ახალი ამბები

შალვა აბულაძის მეგობრის ოჯახი სამართალდამცავების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს

10 აპრილი, 2015 • 1786
შალვა აბულაძის მეგობრის ოჯახი სამართალდამცავების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს

როგორც დაკავებული რამინ მამედოვის ძმა, მიხეილ მამედოვი აცხადებს, მის ძმას ნარკოტიკები ჩაუდეს და ახლა მასაც ემუქრებიან:

 

“ან შალალო აირჩიე, ან წამალიო, ორიდან ერთიო. ადამიანმა, რომელმაც არ იცის შალალო აბულაძის ადგილსამყოფელი, ე.ი წამალი გამოდის, ხო? წამალი ჩაუდეს. მეც მემუქრებიან, რომ წამალს ჩაგიდებთ და მთელ შენ ცხოვრებას გაატარებ ციხეშიო,”– განაცხადა მიხეილ მამედოვმა ტელეკომპანია “რუსთავი 2–ის” ეთერით.

 

 რამინ მამედოვის დედა, თამილა მამედოვი კი ამბობს, რომ დაჭერით ოჯახის ყველა წევრს ემუქრებიან:

 

“მითხრეს, რომ თუ შენი შვილი, ან შენი ოჯახი შალვა აბულაძის ადგილსამყოფელს არ მეტყვით, თქვენს ოჯახს მოვსპობთ, შენს მეორე ბიჭსაც ავიყვანთ, მეუღლესაც და პირადად მეც დამემუქრნენ,”– განაცხადა თამილა მამედოვმა “რუსთავი 2–ის” ეთერში.

 

შსს-ს ინფორმაციით, 4 აპრილს ღამით ვარკეთილში პოლიციელებს – ბექა მარგიშვილსა და ვალერიან გრძელიშვილს უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა. მომხდარში სამართალდამცავები შალვა აბულაძეს დებენ ბრალს. სროლის შედეგად მარგიშვილი გარდაიცვალა, გრძელიშვილი – მძიმედ დაიჭრა. მკვლელობაში ბრალდებული აბულაძე ციხიდან 2013 წელს ამნისტიის შედეგად გამოვიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი