22.03.2012

რეკომენდაციები მედიაში დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის შესაჩერებლად

მედია,

“შეხვედრის მონაწილეები აცხადებენ, რომ ყველა ტიპის დიკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლა არ უნდა დარჩეს ეროვნული მთავრობების ყურადღების მიღმა, მაგრამ, ამავე დროს, ეს არ უნდა იქნას გამოყენებული ცენზურის ან სიტყვის თავისუფლების და მასმედიისთვის სხვა ტიპის შეზღუდვების დაწესების საბაბად. ამ კუთხით განსაკუთრებით დიდი როლი ენიჭება მედიის თვითრეგულირების ჟურნალისტურ ორგანიზაციებს, როგორც პრესის საქმიანობაში სახელმწიფო ჩარევისგან რეალურად ალტერნატიულ ინსტრუმენტს,” - ნათქვამია დეკლარაციაში, რომელიც მედიის თვითრეგულირების ორგანოების ქსელმა შეიმუშავა.

ქსელი, რომელიც საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, მოლდოვასა და რუსეთის მედიის თვითრეგულირების ორგანოებს აერთიანებს და რომელიც ევროსაბჭოს მხარდაჭერით გასული წლის ივნისში შეიქმნა,  დღეს თბილისში შეიკრიბა. დღევანდელი სამუშაო დღის მთავარი თემა სწორედ ის საფრთხეები გახლდათ, რაც მედიის მხრიდან დისკრიმინაციის წახალისების შედეგად წარმოიქმნება.

საფრთხე რამდენიმე მთავარ მომენტს შეიცავს - პირველ რიგში, ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, ხელს უწყობს საზოგადოების გახლეჩასა და დაპირისპირებას, საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, დააწესოს კონტროლი და შეზღუდოს მედიის საქმიანობა.

უკრაინაში უკვე მომზადებულია კანონპროექტი, რომლითაც შესაძლოა სამთავრობო უწყებად გადაიქცეს დღეს მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია, სახელწოდებით - “საზოგადოებრივი მორალის შესახებ ექსპერტთა ეროვნული კომისია”. ამ ორგანიზაციის დასკვნის საფუძველზე, პროკურატურამ საქმე აღძრა და საბოლოოდ, სასამართლოს გადაწყვეილებით, დაიხურა უკვე ერთ-ერთი გამოცემა უკრაინაში.

“მსგავსი, ცენზორის ტიპის ორგანიზაცია რომ არ შექმნას ხელისუფლებამ, ამიტომაა მნიშვნელოვანი თვითრეგულირების ორგანოს არსებობა, თუმცა, სამწუხაროდ, ბევრ მედიაორგანიზაციას უჭირს ამის გაცნობიერება,” - ამბობს სერგეი გუზი, უკრაინის ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს წევრი.

გუზის თქმით, უკრაინულ მედიაში ბოლო დროს გახშირდა რასისტულ-დისკრიმინაციული გამონათქვამები, როცა მედია უცხოელ სტუდენტებთან დაკავშირებულ საკითხებს აშუქებს.

“ბოლო პერიოდში უკრაინაში ბევრი უცხოელი სტუდენტი ჩამოვიდა, ძირითადად, ჩამოდიან აფრიკის, არაბეთის ქვეყნებიდან, პაკისტანიდან და ა.შ. პრესაში გახშირდა მათ მიმართ რასისტული და დისკრიმინაციული გამონათქვამები,” - ამბობს სერგეი გუზი.

ცოტა ხნის წინ უკრაინის ჟურნალისტური ეთიკის საბჭოში საჩივარი შევიდა ერთ-ერთი ადგილობრივი გაზეთის წინააღმდეგ, რომელმაც გამოაქვეყნა სტატია, სახელწოდებით - “არაბებმა ზანგებთან ჩვენი მეძავების გამო იჩხუბეს”. სტატიაში საუბარი შეეხებოდა არაბ და აფრიკელ სტუდენტებს შორის მომხდარ ინიციდენტს. სტატიას თან ერთვოდა ილუსტრაცია, რომელზეც გამოსახული იყო ქერათმიანი გოგონა ორი მაიმუნის (ერთი მაიმუნი უფრო შავი ფერისაა და მეორე შედარებით ღია ფერის) გარემოცვაში.

უკრაინის ჟურნალისტური ეთიკის კოდექსში აღნიშნულია, რომ არავინ შეიძლება იყოს დისკრიმინირებული მისი სქესობრივი, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული კუთვნილების გამო და რომ ამავე კუთვნილების გამო ჟურნალისტმა არ უნდა დაუშვას ადამიანების შეურაცხყოფა.

უკრაინის ჟურნალისტური ეთიკის საბჭომ მიიჩნია, რომ გაზეთმა, რომელმაც ზემოთ აღნიშნული სტატია გამოაქვეყნა, დაარღვია ეს პრინციპები, თუმცა საბჭოს გადაწყვეტილება არ გაიზიარა თავად ამ გამოცემამ, რომელმაც გამოხმაურების სტატია დაბეჭდა, სადაც აღნიშნა, რომ მათი მხრიდან დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია.

სერგეი გუზი ამბობს, რომ ასეთი დამოკიდებულება გამოცემების მხრიდან იშვიათი არ არის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ თვითრეგულირების ორგანო სათანადო ავტორიტეტით ვერ სარგებლობს მედიასაშუალებებს შორის, ეს კი, მისი თქმით, საფრთხეს ქმნის, რომ მსგავსი საკითხები თვითრეგულირების სფეროს გასცდეს და ხელისუფლება მედიის რეგულაციაზე გადავიდეს.

დღევანდელ შეხვედრაზე თბილისში კიდევ ერთი ქვეყანა წარსდგა მოხსენებით მედიაში დისკრიმინაციის გავრცელების თემაზე: მოლდოვას პრესის საბჭოს თავმჯდომარე ლუდმილა ანდრონიკი ამბობს, რომ მათ ქვეყანაში რასობრივი ან ეთნიკური ნიშნით მედიაში დისკრიმინაციის ფაქტები ბოლო პერიოდში თითქმის არ არის, სამაგიეროდ პრობლემას წარმოადგენს სექსუალური უმცირესობების გაშუქების საკითხი.

ამჟამად მოლდოვაში დისკრიმინაციის წინააღმდეგ კანონი განიხილება აქტიურად, რომლის მიღებაც ქვეყანას ევროკავშირის რეკომენდაციით დაევალდებულა. კანონმა დისკრიმინაციისგან უნდა დაიცვას ყველა ტიპის უმცირესობები, თუმცა ყველაზე მეტი კრიტიკა ამ კანონმა სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის გამო გამოიწვია. ეს თემა კი მოლდოვაში წინა პლანზე ეკლესიამ წამოსწია, რაც აქტიურად აიტაცა საზოგადოების დიდმა ნაწილმა.

“გამოჩნდნენ პოლიტიკოსები, სხვა აქტივისტები, რომლებიც ილაშქრებენ სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ. ერთ-ერთი ასეთი აქტიური მოწინააღმდეგე მიწვეული იქნა ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში და ამ ადამიანმა პირდაპირ ეთერში საშინელებები ილაპარაკა სექსუალურ უმცირესობებზე. მაგალითად, მან ტელევიზიით მიმართა გეებს, რომ თუკი ის გახდებოდა ქვეყნის პრეზიდენტი, ყველას ერთად გაყრიდა ქვეყნიდან, შეკრებდა მათ ერთად უკაცრიელ კუნძულზე და იქიდან უკან ფეხს არ შემოადგმევინებდა, სანამ რომელიმე მათგანი არ დაფეხმძიმდებოდა. ამ გადაცემის წინააღმდეგ, სადაც ეს კაცი მსგავს საშინელებებს იძახდა სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ, ჩვენს საბჭოში საჩივარი შემოვიდა,” - ამბობს ლუდმილა ანდრონიკი.

მოლდოვას ჟურნალისტური ეთიკის კოდექსში არსებობს ცალკე მუხლი დისკრიმინაციის წინააღმდეგ, რომელიც ჟურნალისტს ავალდებულებს, არ მოახდინოს ვინმეს დისკრიმინაცია სქესობრივი, ასაკობრივი, ეროვნული, რელიგიური, სოციალური კუთვნილების მიხედვით.

“თუმცა ამ შემთხვევაში პირადად ჟურნალისტს არ დაურღვევია ეს პრინციპი და ძალიან რთული გადაწყვეტილების წინაშე აღმოვჩნდით. ამის მიუხედავად, ჩვენ გადაცემის წამყვანს მივეცით რეკომენდაცია, რომ თუნდაც პირდაპირ ეთერში, სადაც არ არის ჟურნალისტი დაზღვეული, რომ რომელიმე რესპონდენტი მსგავს გამონათქვამებს გამოიყენებს, უნდა მოხდეს ჟურნალისტის მიერ ამ გამონათქვამებთან დისტანცირება,” - ამბობს ლუდმილა ანდრონიკი.

ანალოგიური პრინციპით იხელმძღვანელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის ჟურნალისტის წინააღმდეგ შემოტანილი განცხადების განხილვის დროს, რომელიც ასევე შეეხებოდა პირდაპირ ეთერში გადაცემის სტუმრის მხრიდან სექსუალური უმცირესობების დისკრიმინაციის წამახალისებელი გამონათქვამების გამოყენებას, რაც სათანადო რეაგირების გარეშე დატოვა გადაცემის წამყვანმა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 მუხლის შესაბამისად, ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.

ამ მუხლის დარღვევის შესახებ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს 2 გადაწყვეტილება აქვს გამოტანილი.

დღევანდელ შეხვედრაში მონაწილე ქვეყნების მედიის თვითრეგულირების ორგანოების წარმომადგენლებმა დეკლარაციის სახით შეიმუშავეს რამდენიმე რეკომენდაცია ჟურნალისტების, რედაქტორებისა და მედიამფლობელების მიმართ. რეკომენდაციები მიმართულია მედიაში ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის შესაჩერებლად.

ერთ-ერთი რეკომენდაცია ითვალისწინებს იმას, რომ მედიამ განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოს ისეთი მასალების მომზადებისას, რომლებიც ეხება ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ ან პოლიტიკურ კონფლიქტებს. ასეთი თემების გაშუქება არ უნდა იწვევდეს არც ერთი სოციალური ჯგუფის დისკრიმინაციას.