ახალი ამბები

C ჰეპატიტზე გამოკვლევები გორის ჰოსპიტალშიც ჩატარდება

19 აგვისტო, 2015 • • 1253
C ჰეპატიტზე გამოკვლევები გორის ჰოსპიტალშიც ჩატარდება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მონიტორინგის წარმომადგენლები რამდენიმე დღეა გორში იმყოფებიან და ჰოსპიტალში მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებენ. სერგეენკოს თქმით, C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის გასაცემად უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაა საჭირო, ამიტომ ადგილზე დამონტაჟდება ვიდეოკამერებიც. მინისტრის განცხადებით, ამ დრომდე პროგრამის მიმდინარეობისას დარღვევები არ დაფიქსირებულა.

 

“მიხარია, რომ ეს პროექტი მიმდნარეობს გეგმის მიხედვით. ორი მთავარი მოსალოდნელი რისკი არსებობდა: ერთი იყო, რომ არ მოხდარიყო პაციენტების პროგრამაში ჩართვა რაიმე სხვა კრიტერიუმით, გარდა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, და საბედნიეროდ არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა; და მეორე – ამ მაღალი საბაზრო ღირებულების მედიკამენტის გადაყიდვა და აქაც არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა. რაც იმის გარანტიას გვაძლევს, რომ შემოდგმაზე, როგორც იყო დაგეგმილი, ძირითადი პროექტი ისე დაიწყება,” – აცხადებს დავით სერგეენკო.

 

სექტემბერში ჯანდაცვის სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევის შედეგებს გააცნობს საზოგადოებას. კვლევაში  C ჰეპატიტით დაავადებულ ადამიანთან ზუსტი მონაცემები იქნება წარმოდგენილი. მსგავსი ინფორმაცია ბოლოს 2002 წელს შეგროვდა მხოლოდ თბილისში. წინასწარი მონაცემებით, საქართველო კვლავ რჩება მსოფლიოს პირველ სამეულში C ჰეპატიტის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის მიხედვით.

 

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად დღემდე 10 000-მდე ადამიანი დარეგისტრირდა. მათგან მკურნალობას ამჟამად 3045 პაციენტი გადის.

 

ელიმინაციის პროექტის ყველაზე დიდი ნაწილი 2015 წლის შემოდგომით დაიწყება, პირველ ეტაპზე მკურნალობას ის პაციენტები გადიან, ვისაც კლინიკურად ყველაზე რთული მდგომარეობა აქვთ.

 

საქართველოს მთავრობა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგამას აპრილის თვიდან ახორციელებს. პროგრამა წელიწადში 20 ათასი პაციენტისთვის უფასო მკურნალობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი