ახალი ამბები

მოსწავლეების საპროტესტო აქცია ჩაიშალა

19 ნოემბერი, 2010 • • 1143
მოსწავლეების საპროტესტო აქცია ჩაიშალა

 

მეთორმეტეკლასელების საპროტესტო აქცია, საატესტაციო გამოცდების გაუქმების მოთხოვნით, ჩაიშალა. პარლამენტის წინ დღეს მხოლოდ ათამდე მოსწავლე შეიკრიბა.

Image 2615
Image 2615

15.00 საათზე პარლამენტთან მისული ჟურნალისტებს არც ერთი მეთორმეტე კლასელი არ დახვდათ. რამდენიმე წუთში აქციაზე მოძრაობა არა-ს წევრები გამოჩნდნენ. მათ განაცხადეს, რომ დღეს ისინი მხოლოდ სოლიდარობისთვის იყვნენ მისული და აქციის საორგანიზაციო საკითხებში არ ჩარეულან.

დაახლოებით 15-20 წუთში პარლამენტის წინ მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები გამოჩნდნენ. ანანო კაკალაშვილმა, საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისთვის უცნობია მიზეზი, თუ რატომ არ მოვიდნენ მოსწავლეები აქციაზე.

,,გუშინ გვქონდა საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა, სადაც საორგანიზაციო დეტალებს გადავხედეთ. ველოდით, რომ მოვიდოდნენ ბავშვები, ბევრი შეგვეხმიანა გუშინაც და გვითხრეს, რომ ჩვენ გვერდით არიან”, – ამბობს კაკალაშვილი.

საინიციატივო ჯგუფის წევრებმა საპროტესტო აქციის ჩაშლა მოსწავლეების დაშინების მიზეზს დაუკავშირეს.

,,სკოლებში ბავშვებს ისევ ემუქრებიან, რომ თუ აქციებზე გამოვლენ, ატესტატებს ვერ აიღებენ. ალბათ, ისევ ასე მოხდა და კიდევ დააშინეს და ამიტომ ვერ მოვიდნენ. მე ვიცოდი, რომ უნდა მოსულიყვნენ’’, – განმარტავს ანი მუსხელიშვილი, ასევე, საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.

საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სამომავლო მიზნების შესახებ დღეს არ ისაუბრეს.

მეთორემეტეკლასელებმა პირველი საპროტესო აქცია, საატესტაციო გამოცდების გაუქმების მოთხოვნით, 9 ნოემბერს ჯერ პარლამენტთან, შემდეგ კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან გამართეს, რასაც მეორე დღეს თბილისის 8 საჯარო სკოლის დირექტორის გათავისუფლება მოჰყვა. საპროტესო აქციაში მონაწილე მოსწავლეების თქმით, მათზე სხვადასხვა ტიპის ზეწოლა განხორციელდა. განათლების სამინისტროს მხრიდან ზეწოლის თაობაზე ღიად განაცხადა #149 საჯარო სკოლის დირექტორმაც.

საატესტაციო გამოცდების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010 წლის დასაწყისში მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი