ხელოვნება

მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს სიყალბის გარდა

10 დეკემბერი, 2012 • • 2548
მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს სიყალბის გარდა

ფილმი ნამდვილი საიუბილეო მიძღვნაა, კინოსადმი ერთგვარი სიყვარულის ახსნა, რომელიც მთლიანად მსხვილ ხედებზე და ადამიანთა ცოცხალ რეაქციებზეა აგებული.  მახმალბაფს არ აინტერესებს თავისი „პერსონაჟები“ რეალურ ცხოვრებაში, ის მათ ემოციებს აკვირდება და აღბეჭდავს კამერის საშუალებით. მახმალბაფის აგრესიულობაც ამ რეაქციების მაპროვოცირებელია – ის არ თვალთმაქცობს, არ ეფერება ბედის საცდელად მოსულ ადამიანებს, რომლებსაც ცოტა ხნის მერე გულგრილად ეტყვის – ახლა მიბრძანდით, თქვენი ფუნქცია  უკვე შეასრულეთო.


თინათინ გურჩიანის დოკუმენტური ფილმი „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს“, რომელიც თბილისის მე–13 საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ქართულ ფილმად აღიარეს,  თავდაპირველად ძალიან წააგავს მახმალბაფის „კინომისალმებას“. სტატიკური კამერის წინ მდგარი ბედის მაძიებლები საკუთარ თავს წარადგენენ. მაგრამ უკვე პირველი თვალშისაცემი განსხვავება კადრის არჩევანშია – მახმალბაფისგან განსხვავებით, თინა გურჩიანი საშუალო ხედს ანიჭებს უპირატესობას. ახლოს არ მიდის, გარკვეულ დისტანციას ინარჩუნებს. სამაგიეროდ მათ ისტორიებს მიჰყვება, ცდილობს, მათი ყოველდღიური ყოფისა და გარემოს მიხედვით უკეთ გაგვაცნოს ისინი. თუმცა მხოლოდ რაღაც დოზით – ის, რაც ფილმის ზოგადი ანტურაჟის „საშუალო ხედს“ ჭირდება. ფილმის გმირების უმეტესობის ცხოვრება რთული და მძიმეა – გაჭირვება, სიღარიბე, უმუშევრობა… ეს ის ფონია, რომელიც რეალური პერსონაჟების ფრაგმენტული ისტორიების სახით გასდევს ფილმს. არადა, როგორ გინდა, ამ ისტორიების გაგრძელება ნახო, გაიგო რა ბედი ეწია, მაგალითად, 13 წლის ბიჭის მამას, რომლის ოპერაციის მოლოდინში მეზობლისგან ნათხოვარი მობილურის გარშემო შემომსხდარი ოჯახის ეპიზოდი, ჩემი აზრით, საუკეთესოა ფილმში. ან გამოუცხობს თუ არა დედა დაბადების დღეზე ნამცხვარს ამ ბიჭს, რომელსაც წითელქუდას როლის შესრულება უნდა ყველაზე მეტად, რადგან ეს მისი საყვარელი ზღაპარია…

 

ზედმეტად ყოფითი დეტალებია? ალბათ. მაგრამ თუ გადაწყვიტე, აჩვენო შენი გმირის ყოფის ატმოსფერო, ამ დეტალებით უნდა ააგო, ბოლომდე უნდა შეხვიდე მასში და შუა გზაზე არ მიატოვო – გმადლობ, თქვენი ფუნქცია ამოწურულიაო. თინა გურჩიანის ფილმში ადამიანის ბედით დაინტერესება მხოლოდ ზედაპირული და ფრაგმენტულია. ისე გადადიხარ ერთი გმირიდან მეორეზე,  რომ  წინა საერთოდ გავიწყდება.

 

„ფილმის რეჟისორი კასტინგს აცხადებს 15-23 წლის ახალგაზრდებისთვის. განცხადებას ბევრი ხალხი ეხმაურება: ზოგს თავისი სენტიმენტალური ისტორიების გაზიარება უნდა, ზოგი კი მიზნების მისაღწევად იკრებს ძალას. ფილმი იმის შესახებაა, თუ რა მშვენიერი (და რთული) შეიძლება იყოს ცხოვრება, როცა გმირად გახდომაზე ოცნებობ. ამ ფილმის პროტაგონისტები ცხოვრობენ და გმირობაზე ოცნებობენ, რეალობას გაურბიან ან თავაწეულები ხვდებიან მას. ისინი არიან მოხუცები და ძალიან ახალგაზრდები, ვინც ახლა იწყებს ცხოვრებას. მაგრამ მათ ძიების პოეზია აერთიანებს“ – ვკითხულობთ ფილმის ანოტაციაში. 

 

პროტაგონისტები მართლაც ბევრი და ერთმანეთისგან განსხვავებული არიან. არ ვიცი, რამდენდ აერთიანებთ მათ „ძიების პოეზია“ – ეს პოეზია მე ვერ დავინახე, მაგრამ ნამდვილად აერთიანებს მათ მიმართ რეჟისორის დამოკიდებულება –ირონიული, ცოტა აროგანტული, ოღონდ თანაგრძნობით და დაყვავების ინტონაციით შენიღბული.
ისევ „სალამ, სინემას“ დავუბრუნდები, სადაც არის ერთი ხანგრძლივი ეპიზოდი, როდესაც რეჟისორი ორ მეგობარ გოგოს ცდის. მათ ხან აიძულებს, რომ იტირონ, ხან – იცინონ, აყენებს რთული არჩევანის წინაშე – თანამონაწილის სასრგებლოდ დატოვონ კასტინგი, უკვე გაშვებულს უკან აბრუნებს… მოკლედ, ნამდვილი ტირანია. მოულოდნელად მახმალბაფი როლებს ცვლის – გოგონებს თავის ადგილას სვამს და ავალებს, გააგრძელონ კასტინგი. გოგონები კამერის/მზერის/კითხვის დასმის პრეროგატივას უცებ მოირგებენ და თვითონაც ისეთივე მკაცრად უყენებენ პირობებს კონკურსანტებს, ანუ კინო ძალაუფლების თავისებური ფორმაა, რომელიც ადამიანით მანიპულირების საშუალებას გაძლევს. თუმცა ფილმის ყურებისას თანდათან აღმოაჩენ, რომ რეჟისორისა და კასტინგზე მოსული ახალბედების ურთიერთობა მაინც არ არის მკაცრად იერარქიული, ტიპური „დაკითხვა“, არამედ კამერის იქით და აქეთ მდგარი სხვადასხვა პოზიციების მქონე ადამიანების დიალოგი, კომუნიკაცია – მსახიობები ხან ხალისით თანხმდებიან რეჟისორის მიერ მიცემული დავალების შესრულებას, ხან ღიზიანდებიან, ბრაზდებიან კიდევაც, კამათობენ, თავიანთ სიმართლეს იცავენ…

 

ფილმის „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს“ მონაწილეები მოკლებულნი არიან ამ ორმხრივ ურთიერთობას. მათთვის რეჟისორს უბრალოდ დრო არ რჩება, მაშინ, როდესაც ბოლომდე იყენებს კამერის ძალაუფლებას, ტკბება ამ ძალაუფლებით.

 

ფილმი რამდენიმე ფესტივალზე უკვე უჩვენეს, ამჯერად სანდენსზეა მიწვეული. დარწმუნებული ვარ, მას წინ კიდევ ელის წარმატებები, თუნდაც იმიტომ, რომ დასავლეთს ჯერ კიდევ არ მობეზრებია ეგზოტიკის ყურება და ამით საკუთარი უპირატესობისა თუ ძალაუფლების განცდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი