ახალი ამბები

ივანიშვილი ქონების დაბრუნების საკითხზე: ერთ წელიწადში ვერ დალაგდება ეს ყველაფერი

4 ივნისი, 2015 • • 1357
ივანიშვილი ქონების დაბრუნების საკითხზე: ერთ წელიწადში ვერ დალაგდება ეს ყველაფერი

“საკმაოდ რთული პროცესია. ჩვენ ძალიან ბევრს ვემზადებოდით. მე მახსოვს ჩემი პერიოდი, რომ განცხადებებს ვაკეთებდით, ორგანიზებას ვაპირებდით და დავიწყეთ კიდეც. ძალიან გაჭიანურდა და საზოგადოებაც გადაიღალა, მგონი. გარწმუნებთ, რომ მე საქმის კურსში ვარ ამ პროცესების დალაგებაში,” – განაცხადა ივანიშვილმა.


მისი თქმით, ამ მხრივ, სასამართლოს კიდევ ბევრი საქმის გადახედვა მოუწევს:


“პროკურატურამ ბევრი იმუშავა, სასამართლოსაც მოუწევს კიდევ ბევრი საქმეების გადახედვა და განსაჯვა. მთავარია, რომ დაიწყო პროცესი. როგორც იქნა, დავიწყეთ, დაგვიანებით, მაგრამ მაინც. რა თქმა უნდა, კითხვები დარჩება და დარჩება დამატებით. აქტიურობა უნდა იყოს საზოგადოების მხრიდან.”


როგორც ივანიშვილი ამბობს, სრულფასოვანი და იდეალური სამართლიანობის აღდგენა, ალბათ, ვერ მოხდება: “მაგრამ მოხდება ძალიან დიდი ნაწილის. გაუგებრობები, ამას ვერ ავცდებით, დარჩება. უკმაყოფილებაც დარჩება, ალბათ. მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა იმ დარღვევებზე და უსამართლობებზე, რაც მოხდა წინა ხელისუფლების მმართველობის დროს, იმედია, რომ დალაგდება. მივადევნოთ თვალყური ამ პროცესებს.”


ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, ბიუჯეტს აქვს წარმოდგენა ამ საკითხის მოსაგვარებლად და ბევრს ძალიან სწრაფად დაუბრუნდება წართმეული ქონება:


“ძალიან სწრაფად დაუბრუნდება ბევრს, რაც წართმეული აქვს ბევრს, ფინანსური ან მატერიალური ქონების სახით, რომელიც მთავრობის მფლობელობაშია. სხვა დანარჩენი წლების განმავლობაში ბიუჯეტს აქვს წარმოდგენა, როგორ უნდა მოხდეს. არ არის გამორიცხული, რომ ძვირფასი ქონება ობლიგაციების დონეზე რამდენიმე წლის განმავლობაში გაიწელოს გადახდა. მივადგებით, რამდენად ძვირიფასი და რამდენმილიონინია წართმეული ქონება, თანაც რამდენიმე პიროვნება არის ერთი და იგივე ქონებაზე დაზარალებული. ხდებოდა ისე, რომ სახელმწიფო წაართმევდა ერთს, მერე გადასცემდა მეორეს, ეს მეორე გადასცემდა და კიდევ ორჯერ და სამჯერ მეორდებოდა. ერთ წელიწადში ვერ დალაგდება ეს ყველაფერი, ბიუჯეტი და ფინანსების მხრიდან დროშია გაწელილი ეს ყველაფერი. მთვარია, რომ ადამიანებმა იგრძნონ ყურადღება და მათ დაუბრუნდებათ წართმეული.”

მასალების გადაბეჭდვის წესი