საზოგადოება

“ქდმ” ჰომოსექსუალობის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობს

22 მაისი, 2012 • • 1762
“ქდმ” ჰომოსექსუალობის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობს

“მას შემდეგ, რაც მისი უწმინდესობის მიერ ეპისტოლეში გამოთქმული გაფრთხილება სოდომისეული ცოდვის პოპულარიზებასთან დაკვაშირებით ძალიან მწარე რეალობად იქცა და არა მხოლოდ პოპულარიზება, არამედ გეიაღლუმი ვიხილეთ თბილისის ქუჩებში, მე ვალდებულად ვთვლი, გამოვხატო “ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის” პოზიცია და მეტიც, საზოგადოებას, პარლამენტს შევთავაზოთ კონსტიტუციური ცვლილებების ახალი პაკეტი, რომელიც მოიცავს ხუთ მნიშვნელოვან ცვლილებას მოქმედ კონსტიტუციაში.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 90 პროცენტი არის გაცხადებული რწმენის მატარებელი ადამიანი, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს კანონმდებლობა და კონსტიტუცია სწორედაც რომ უნდა პასუხობდეს იმ ღირებულებებსა და ფასეულობებს, რომელიც ამ ქვეყნის მრავალეთნიკური საზოგადოებისათვის არის მნიშვნელოვანი და ღირებული”, – განაცხადა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე  გიორგი თარგამაძემ.

თარგამაძის შეფასებით, “სეირნობები” არ არის საბოლოო მიზანი ლგბტ აქტივობის:

“ეს არის ძალიან შორს გამიზნული და მნიშვნელოვანი მოვლენის დასაწყისი, რომლის საბოლოო შედეგიც უნდა იყოს საქართველოში ჰომოსექსუალიზმის, მამათმავლობის, გახრწნილობის, გაუკუღმართებული ცხოვრების წესის მორალური და სამართლებრივი ლეგალიზაცია”, – აღნიშნავს თარგამაძე და აქვე დასძენს, რომ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, მათი ჩაგვრის კუთხით, დიდი ხანია არანაირი პრობლემები არ აქვთ და ამ თვალსაზრისით არც საქართველოში განიცდიან ისინი რაიმე სახის სისხლის სამართლებრივ დევნას.

თარგამაძემ ასევე აღნიშნა, რომ ისინი იწყებენ ხელმოწერების კამპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით:   

“ჩვენ ვიწყებთ მთელი საქართველოს მასშტაბით ხელმოწერების შეგროვებას, პარლამენტში გავიარეთ ყველა რეგლამენტით გათვალისწინებული პროცესი და ოთხი თვის განმავლობაში ვეცდებით შევაგროვოთ არა მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული 200 ათასი ხელმოწერა, არამედ გამომდინარე იქიდან, რომ მოლოდინი ამ ინიციატივასთან დაკავშირებით დიდი ხანია არსებობს ჩვენს საზოგადოებაში, დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ქვეყნის უამრავი მცხოვრები ადამიანი შემოუერთდება ამ კამპანიას”, – განაცხადა თარგამაძემ.

მისივე თქმით, ისინი არავის ებრძვიან და იცავენ ტრადიციული ცხოვრების წესს:

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველო იმ სახით, როგორიც წინაპრებმა მოგვიტანეს,  შესაბამისად, ყველა ეს ცვლილება არ უნდა განვიხლოთ, როგორც ბრძოლა პროგრესთან”, – განაცხადა თარგამაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი