ახალი ამბები

მაია ფანჯიკიძესა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

2 მარტი, 2014 • • 1335
მაია ფანჯიკიძესა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მინისტრმა  უკიდურესი წუხილი  გამოხატა უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო და კიდევ ერთხელ დაგმო სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის ფაქტი.

 

ფანჯიკიძემ უკრაინელ კოლეგას ასევე გააცნო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენელთა განცხადებები და  გამოეხმაურა მსოფლიო ლიდერთა და კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრების მოწოდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დაუყოვნებლივ არის მისაღები ზომები, რათა მოხდეს ვითარების დეესკალაცია და არ გავხდეთ ევროპაში კიდევ ერთი ოკუპაციის თვითმხილველნი.

“უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დაადასტურა ყირიმის ფაქტიური ოკუპაცია და ადგილზე რუსული მხარის მიერ ინფრასტრუქტურული მშენებლობის წარმოების ფაქტი. ბატონმა დეშჩიცამ ცალსახად აღნიშნა, რომ უკრაინა მხოლოდ მშვიდობიანი გზით აპირებს კონფლიქტის მოგვარებას”- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სატელეფონო საუბრისა ხაზი გაუსვა, რომ დღეს უკიდურესად აქტუალურია რუსეთის მხრიდან ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულების აღება და უსაფრთხოების საერთაშორისო ზომების მყისიერი ამოქმედება და საუბარი არ უნდა იყოს მხოლოდ უკრაინისა თუ საქართველოს მხარდაჭერაზე, არამედ ეს საკითხი საერთო რეგიონული უსაფრთხოების და სტაბილური ევროპის კონტექსტში უნდა განიხილებოდეს.

“საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე, გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც სერიოზულ გზავნილს წარმოადგენს უკრაინის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით. ბატონმა დეშჩიცამ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს გააცნო უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილება, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით მათი მზაობისა და მუშაობის განახლების შესახებ. მხარეებმა აუცილებლად მიიჩნიეს, რომ ევროკავშირმა მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინას მკვეთრად წარმოუჩინოს ევროპული პერსპექტივა, რაც ევროკავშირის მიმართულებით კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება”.- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი