26.01.2012

მანუკიანი საქართველოს წინააღმდეგ

ადამიანის უფლებები,

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უახლოეს მომავალში საქართველოს წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქის კიდევ ერთი სარჩელი უნდა განიხილოს. ალექსანდრე მანუკიანი საქართველოს სასტიკი მოპყრობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევისათვის ედავება.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უახლოეს მომავალში საქართველოს წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქის კიდევ ერთი სარჩელი უნდა განიხილოს. ალექსანდრე მანუკიანი საქართველოს სასტიკი მოპყრობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევისათვის ედავება.

საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე მანუკიანის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის  42-ე მუხლის” იურისტი, ლაშა ჭინჭარაული იცავს.

მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული ალექსანდრე მანუკიანი სასჯელს 1991 წლიდან რუსთავის #6 საპყრობილეში იხდიდა. როგორც ევროსასამართლოში გაგზავნილ სარჩელშია აღნიშნული, მანუკიანი 2007 წლის შემოდგომაზე პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა, 9 დღეში კვლავ საპყრობილეში დააბრუნეს. 2008 წლის 18 იანვარს თვალის არეში რენტგენის გადასაღებად ისევ გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მას შეხვდა მკურნალი ექიმი „დავითი”. ალექსანდრე მანუკიანმა მას ჰკითხა, თუ რატომ დააბრუნა ექიმმა სამკურნალო დაწესებულებიდან საპყრობილეში 2007 წლის შემოდგომაზე, რაზეც ექიმმა უპასუხა, რომ მას არ გაუწერია და ამჟამად მისთვის არ ეცალა. მანუკიანმა მას დაუყვირა, სად მიდიხარ, მოდი და მომხედეო.

როგორც მოსარჩელის მხარე ამტკიცებს, აღნიშნული ფაქტის შემდეგ სამკურნალო დაწესებულების ოთხმა თანამშრომელმა ის შეიყვანა რენტგენის ოთახში და ჰკითხეს, რა აყვირებდა. მანუკიანმა უპასუხა, რომ თვალში მხედველობა დააკლდა და გაღიზიანებული იყო. ციხის თანამშრომლებმა მასზე საცემად გაიწიეს,  თან შეაგინეს. მანუკიანმა გინებას გინებითვე უპასუხა, რის შემდეგაც მას ყველამ ერთად დაუწყო ცემა. ამ დროს ოთახში შევიდა სამკურნალო დაწესებულების დირექტორი ალექსანდრე მუხაძე, რომელმაც ცემა შეაწყვეტინა.

ალექსანდრე მანუკიანს ხელბორკილები დაადეს და საორდინატოროში ექიმთან გაიყვანეს. შემოწმების შემდეგ მომჩივანი კვლავ დააბრუნეს რენტგენის ოთახში, სადაც მანუკიანმა ნახა ალექსანდრე მუხაძე და ჰკითხა, რატომ სცემეს. სამკურნალო დაწესებულების დირექტორმა უპასუხა, „შენი უზრდელობის გამოო.” აღნიშნული ფაქტის შემდეგ დაწესებულების უფროსმა ალექსანდრე მუხაძემ, მისმა მოადგილემ გიორგი ბუთლიაშვილმა და რეჟიმის უფროსმა ავთო პოპიაშვილმა მანუკიანი იატაკზე დააგდეს და ფეხები ურტყეს, შემდეგ კი ელექტროშოკი დაადეს.

2-3 წუთში, ისე, რომ მისთვის რენტგენი არ გადაუღიათ, მანუკიანი დააბრუნეს რუსთავის #6 საპყრობილეში.

ადვოკატ ლაშა ჭინჭარაულის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ დაწყებულიყო წინასწარი გამოძიება ალექსანდრე მანუკიანის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, წინასწარი გამოძიება დაიწყო მის წინააღმდეგ, თითქოს მან მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ორ თანამშრომელს.

წინასწარი გამოძიების დასრულების შემდეგ, 2008 წლის 2 აპრილს, შედგენილი საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ალექსანდრე მანუკიანს ბრალი დაედო სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის პირველი (სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლისადმი დაუმორჩილებლობა და საქმიანობაში ხელის შეშლა) და მეხუთე (სასჯელაღსრულების ადმინისტრაციაზე თავდასხმა) პუნქტების მიხედვით.

ალექსანდრე მანუკიანის ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 აპრილს მიმართა შუამდგომლობით, სასამართლოს გამოეთხოვა სამკურნალო დაწესებულების კორიდორში დამონტაჟებული ვიდეოკამერის მიერ 2008 წლის 18 იანვარს ჩაწერილი ვიდეომასალა. ადვოკატმა ასევე მოითხოვა იმ სამი პატიმრის დაკითხვა, რომლებმაც სამკურნალო დაწესებულებიდან საპყრობილეში დაბრუნების დროს მანუკიანი ნაცემი ნახეს.

სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობები დაუსაბუთებლობის გამო არ დააკმაყოფილა.

მანუკიანის დაკითხვის შემდეგ, 2008 წლის 22 მაისს, ადვოკატმა სასამართლოს ხელახლა მოსთხოვა 18 იანვრის კადრების წარდგენა. ამჯერად სასამართლომ მოთხოვნა დააკმაყოფილა, თუმცა მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან სასამართლოს აცნობეს, რომ აღნიშნული ვიდეოკადრების შენახვის ვადა გასული იყო.

ალექსანდრე მანუკიანის ადვოკატი ლაშა ჭინჭარაული მიიჩნევს, რომ ამ ვიდეოკადრებზე აღბეჭდილი იქნებოდა მომხდარი ფაქტის რეალური კადრები.

„ამ ვიდეოზე ასახული რომ ყოფილიყო მანუკიანის თავდასხმა ციხის თანამშრომლებზე, ის საქმეში მტკიცებულებად იქნებოდა,” - განუცხადა `ნეტგაზეთს” ლაშა ჭინჭარაულმა. მისი თქმით, საქალაქო სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა მანუკიანის თანამესაკნეების დაკითხვასთან დაკავშირებით, რომლებმაც წინასწარ გამოძიებას დაკითხვისას განუცხადეს, რომ სამკურნალო დაწესებულებიდან დაბრუნებული მანუკიანი ნაცემი იყო და ტანსაცმელზე ფეხსაცმლის ნაკვალევი ემჩნეოდა.

საბოლოოდ საქალაქო სასამართლომ ალექსანდრე მანუკიანი წაყენებული ბრალიდან დამნაშავედ მხოლოდ 378-ე მუხლის  მეხუთე ნაწილში (სასჯელაღსრულების ადმინისტრაციაზე თავდასხმა) სცნო და სასჯელად შეუფარდა პატიმრობა 10 წლითა და 4 თვის ვადით. აღნიშნული სასჯელი დაემატა მოუხდელ სასჯელს და საბოლოოდ მანუკიანს, ჯამში, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 წლით,  11 თვითა და 28 დღით.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ალექსანდრე მანუკიანის ადვოკატმა გაასაჩივრა, თუმცა, უშედეგოდ. აღნიშნული სარჩელი „წარმოებაში საერთოდ არ მიიღო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, რის შემდეგაც „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” მანუკინიანის უფლებების დაცვა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გადაწყვიტა.

ადვოკატ ლაშა ჭინჭარაულის მტკიცებით, ალექსანდრე მანუკიანის მიმართ საქართველომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3, მე-6.3 მუხლის „დ” ქვეპუნქტი და მე-13 მუხლი.

ევროკონვენციის მესამე მუხლის მიხედვით, არავინ არ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსებისშემლახველ მოპყრობას და დასჯას. ადვოკატის თქმით, მანუკიანთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა ძალის არაპროპორციულ გამოყენებას, რადგან ის რამდენიმე ადამიანმა ერთდროულად სცემა. ლაშა ჭინჭარაული ასევე მიიჩნევს, რომ ევროკონვენციის მესამე მუხლთან დაკავშირებით, სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულების გარდა, დაირღვა პოზიტიური ვალდებულებაც, რაც გულისხმობს იმას, რომ მანუკიანის ცემის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება არ ჩატარებულა და საქართველოს მთავარ პროკურატურაში 2008 წელს მანუკიანის ორი და სახალხო დამცველის ერთი განცხადება დღემდე უპასუხოდ რჩება.

ევროკონვენციის მე-6 მუხლი გულისხმობს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. მანუკიანის ადვოკატი მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ეს უფლებაც დაირღვა, რადგან ორმა სასამართლო ინსტანციამ მხოლოდ ბრალდების მხარის მტკიცებულებები შეისწავლა, მესამე ინსტანციას კი საქმე საერთოდ არ განუხილავს.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის” იურისტი ლაშა ჭინჭარაული ამბობს, რომ ალექსანდრე მანუკიანი სასჯელს ამჟამადაც იხდის და მას 2008 წლის შემდეგ დამატებითი პრობლემები ციხის თანამშრომლების მხრიდან არ შეჰქმნია. მანუკიანს სასჯელის მოხდამდე 14 წელი აქვს დარჩენილი.

ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ სტრასბურგში ეს საქმე წარმოებაში 2009 წელს მიიღო.