საზოგადოება

ბეჭდური პრესის სიძულვილის ენა

21 დეკემბერი, 2011 • 3242
ბეჭდური პრესის სიძულვილის ენა

რა აჩვენა კვლევამ ქართულ ბეჭდურ მედიაში სიძულვილის ენის გამოვლენასთან დაკავშირებით?

ქართულ ბეჭდურ მედიაში ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების მისამართით გამოხატული სიძულვილის ენის გამოვლენას „ინტერნიუსი-საქართველოს“ თანამშრომლები იკვლევდნენ.

„ინტერნიუსი-საქართველომ” მონიტორინგისთვის სულ 12 საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების გაზეთი – “რეზონანსი”, “ალია”, “კვირის ქრონიკა”, “ახალი თაობა”, “ვერსია”, “კვირის პალიტრა”, “ასავალ-დასავალი”, “24 საათი” და “Weekend’, “პრაიმტაიმი”, “ბათუმელები”, “სამხრეთის კარიბჭე” (ახალციხე)  და “ახალი გაზეთი”  (ქუთაისი)– შეარჩია.

აღნიშნული მონიტორინგის მეორე კვარტალური ანგარიში (1 სექტემბერი – 30 ნოემბერი 2011 წელი)– ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების გაშუქება პრესაში– მხარდაჭერილია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის მიერ.

მონიტორინგის მიხედვით, “24 საათი”, “რეზონანსი”, “ბათუმელები”, “ახალი თაობა” და “კვირის პალიტრა” უმცირესობების თემატიკის გაშუქებისას შედარებით დაბალანსებულია;

სექტემბერ-ნოემბრის მონიტორინგის პერიოდში ეთნიკურ, რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებული სულ 76 სტატია გაანალიზდა.

ყველაზე მეტი სტატია ასავალდასავალში”, “ახალ თაობასა” დარეზონანსში” დაიბეჭდა.

მონიტორინგის შედეგების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ პრაიმტაიმს” და “ბათუმელებს” რაოდენობრივად “კვირის პალიტრაზე”,, “ვერსიაზე”, “ალიაზე”‘, “კვირის ქრონიკაზე”, “24 საათზე” დარეზონანსზე” ნაკლები სტატია აქვთ გამოქვეყნებული, სტატიებისთვის დათმობილი ფართობის მიხედვით ისინი ყველა ამ გამოცემას უსწრებენ.

მონიტორინგის პერიოდის განმავლობაში ყველაზე ხშირად ნეგატიურ ტონში ეთნიკური უმცირესობები შუქდებოდა. ნეგატიურ ტონში გაშუქებული მასალების 65% სწორედ ეთნიკურ უმცირესობებს ეხებოდა, 35%-ის შემთხვევაში კი ნეგატიურად სექსუალური უმცირესობები გაშუქდა. რელიგიური უმცირესობები არც ერთხელ არ გაშუქებულა ნეგატიურ ტონში.

ნეიტრალურ ტონში გაშუქებული მთელი მასალების 49% სექსუალურ უმცირესობებზე მოდის, 40% – ეთნიკურ უმცირესობებზე, 11% კი – რელიგიურ უმცირესობებზე.

მონიტორინგის პერიოდში სექსუალური უმცირესობებიდან პრესის ყველაზე დიდი ყურადღება ტრანსსექსუალებს დაეთმოთ (40%). 38%-ის შემთხვევაში სტატიებში საუბარი გეებზე იყო, 22%-ის შემთხვევაში კი – ზოგადად ლგბტ ჯგუფებზე.

კვლევის თვისობრივი ანალიზის შედეგების მიხედვით, ქართულ პრესაში უმცირესობების გაშუქების სიხშირე უმეტეს შემთხვევაში დაკავშირებულია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან.

“ამის ნათელი დადასტურება იყო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენა. ეს მოვლენა საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ქართულ მედიას მოედუნებინა ყურადღება უმცირესობებისადმი. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ქართულმა პრესამ გაზეთის ფურცლები თითქმის სრულად დაუთმო ივანიშვილთან დაკავშირებულ პერიპეტიებს, რამაც ასახვა ჰპოვა უმცირესობების თემების გაშუქების სიხშირეზე. ისეთი მედიასაშუალებებიც კი, რომლებიც ყველაზე ხშირად ახდენენ ჰომოფობური და ქსენოფობური სტატიების ტირაჟირებას, ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ გაზეთის ფურცლებს თითქმის სრულად უთმობდნენ პოლიტიკურ პროცესებს,”–ნათქვამია კვლევაში.

ეთნიკური უმცირესობები

მონიტორინგის მეორე კვარტალის მონაცემების თანახმად, აღნიშნულ პრესაში ეთნიკური უმცირესობების გაშუქებისას ყველაზე მეტი ყურადღება სომხებს და აფხაზებს დაეთმოთ. აფხაზებთან დაკავშირებით მედიის მხრიდან დაინტერესება ძირითადად სოხუმის დაცემის 20 წლისთავით იყო განპირობებული და გამოყენებული ტონი უმრავლეს შემთხვევებში ნეიტრალური ან იშვიათ შემთხვევაში პოზიტიური იყო.

რაც შეეხება სომხების გაშუქების ტონს, კვლევამ აჩვენა,  რომ “სომეხი” მაინც რჩება ყველაზე ხშირად გამოყენებულ სალანძღავ ტერმინად. განსაკუთრებით ქსენოფობური განცხადებების ადრესატები კი უმეტეს შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლები იყვნენ.

“სომეხს” ყველაზე ხშირად მოიხსენიებენ სალანძღავ ტერმინად და რობერტ სტურუას განცხადებამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ეთნიკურ წარმომავლობასთან დაკავშირებით აღნიშნული ტენდენცია კიდევ უფრო გააძლიერა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ქართული პრესის ნაწილი არა მხოლოდ უშუალოდ ეთნიკური უმცირესობების მიმართ ახდენს სიძულვილის ენის გამოყენებას, საკმაოდ ხშირად სომხეთის, რუსეთის და აზერბაიჯანის ხელისუფლებაზე, საეკლესიო პირებსა თუ უბრალოდ სახელმწიფოზე  საუბრისას, როგორც რესპონდენტები, ასევე ჟურნალისტები საზოგადოებაში ნეგატიური სტერეოტიპების გაძლიერებას უწყობენ ხელს,”–აღნიშნულია კვლევაში.

მონიტორინგის პერიოდში რეგიონულ მედიაში უმცირესობების თემასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სტატიები მცირეა – სამი თვის განმავლობაში ეთნიკურ უმცირესობებზე რეგიონულმა მედიამ მხოლოდ 5 სტატია გამოაქვეყნა.

რელიგიური უმცირესობები

ეთნიკურ და სექსუალურ უმცირესობებთან შედარებით, მონიტორინგის პერიოდში რელიგიურ უმცირესობებს ნაკლები ყურადღება დაეთმოთ. გაშუქების ტონი ყველა შემთხვევაში ნეიტრალური იყო.

სექსუალური უმცირესობები

მონიტორინგის მიხედვით, სექსუალური უმცირესობების თემა იშვიათად ხდება პოლიტიკური განხილვის საგანი და საილუსტრაციოდ კვლევაში ბიძინა ივანიშვილის პირველი პრესკონფერენციაა მოყვანილი, სადაც  რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებით მან განცხადება გააკეთა.

“ივანიშვილის მხრიდან ცალსახად თამამი განაცხადი იყო. თუმცა აღნიშნული განცხადების მიმართ პრესის ინტერესი მხოლოდ პრესკონფერენციის ბეჭდური ვერსიის გამოქვეყნებით შემოიფარგლა და ისიც მხოლოდ ორი მედიასაშუალების ფარგლებში. ასევე, პრესის ყურადღების მიღმა დარჩა ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც სექსუალური უმცირესობების მიმართ საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ რეკომენდაციეებს ეხებოდა. “აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გაზეთ “კვირის ქრონიკასთან” ინტერვიუში “წმიდა გიორგის სადროშოს” თავმჯდომარე მამა ელიზბარმა განცხადება გააკეთა, რომელიც ევროკავშირსა და მის ინსტიტუციებს გეებისა და ლესბოსელების უფლებების დაცვის გამო “ქართული მართლმადიდებლობის” მტრად აცხადებს”.

მედიასაშუალებებში სექსუალური უმცირესობების მისამართით წარმოდგენილი ჰომოფობური განცხადებები, როგორც წესი, უკავშირდება: ქვეყნის გარყვნას, ქართველების გადაგვარებას და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლას.

ყველაზე ხშირად გამოყენებული სალანძღავი ტერმინია “პედერასტი”, რომელსაც არცთუ იშვიათად სექსუალური კონოტაციის გარეშე იყენებენ. ასევე მონიტორინგის პერიოდში არაერთხელ იქნა გამოყენებული ტერმინები: “ჰერმოფროდიტი”, “ტრანსსექსუალიზმი”, “ჰომოსექსუალისტები”, “ლიბერასტები”, “მიშარასტი”. “სომეხთან” ერთად, მონიტორინგის შედეგების მიხედვით, “პედერასტი” ყველაზე ხშირად გამოყენებული სალანძღავი ტერმინია ქართულ პრესაში,”–აღნიშნულია კვლევის შედეგებში.

კვლევამ აჩვენა, რომ რამდენიმე გაზეთის გამოკლებით, ქართულ პრესაში არსებობენ მედიაგამოცემები, რომლებიც დაბალანსებულ და ჟურნალისტურ სტანდარტებთან შესაბამის გაშუქებას გვაწვდიან უმცირესობების თემებთან დაკავშირებით. გამოცემები: 24 საათი, რეზონანსი”, ბათუმელები, ახალი თაობა, კვირის პალიტრა,პრაიმტაიმი, და “სამხრეთის კარიბჭე” უმცირესობების თემატიკის გაშუქებისას საკმაოდ დაბალანსებულია და თითქმის არ ახდენენ სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების გავრცელებას.

ზოგადად კი, ქართული პრესის მონიტორინგმა აჩვენა, რომ ქართულ პრესაში უმცირესობების მიმართ ჰომოფობური და ქსენოფობური დამოკიდებულების არაერთ გამოვლინებას აქვს ადგილი და საქართველოში ჯერ კიდევ დგას შემწყნარებლობის და განსხვავებულობის მიღების პრობლემა.

შეგახსენებთ, ზემოთმოყვანილი მონაცემები და შეფასებები მედიის სამი თვის მონიტორინგის შედეგია.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი