულთა საქმეების გამოძიებას ითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, წლებია მათ მიმართავენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტისას და მომდევნო პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული ეთნიკურად ოსი პირების ადგილსამყოფელის დადგენასა და გაუჩინარების ფაქტების ეფექტურ გამოძიებას ითხოვენ. ამასთან ფიქსირდება ფაქტებიც, რომელიც უკანასკნელ წლებში გაუჩინარებულ საქართველოს მოქალაქეებს ეხება.

 

კერძოდ, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ეთნიკურად ოსი  რატიკ ისაევის ცხედრის მოძებნის დახმარების თხოვნით მიმართეს.

 

“ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რატიკ ისაევი ბოლო, 2008 წლის აგვისტოში ნახეს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ კარალეთში, ვინმე თენგიზ გაბარევთან ერთად. თენგიზ გაბარევი გადარჩა და შემდეგ ის ტყვეებში გაცვალეს. არსებული ინფორმაციით, რატიკ ისაევი მოკლეს, მაგრამ სად დაკრძალეს, უცნობია”, – ნათქვამია ომბუდსმენის ოფისის 20 მარტის განცხადებაში.

 

ომბუდსმენისვე განცხადებით, 2008 წლის აგვისტოში გარდაცვლილ ან დაკარგულ პირთა, ასევე, კონკრეტულად რატიკ ისაევის შესახებ ინფორმაციის მოძიების მიზნით 2013 წლის 14 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა წერილობით მიმართა რეინტეგრაციების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს.

 

2013 წლის 5 მარტს რეინტეგრაციების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა სახალხო დამცველს წერილით აცნობა, რომ მოქალაქე რატიკ ისაევის შესახებ რეინტეგრაციების საკითხთა სამინისტროსთვის არაფერია ცნობილი. მათთან არსებული ინფორმაციით, უგზო–უკვლოდ დაკარგულთა სიაში ირიცხება რასტიკ იკაევი, რომლის საქმე გადაეგზავნა პროკურატურას.

 

საქართველოს რეინტეგრაციების საკითხთა სამინისტროს აღნიშნული წერილით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ასევე ეცნობა, რომ 2008 წლის აგვისტო–ოქტომბერში უგზო–უკვლოდ დაკარგულთა სიაში ასევე ირიცხებიან: სულტან პლიევი, ალან ხაჩიროვი, ალან ხუგაევი, თამაზ კაბისოვი და აირბეკ თედეევი.

 

რეინტეგრაციების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ცნობით, ზემოაღნიშნულ პირებზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, მისი ოფისისთვის ასევე ცნობილია, რომ 2007 წლის თებერვალში უგზო–უკვლოდ გაუჩინარდა გალის აფხაზური ადმინისტრაციის თანამშრომელი დავით სიგუა, ხოლო დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეები- დავით ცინდელიანი (2008 წლის 16 აგვისტო) და  პაატა ქარდავა (2008 წლის 27 აგვისტო).

მასალების გადაბეჭდვის წესი