ეკონომიკა

ნარმანია: თბილისში ერთ კომპანიას აღარ ექნება ექსკლუზიური უფლება პარკირებაზე

15 მაისი, 2015 • • 1864
ნარმანია: თბილისში ერთ კომპანიას აღარ ექნება ექსკლუზიური უფლება პარკირებაზე

ამის შესახებ თბილისის მერმა ტელეკომპანია “GDS”-ის გადაცემა 20/30 -ში განაცხადა: 

 

“გადაწყვეტილება მიღებულია. შევხვდი “სითიპარკის” ხელმძღვანელებს და ვუთხარი ჩვენი ოთხი მთავარი პრეტენზიის შესახებ. ბაზარზე აუცილებლად გაჩნდებიან სხვა კომპანიები – ერთ კომპანიას აღარ ექნება ექსკლუზიური უფლება პარკირებასთან დაკავშირებით. დღეს პარკირებიდან შემოსავლების ორ მესამედს იღებს “სითიპარკი” და მხოლოდ ერთ მესამედს – დედაქალაქი. ქალაქის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ თბილისის ინტერესები ერთი კონკრეტული კომპანიის ინტერესებს ანაცვალა”.

 

ბილისის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების საკითხს 2007 წლიდან კომპანია შპს „სი-ტი პარკი“ არეგულირებს. ის ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც დღეს დედაქალაქში პარკირების სისტემის მოწესრიგება და დახვეწა ეკისრება.

 

2007 წლის 9 ნოემბერს დედაქალაქში ავტომობილების პარკირების ორგანიზებისთვის თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში შპს „ამაგონის“ და შპს „შოჰარ პარკინგ სერვისის“ კონსორციუმმა გაიმარჯვა.

 

აუქციონის მოთხოვნის შესაბამისად, აღნიშნულმა კომპანიებმა შპს „სი-ტი პარკი“ დააფუძნეს. ამავე წლის 7 დეკემბერს თბილისის მთავრობასა და „სი-ტი პარკს“ შორის ქ. თბილისის გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების რეგულირების მიზნით, პარკირების სფეროს მართვის უფლების იჯარით გადაცემის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. როგორც „სი-ტი პარკის“ ოფიციალური ვებ-გვერდიდან ირკვევა, აუქციონში გამარჯვების შემდეგ კომპანიას 15 წლის ვადით პარკირების სფეროს მართვის ექსკლუზიური უფლება მიენიჭა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი