ეკონომიკა

”ქრისტიან-დემოკრატები” ფინანსთა მინისტრისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

15 ნოემბერი, 2010 • • 1176
”ქრისტიან-დემოკრატები” ფინანსთა მინისტრისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

ფრაქცია ”ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანი და ძალოვანი სტრუქტურების ვეტერანები ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილისგან ბოდიშის მოხდას და მათი პენსიის საკითხის გადაწყვეტას ითხოვენ. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 11 ნოემბერს  ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის დროს ”ქრისტიან-დემოკრატები” ძალოვანი სტრუქტურების ვეტერანებისათვის საპენსიო დანამატის გაზრდას ითხოვდნენ და ეს ერთ-ერთი იმ მოთხოვნათაგანი იყო, რომელზეც ”ქრისტიან-დემოკრატები” და ფინანსთა მინისტრი ვერ შეთანხმდნენ.  

“ფინანსთა მინისტრმა 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადამიანთა ღირსების შემლახველი განცხადება გააკეთა, როდესაც ძალოვანი სტრუქტურების 50 ათასამდე ვეტერანს სუკ–ის აგენტები და კორუმპირებულები უწოდა. 30– წლიანი სტაჟის მქონე პოლკოვნიკებისა და ვიცე–პოლკოვნიკების დანაშაული თურმე ის ყოფილა, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. ეს ადამიანები მეხუთე წელია ისედაც დამცირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან, როცა დამსახურებული პენსიის ნაცვლად, 5–7 ლარიან კომპენსაციებს უხდიან და ახლა კიდევ საჯაროდ შეურაცხყოფენ”, – განაცხადა  გიორგი ახვლედიანმა და ფინანსთა მინისტრს ოფიციალური ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვეტერანები ღირსების აღსადგენად სასამართლოს მიმართავენ, აღნიშნა საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ძალოვანი სტრუქტურების ვეტერანთათვის ნამსახურებისა და დამსახურების მიხედვით პენსიების დანიშვნის შემთხვევაში, ბიუჯეტში დაახლოებით 36 მლნ. ლარი უნდა გამოიყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი