26.01.2012

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის ბუნდოვანი მუხლი

არჩევნები,

კუბლაშვილს მაგალითი მოჰყავს აღნიშნული მუხლის განმარტებისთვის. მისი განცხადებით, თუ ადამიანმა, რომელსაც აქვს შპს, გადაწყვიტა, რომ თავისი შპს–ის მეშვეობით, დაიქირაოს რამდენიმე ასეული ადამიანი , რომელსაც ჩართავს პოლიტიკურ პროცესში, ასეთი იურიდიული პირი ექცევა დაფინანსების მხრივ კონტროლის ქვეშ და მასზე გავრცელდება შეზღუდვები


მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონის 261–ე მუხლით პარტიისთვის დადგენილი შეზღუდვები ვრცელდება:

  • იურიდიულ პირზე, თუ ის პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პარტიასთან, სხვაგვარად იმყოფება პარტიის კონტროლის ქვეშ, ან აქვს გაცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები;

  • იურიდიულ პირზე, რომელიც წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით მოუწოდებს ამომრჩეველს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისკენ ან მხარდაჭერისგან თავის შეკავებისკენ;

  • პირზე, რომელსაც აქვს გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო  მიზნები და ამოცანები მასთან დაკავშირებულ პირზე, აგრეთვე, მასთან საქმიანი ურთიერთობის მქონე პირზე, რომელსაც აქვს პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები, ან ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც გავლენას ახდენს არჩევნებში, პლებისციტსა და რეფერენდუმში საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური ნების გამოვლენაზე და ეს ქმედებები ხორციელდება ამ კანონის რეგულაციებისთვის გვერდის ავლის მიზნით.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, ეს პუნქტები არ იძლევა კანონის ნათლად აღქმის საშუალებას და იძლევა სხვადასხვაგვარ ინტერპრეტირებას.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის განმარტებით, ყველა ნორმა, რომელიც აღნიშნულ კანონშია შეტანილი, ერთობლიობაში უნდა იყოს განხილული და არ უნდა მოხდეს ცალკეული ნორმების სხვადასხვაგვარი ინტერპრეტირება.

ვის შეეხება პარტიისთვის დადგენილი შეზღუდვები და ვისზე იმოქმედებს ეს კანონი?


კუბლაშვილს მაგალითი მოჰყავს აღნიშნული მუხლის განმარტებისთვის. მისი განცხადებით, თუ ადამიანმა, რომელსაც აქვს შპს, გადაწყვიტა, რომ თავისი შპს–ის მეშვეობით, დაიქირაოს რამდენიმე ასეული ადამიანი , რომელსაც ჩართავს პოლიტიკურ პროცესში, ასეთი იურიდიული პირი ექცევა დაფინანსების მხრივ კონტროლის ქვეშ და მასზე გავრცელდება შეზღუდვები.

მისივე თქმით, ნებისმიერი აქტივობა, რომელიც უკავშირდება პოლიტიკურ პროცესს, უნდა იყოს გამჭვირვალე ფინანსური თვალსაზრისით. ნებისმიერი აქტივობა, რომელიც არ უკავშირდება რომელიმე პოლიტიკურ ძალას, არ მოექცევა ამ შეზღუდვების ქვეშ.

"არასამთავრობოები, რომლებიც ცდილობენ, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას გარკვეულწილად გაუწიონ დახმარება, ეს არც არის და ვერც იქნება შეზღუდული ამ კანონით. აქ არის საუბარი მხოლოდ იმ შემთხვევაზე, როდესაც არასამთავრობოები ექსკლუზიურად რომელიმე პოლიტიკური ჯგუფისთვის მუშობენ და მისი პოლიტიკური მიზნებისთვის ახორციელებენ საქმიანობას.

მაგალითად, მე ვარ არასამთავრობო და შეიძლება მქონდეს გაცხადებული პოლიტიკური მიზნები. ვთქვათ, ჩემი არასამთავრობო ეხმარება “ცხოველთა დაცვის საზოგადოებას”.  ამაში იგულისხმება პოლიტიკა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ჩემი არასამთავრობო მოხვდება ამ შეზღუდვებში? – რა თქმა უნდა, არა, იმიტომ, რომ გარდა პოლიტიკურისა, საარჩევნო მიზანიც უნდა იყოს და მეორეც, თუ ამ მომსახურებით, ვაცხადებ, დაუჭირეთ მხარი ყველა იმ პარტიას, რომელიც დაიცავს ცხოველებს, ეს ლეგიტიმურია, მაგრამ თუ დავიწყებ კამპანიას რომელიმე პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, უნდა გავრცელდეს შეზღუდვები," – განაცახადა კუბლაშვილმა.

არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ რომელიმე საქველმოქმედო ორგანიზაცია ან პირი, რომელიც არ ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას და დაკავებულია სხვადასხვა ტიპის საქმიანობით, მათ შორის ეწევა ძალიან დიდ ქველმოქმედებას და მას არ აქვს კავშირი არავითარ პოლიტიკურ პარტიასთან, თუ ის გამოვა დღეს და განაცხადებს, რომ თვლის, ესა თუ ის პარტია უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ამ შემთხვევაში მასზე გავრცელდება პოლიტიკური პარტიებისთვის არსებული შეზღუდვები. ეს იმას ნიშნავს, რომ  ამ შემთხვევაში ვეღარ განახორციელებს საქმიანობას, იგივე ქველმოქმედებას, და მის შემოსავლებზეც იქნება ისეთივე ლიმიტები, როგორიც პოლიტიკურ პარტიებს აქვთ.

კოალიცია "არჩევანის თავისუფლებისთვის" წარმომადგენლის, ირაკლი მელაშვილის განცხადებით, თუ რომელიმე შპს–ის დირექტორმა პარტიის მხარდაჭერის შესახებ არჩევნებზე განაცხადა, ეს ახდენს გავლენას მის საქმიანობაზე იმიტომ, რომ თუ პოპულარული პიროვნება (მსახიობი, ბიზნესმენი, თეატრის დირექტორი) მოუწოდებს ვიღაცას, რომ ამ კაცს ვუჭერ მხარს, ეს ამ კანონით დაუშვებელია.

ამ შეფასებებს კატეგორიულად არ ეთანხმება პავლე კუბლაშვილი და აღნიშნავს, რომ აგიტაცია კანონით არ იკრძალება.

"აგიტაცია ვერც ერთ ფიზიკურ პირს ვერ აეკრძალება. აქ საუბარია იმაზე, რომ თუ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა და ამით უნდა, რომ გვერდი აუაროს კანონის მოთხოვნებს, ანუ ვიღაცა იყენებს ამ ფიზიკურ პირს იმისთვის, რომ  ან შემოწირულობა მიიღოს უფრო მეტი, ვიდრე ეს კანონით არის დადგენილი, ან ხარჯი ჰქონდეს უფრო მეტი, ან უცხო პირისგან მიიღოს შემოწირულობა... თუ ამისთვის იყენებენ, მაშინ ეს ფიზიკური პირი ითვლება დაკავშირებულ პირად და მასზე კონტროლი გავრცელდება," – განაცახდა კუბლაშვილმა.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" საარჩევნო პროექტების კოორდინატორის, ლელა ტალიურის შეფასებით, იმ იურიდიულ პირს, რომელიც მოიაზრება პარტიებთან, აეკრძაკლება სამეწარმეო საქმიანობის  განხორციელება.  რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია ვეღარ გააგძელებს მოღვაწეობას, მოგების მიღება აღარ შეეძლება, რაც მის ლიკვიდაციას გამოიწვევს.

მისივე განმარტებით, თავდაპირველ ვერსიაში გათვალისწინებული არ იყო, რომ ფიზიკური პირებისთვისაც დაწესებულიყო იურიდიული პირების მსგავსი შეზღუდვები.