22.02.2012

იძებნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ჭიშკარი

თბილისში, შალვა დადიანის #22–ში მდებარე ისტორიული შენობის ძველი ჭიშკარი, რომელზეც მითითებული იყო თარიღი – 1905 და ინიციალები, გაქრა. თბილისის მერიაში ეს ამბავი “ნეტგაზეთიდან” შეიტყვეს, რის შემდეგაც ჭიშკრის მოძებნა ზედამხედველობის სამსახურს დაევალა.


თბილისში, შალვა დადიანის #22–ში მდებარე ისტორიული შენობის ძველი ჭიშკარი, რომელზეც მითითებული იყო თარიღი – 1905 და ინიციალები, გაქრა. თბილისის მერიაში ეს ამბავი “ნეტგაზეთიდან” შეიტყვეს, რის შემდეგაც ჭიშკრის მოძებნა ზედამხედველობის სამსახურს დაევალა.

“უახლოეს დღეებში ჭიშკრის მოძიება მოხდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს დღეებში მისი მოძიება ვერ მოხერხდა, შენობის ამჟამინდელ მფლობელს ჯარიმის გადახდა მოუწევს”, – აცხადებენ მერიაში.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დადიანის 22–ში მდებარე შენობა, “ბანკ რესპუბლიკის” ერთ–ერთი მფლობელის ლაშა პაპაშვილის საკუთრებაშია, თუმცა, როგორც “ნეტგაზეთს” თბილისის მერიაში განუცხადეს, შენობის მესაკუთრე შპს “დადიანი 22”–ია.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ეს შენობა “დადიანი 22”–ის საკუთრებაში 2009 წლის დეკემბრიდან გადავიდა.

ამავე წელს არის დაფუძნებული, 1 500 000 აშშ დოლარის საწესდებო კაპიტალით, შპს “დადიანი 22” უცხოეთის მოქალაქე რუბენ მირალისა და საქართველოს მოქალაქე პაატა გაზაკაშვილის მიერ, თუმცა მოგვიანებით ამ უკანასკნელმა მირალის 30%–იანი წილიც შეისყიდა და ამჟამად “დადიანი 22”–ის 100%–იან წილს სწორედ პაატა გაზაკაშვილი ფლობს.

გაზაკაშვილი “ბანკ რესპუბლიკაში”, რომლის ქართველი აქციონერია ლაშა პაპაშვილი, 25%–იან წილს ფლობდა საინვესტიციო გარიგების გაფორმებამდე, რის შემდეგაც ბანკის აქციათა საკონტროლო პაკეტი “სოსიეტე ჟენერალის” საკუთრებაში გადავიდა.

უცნობია, რა მიზნისთვის იყიდა გაზაკაშვილის ფირმამ დადიანის 22–ში შენობა, რომელიც ისტორიული რეგულირების ზონაში მდებარეობს და სადაც სახლების უმეტესობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

შენობის ძველი, უნიკალური ჭიშკრის ნაცვლად ახლა რკინის გისოსებია დამონტაჟებული, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ჩაკეტილია და არ გაღებულა.

კულტუროლოგ ცირა ელისაშვილის თქმით, დადიანის #22–ში მდებარე შენობას ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, შესაბამისად, მისი ყველა დეტალი, მათ შორის ჭიშკარიც, ისტორიული ძეგლია და მისი ჩამოხსნა ყოვლად დაუშვებელი იყო:

“როცა ეს შენობა აშენდა, მაშინ დამონტაჟდა ეს კარიც, რომელზეც მითითებული იყო თარიღი - 1905 წელი და ინიციალები. ეს არის მოდერნის სტილის არქიტექტურა. ფაქტი ძალიან ცუდია, რადგან როგორც შენობაა მნიშვნელოვანი, ასევე, მნიშვნელოვანია ურბანული დეტალი, ჭიშკარი იქნება ეს, ღობე თუ ალაყაფი. აღსანიშნავია, რომ ეს ჭიშკარი ერთადერთი იყო და თბილისის სხვა ეზოებში მსგავსი ტიპის კარი არ მეორდება. არის ორნამენტები, რაც მეორდება ხოლმე. ამ კარის შემთხვევაში, ყველა ორნამენტი უნიკალური იყო”, – აცხადებს ცირა ელისაშვილი.

როგორც მეზობლები იხსენებენ, კარი რამდენიმე თვის წინ გაქრა:

“კარი რომ შეიცვალა, დაახლოებით სექტემბრის თვეში აღმოვაჩინე, ძალიან გული დამწყდა და ჩემი დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ ნეგატიურია, არ შეიძლება ულამაზესი ორნამენტების მქონე კარის ამ შავი გისოსებით ჩანაცვლება” , – ამბობს ანა მარგველაშვილი, რომელსაც ამ ქუჩაზე ჩავლა ყოველდღე უხდება.

მეზობლების თქმით, მას შემდეგ, რაც კარი შეიცვალა, ეზოც ჩაკეტილია. თავის დროზე ამ სახლში მოსახლეობა ცხოვრობდა, თუმცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი სიძველის გამო დაზიანდა, რის შემდეგაც მათი გამოსახლება მოხდა.

მეზობლების განცხადებით, კარი იმის შემდეგ დაიკარგა, რაც მოსახლეობა შენობიდან გამოასახლეს.

“არ ვიცით, ვინ მოხსნა კარი, მოიპარეს, სარესტავრაციოდ წაიღეს და უკან დააბრუნებენ, თუ რა ბედი ეწევა?” – აცხადებს ცირა ელისაშვილი.

“ნეტგაზეთი” შეეცადა პაატა გაზაკაშვილთან დაკავშირებას, თუმცა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ის ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება და საქართველოში დაახლოებით 2 კვირაში დაბრუნდება.