25.01.2012

საკანონმდებლო ცვლილება ქალების პოლიტიკაში ჩართულობის გაზრდისთვის

პოლიტიკა, არჩევნები, ფემინიზმი,
“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში ახალი მუხლის (30 მუხლის 71 პუნქტი) თანახმად, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც იღებს დაფინანსებას ამ მუხლით დადგენილი წესით, მიიღებს დაფინანსებაზე დანამატს 10 პროცენტის ოდენობით, თუ მის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე – ყველა პარტიულ სიაში) ყოველ 10 კანდიდატს შორის განსხვავებული სქესი წარმოდგენილია სულ მცირე 20 პროცენტით.”


რამდენად გაიზრდება ქალთა მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში? – ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს, 25 იანვარს, "ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა" (NDI) და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, რუსუდან კერვალიშვილის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე პოლიტიკურმა პარტიებმა იმსჯელეს.

აღნიშნულ შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ბოლო დროს “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში ამ კუთხით შეტანილი ცვლილება.

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში ახალი მუხლის (30 მუხლის 71 პუნქტი) თანახმად, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც იღებს დაფინანსებას ამ მუხლით დადგენილი წესით, მიიღებს დაფინანსებაზე დანამატს 10 პროცენტის ოდენობით, თუ მის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე – ყველა პარტიულ სიაში) ყოველ 10 კანდიდატს შორის განსხვავებული სქესი წარმოდგენილია სულ მცირე 20 პროცენტით.”

“ნეტგაზეთთან” კომენტარში  “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლუის ნავარომ დადებითად შეაფასა ეს ცვლილება:

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილების მიხედვით, ერთი მხრივ, იზრდება განსხვავებული სქესის წარმომადგენლების ჩართულობა პოლიტიკურ ცხოვრებაში და მეორე მხრივ, დამატებითი თანხების გამოყოფა მოხდება პარტიებისთვის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ამ ნაწილს მე დადებითად შევაფასებ და ვთვლი, რომ პოზიტიური ნაბიჯია ეს კანონმდებლობაში”.

გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, რუსუდან კერვალიშვილის განცხადებით, ამ ცვლილებით საქართველომ 185–ე ადგილიდან  პირველ ხუთეულში გადაინაცვლა.

“იმიტომ, რომ საქართველომ მიიღო ორგანულ კანონში ცვლილება, რითიც მიეცათ არა კვოტები, არამედ პირდაპირი დაფინანსება პარტიებს, რომლებიც პარტიული სიების ყოველ ათეულში წარმოადგენენ 20 პროცენტს განსხვავებულ სქესს,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” კერვალიშვილმა.

ქალთა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვას დადებითად აფასებენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

Image 6034

Image 6034


“მრეწველების” წევრის, ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, ქალბატონებს აქტიურად უნდა გაეხსნათ გზა პოლიტიკურ ცხოვრებაში და რაც მთავარია, ამ მხრივ ეს ქალების აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული. ეს, ასევე, იქნება წახალისება პოლიტიკური პარტიების, რომლებიც მეტად წარმოადგენენ საარჩევნო სიებსა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალბატონებს.   

“ახალი მემარჯვენეების” წევრი მანანა ნაჭყებია მიიჩნევს, რომ ახალი კანონი ამ მხრივ ხელს შეუწყობს ქალების გააქტიურებას პოლიტიკურ არენაზე.

“თავისუფალი დემოკრატების” წევრი თეა წულუკიანი “ნეტგაზეთთან” აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოს პარლამენტში სამარცხვინო სიტუაციაა, 10 ქალიც კი არ არის. სახელისუფლებო მაღალ ეშელონებში, სადაც რეალურად მიიღება გადაწყვეტილებები, იქ ქალთა ჩართულობა არარსებულია, რაც, რა თქმა უნდა,  მიუღებელია. მისივე თქმით, პარტია “თავისუფალი დემოკრატები” მიზნად ისახავს, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში გაზარდოს ქალთა ჩართულობა სხვადასხვა სახელისუფლებო ორგანოებში.

შეგახსენებთ, 2010 წლის აპრილში NDI–ის მხარდაჭერით გამართულ კონფერენციაზე 11–მა პოლიტიკურმა პარტიამ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლებმაც იკისრეს ქალთა როლის პოლიტიკურ პროცესში გაზრდა.

დღეისთვის პარლმენტის 150 წევრიდან მხოლოდ 9 (6%) გახლავთ ქალი.