28.01.2012

მეუფე იობი: სინოდი ხელისუფლებას მიმართავს ID ბარათების თაობაზე

რელიგია,

წმინდა სინოდმა გადაწყვიტა, მიმართოს საქართველოს ხელისუფლებას ელექტრონულ ბარათებთან დაკავშირებით, რათა შეიქმნას ალტერნატიული საბუთები. ინფორმაცია ამის თაობაზე სინოდის წევრმა, ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა იობმა მიაწოდა მრევლს რუისის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

წმინდა სინოდმა გადაწყვიტა, მიმართოს საქართველოს ხელისუფლებას ელექტრონულ ბარათებთან დაკავშირებით, რათა შეიქმნას ალტერნატიული საბუთები, "რომელშიც არ იქნება ჩიპი და რიცხვი 666". ინფორმაცია ამის თაობაზე სინოდის წევრმა, ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა იობმა მიაწოდა მრევლს რუისის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

მეუფე იობის თქმით, იმის გამო, რომ სინოდის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო ID ბარათებთან და ბიომეტრულ პასპორტებთან დაკავშირებით, შეიქმნა კომისია, რომლის მუშაობის შედეგადაც იქნა მიღებული სინოდის მიერ ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილება.

"ეს არის ღვთის წყალობა, რომ აი, ამ აზრზე დადგა წმინდა სინოდის წევრები. მათ შორის მისი უწმინდესობაც დათანხმდა, აი, ამ წინადადებას და ახლა მზადდება ტექსტი, რომ ჩვენ მივმართოთ ხელისუფლებას, რომ გაითვალისწინონ 95% მართლმადიდებელი ქრისტიანის აზრი ამასთან დაკავშირებით, რომ ნამდვილად ჩვენ მოგვეცეს არჩევანის უფლება და არა იძულებით თავს მოგვახვიონ ელექტრონული ბარათები. მისმა უწმინდესობამ ისიც კი ბრძანა, რომ გამოიცეს ბროშურების სახით, რომ მთელ საქართველოში დარიგდეს ეს და ინფორმირებული იყოს მოსახლეობა ამ ელექტრონულ ბარათებთან დაკავშირებით", – განაცხადა ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა.

მეუფე იობი ელეტრონულ ბარათებს უწოდებს "განსაცდელს, რომელი სურთ, რომ თავს მოგვახვიონ და ასე შეავიწროვონ ჩვენი მრწამსი და სარწმუნოება".

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ID ბარათის აღების სურვილი ამ დრომდე 120 ათასამდე ადამიანმა გამოთქვა. ID ბარათების გაცემა საქართველოში გასული წლის ივლისიდან დაიწყო.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ნაწილი ანტიქრისტიანულად მიიჩნევს ელექტრონული საბუთებს და უარს აცხადებს მათ გამოყენებაზე.