ახალი ამბები

მარგველაშვილი: საკანონმდებლო ცვლილება, სავარაუდოდ, ალექსანდრე კვიტაშვილს შეეხება

11 ივნისი, 2013 • 1454
მარგველაშვილი: საკანონმდებლო ცვლილება, სავარაუდოდ, ალექსანდრე კვიტაშვილს შეეხება

“ყველა რექტორი ირჩევა და არის სრული აკადემიური თავისუფლება, ეს ნაწილი კი, რომლის გაბუქებაც ახლა ხდება, არის თავიდან ბოლომდე დაკავშირებული გარდამავალ პერიოდთან, ზუსტად იგივე ფორმატით იყო ეს მანამდეც კანონში. ეს არანაირად არ ეხება მიმდინარე მოვლენებს, ჩვენ არც ერთ რექტორთან არ ვცვლით ურთიერთობას, რაც იყო, ის რჩება, მაგრამ მინდა, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რომ ნებისმიერ თემაზე ხდება ყურით მოთრეული ინსინუაციები.

 

არც ერთი რექტორის მიმართ არ იცვლება ის ურთიერთობა, რომელიც იყო დამყარებული მანამდე. ის კონტრაქტები, რომლებიც მათ ჰქონდათ… თუ ვიღაც კვალიფიციური არ არის, ეს სრულიად სხვა თემაა. ის, რომ ვიღაც ნიშნავს რექტორებს, არის ელემენტარული, მტკნარი ტყუილი, რომელსაც აქვს ზუსტად სამსაათიანი სიცოცხლე. როდესაც ჩაიხედებით კანონში, ნახავთ, რომ რექტორებსაც და ყველა პერსონალს ირჩევს უნივერსიტეტის პროფესურა”, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

 

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

მარგველაშვილის თქმით, აჟიოტაჟი, რომელიც ამ საკითხის გარშემო არსებობს, ხელოვნურადაა მოტივირებული:

 

“რატომ დაადო პრეზიდენტმა ვეტო ნებისმიერ ჩემს შეტანილ კანონს? რატომ ხდება ნებისმიერი თემის გაბუქება? იმიტომ, რომ ეს არის კონკრეტული პოლიტიკური პროცესი, სადაც პირადად ხდება დაპირისპირება ნებისმიერ ინიციატივასთან, ეს ხომ ძალიან ნათლად ჩანს. ასეთი ორსაათიანი, სამსაათიანი პროვოკაციები დღესაც იყო, გუშინაც იყო და მომავალშიც გაგრძელდება.

 

ვისაც არ აქვს შესაბამისი განათლება, ეს სხვა თემაა და ვინმე ვიღაცას ხსნის თუ არა – ეს სხვა.  ჩასწორებები არის უნივერსიტეტის მენეჯმენტთან დაკავშირებით. ბუნებრივია, რომ უნივერსიტეტის რექტორი უნდა იყოს აკადემიური ხარისხის მატარებელი, მაგრამ ეს არანაირად არ არის კავშირში ვინმეს დანიშვნასთან. აკადემიური ხარისხის მატარებელი რექტორი უნდა აირჩიოს უნივერსიტეტმა და არავინ არავის არ ნიშნავს.

 

ვისაც არ გააჩნია აკადემიური ხარისხი, ეს ცვლილება მას შეეხება, სავარაუდოდ, ალექსანდრე კვიტაშვილსაც, მე მისი საბუთები არც გამომითხოვია, არც შემისწავლია, მაგრამ მე და სამინისტრო ვაყალიბებთ ზოგად ჩარჩოს, თუ ვინმეს მსოფლიოში აქვს ამაზე საკამათო, რომ უნივერსიტეტს უნდა მართავდეს აკადემიური ხარისხის მქონე პირი, ის მეკამათოს”, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

 

საქართველოს მთავრობა პარლამენტს თხოვს, დაჩქარებული წესით განიხილოს კანონპროექტი, რომლითაც იცვლება რექტორისა და დეკანის მიმართ წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

 

უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების ავტორი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა, ინიციატორი კი – საქართველოს მთავრობა. წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, “უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორობის კანდიდატად შეიძლება განისაზღვროს პირი, რომელიც ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს და აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ პირობებს.”

 

იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი ცვლილებების პროექტს დაამტკიცებს, “კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო ერთეულის იმ მმართველ სუბიექტებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ შესაბამისი თანამდებობების დაკავებისათვის ამ კანონით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, უფლებამოსილება უწყდებათ”.

 

ერთ-ერთი მათგანი შეიძლება აღმოჩნდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი. უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია მისი ბიოგრაფია, საიდანაც ცხადია, რომ კვიტაშვილი არ ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს.

 

პარლამენტში შესული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო “რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურას”.

 

დღეს მოქმედი კანონმდებლობით კი, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ფორმდება რექტორის უფლებამისილების ვადამდე შეწყვეტა. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია რექტორის მოვალეობის შესრულება დააკისროს გათავისუფლებულ რექტორს ან რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშნოს ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორი და საქართველოს პრეზიდენტია უფლებამოსილი, ვადამდე გაათავისუფლოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი