სამართალი

ვინ გადაიხდის მილიონ ლარს – ცვლილებები კოდექსში

9 ივლისი, 2014 • • 1745
ვინ გადაიხდის მილიონ ლარს – ცვლილებები კოდექსში

სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლში შესატან ცვლილებებს დადებითად აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი. ამ მუხლით ჯარიმების ოდენობა რეგულირდება. მოქმედი კანონით, მაგალითად, სასჯელთან ერთად თითქმის ყველა დანაშაულზე ბრალდებულს ჯარიმის გადახდაც ეკისრებოდა, ახალი კანონპროექტით კი ეს ასე არ არის. სსკ 42-ე მუხლის მე-7 ნაწილით ჯარიმა დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი მუხლით.


ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით. ჯარიმის მაქსიმალური ზღვარი განისაზღვრება 360 დღიური ანაზღაურებით ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის, მძიმე დანაშაულისთვის 720 დღიური ანაზღაურებით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის 1080 დღიური ანაზღაურებით (მინიმალური დღიური ანაზღაურება იქნება 10 ლარი). დღიური ანაზღაურებების მაქსიმალური ჯამური ოდენობა იქნება: ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში 50 000, მძიმე დანაშაულის შემთხვევაში 100 000, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში 1 000 000 ლარი. მოსამართლე უფლებამოსილია, ჯარიმის თანხა განსაზღვროს დანაშაულის შედეგად მიღებული ან მისაღები შემოსავლის ხუთმაგ ოდენობამდე. ჯარიმის მინიმალური ოდენობა 1000 ლარია.
თუ სასამართლო ჩათვლის, რომ მსჯავრდებულს, მისი პირადი ან ქონებრივი მდგომარეობის გამო არ შეუძლია ჯარიმის ერთიანად გადახდა, აქვს უფლება ჯარიმის თანხა გადაანაწილოს. ჯარიმის ნაწილ-ნაწილ გადახდის უფლებას სასამართლო მიანიჭებს იმ მსჯავრდებულს, რომელიც სხვაგვარად ვერ შეძლებს დანაშაულით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას. თუ მსჯავრდებული ზედიზედ სამჯერ დაარღვევს ჯარიმის გადახდისთვის დადგენილ ვადას, სასამართლოს შეუძლია მას დააკისროს ჯარიმის გადაუხდელი ნაწილის ერთიანად გადახდა.

არჩილ ჩოფიკაშვილის აზრით, ახალ კოდექსში ყველაზე დადებითი ის არის, რომ დაზარალებულთან შერიგების გამო შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს ისეთ დანაშაულზე, რისთვისაც კანონი სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მისივე შეფასებით, პირობით სასჯელთან დაკავშირებით მოსამართლის კომპეტენცია იზრდება. თუ, მაგალითად, დღეს მოსამართლეს არ შეუძლია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე დანიშნოს პირობითი სასჯელი, ახალი კანონპროექტით მოსამართლეს შეუძლია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე დანიშნოს ნაწილობრივ პირობითი სასჯელი.


არჩილ ჩოფიკაშვილის შეფასებით მოსამართლის როლი სსკ-ის შემოთავაზებული ცვლილებებით გაზრდილია, თუმცა არასაკმარისად, პროკურორს აქვს ისეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება, რასაც ვერ მიიღებს მოსამართლე:


“კონსტიტუციის 42-ე მუხლის” რეკომენდაცია არის ის, რომ მოსამართლეებს უნდა დაუბრუნდეთ რეალური მართლმსაჯულების განხორციელების უფლება, მხარეებს არ უნდა შეეძლოთ ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რასაც ვერ მიიღებს მოსამართლე (მინიმალური სასჯელი, პირობითი სასჯელი, ცვლილებები საპროცესო შეთანხმებისას). ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებელთა მიმართ კი, უფრო მეტად უნდა შემსუბუქდეს სასჯელის ზომა“.


იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს იურისტი დავით კეკელიძე დადებითად აფასებს კანონპროექტში ცვლილებას პატიმრობის ვადების შემცირებაზე – მისი განმარტებით, პატიმრობის ვადის მინიმალური ზღვარი 6 თვე სამი თვით იცვლება. მისი აზრით, მოსამართლე კანონით თავისუფალია სასჯელის შეკრების ან შთანთქმის ნაწილშიც. თუ აქამდე ნაკლებად მძიმე დანაშაულს შთანთქავდა მძიმე დანაშაული, ახალი კანონპროექტით ეს უკვე მოსამართლის ნებაზეა: „შეიძლება სასჯელი შეკრიბოს მოსამართლემ, შეუძლია შთანთქოს“… მისი აზრით, კანონის ამ ნაწილში მნიშვნელოვანი იქნება სასამართლო პრაქტიკა, თავად კანონი კი, მისი შეფასებით, ამ ცვლილებით არ მკაცრდება.


კანონპროექტში არის ტერმინი – “ძალადობა ოჯახში” – ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა… ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 50-150 საათამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი: წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ; არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჯგუფურად, არაერთგზის იმ პირის მიერ, ვის მიმართაც მოქმედებს შემაკავებელი ან დამცავი ორდერი, – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 100-200 საათამდე, თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.


ახალ კანონპროექტში გაუპატიურების ბრალდების მუხლში სექსუალური პენეტრაცია ჩნდება სქესობრივი კავშირის ნაცვლად (სსკ 137). პროექტის მიხედვით სასჯელები არ მკაცრდება. „ტერმინოლოგიური ცვლილებები განაპირობა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დამკვიდრებულმა თანამედროვე მიდგომამ, თუმცა, ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა გასაგები და მარტივი ენით იყოს ნორმები ჩამოყალიბებული“, – ამბობს არჩილ ჩოფიკაშვილი.


ადვოკატი აკაკი თოიძე ყოფილი მოსამართლეა. მისი შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები: „სისხლის სამართლის კოდექსის მიზანი არის ბრალდებულის რესოციალიზაცია, ის უნდა დაუბრუნდეს საზოგადოებას. მაგრამ მკაცრდება სასჯელი იმ დანაშაულზე, რომელსაც სტატისტიკურად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს“.


აკაკი თოიძის შეფასებით, ცუდია ის, რომ საპროცესო შეთანხმების პრინციპი ვაჭრობის საგნად რჩება პროკურორსა და ადვოკატს შორის.


იუსტიციის სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი და კერძო ნაწილების გადასინჯვას ევროკავშირთან 2011-2014 წლების საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. სამინისტრო ვალდებულია მომზადებული კანონპროექტი ევროპის საბჭოს ექსპერტს გადაუგზავნოს. ახალი კანონპროექტი სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე დარეგისტრირდება პარლამენტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი