16.12.2011

ქარტიის საბჭო მანდატის გაფართოებას ითხოვს

მედია,
17 დეკემბრის სხდომაზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო  ცვლილებების პროექტს წარმოადგენს. ერთ–ერთი ცვლილება ითვალისწინებს საბჭოს მანდატის გაფართოებას: კერძოდ, საბჭო ითხოვს უფლებას, განიხილოს განცხადება, რომელიც ეხება იმ პირის მიერ ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დარღვევას, რომელიც არ არის ქარტიის წევრი.

17 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა რიგით მესამე საერთო კრება გაიმართება.

სხდომის ფარგლებში ქარტიის საბჭო მიმდინარე წლის მანძილზე გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარმოადგენს.

წელს ქარტიის ხელმომწერთა მხრიდან ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სხვადასხვა პრინციპის დარღვევის შესწავლის მიზნით საბჭოში 5 განცხადება შევიდა: აქედან ორი – გაზეთ "პრაიმ–ტაიმის" წარმომადგენლების წინააღმდეგ, ერთი – ჟურნალ "ლიბერალის" მთავარი რედაქტორის წინააღმდეგ, ერთი – "გაზეთ ბათუმელების" რეპორტიორის და ერთიც– ქარტიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის წინააღმდეგ.

საბჭომ დააკმაყოფილა "სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის" განცხადება და მიიჩნია, რომ თამარ ფხაკაძემ გაზეთ "პრაიმ–ტაიმში" გამოქვეყნებული სტატიით დაარღვია ქარტიის მე–8 (ეხება ბავშვთა უფლებებს) და მე–10 (პირადი ცხოვრების პატივისცემა) მუხლები.

საბჭომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა თეა თოფურიას განცხადება და მიიჩნია, რომ მირიან ბოქოლიშვილმა გაზეთ "პრაიმ–ტაიმში" გამოქვეყნებული სტატიით – „სკანდალური  გადაცემის შემდეგ მაია ასათიანს სიკვდილით ემუქრებიან“ – დაარღვია ქარტიის პირველი (ეხება ინფორმაციის სიზუსტეს) და მე–7 (ეხება სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციას) მუხლები. საბჭომ მიიჩნია, რომ ბოქოლიშვილს არ დაურღვევია მე–11 პრინციპი (ფაქტის განზრახ დამახინჯება), რაზეც განმცხადებელი, ასევე, მიუთითებდა.

საბჭომ განიხილა "დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრის" განცხადება შორენა შავერდაშვილის წინააღმდეგ "ლიბერალში" გამოქვეყნებული სტატიის გამო და მიიჩნია, რომ ქარტიის წევრმა დაარღვია მე–7 პრინციპი, თუმცა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი დააფიქსირა საბჭოს ორმა წევრმა.

საბჭომ განუხილველად დატოვა მამუკა ღლონტის (ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ–ერთი დამფუძნებელი) განცხადება ქარტიის საბჭოს თავმჯდომარის ზვიად ქორიძის წინააღმდეგ. ღლონტი განცხადებაში მიუთითებდა, რომ გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში ქორიძემ დაარღვია ქარტიის პირველი (ამ მუხლის შესაბამისად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია) და მესამე (მესამე მუხლის მიხედვით, ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია) მუხლები.

ღლონტის განცხადებასთან დაკავშირებით საბჭომ განმარტა, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში ქარტიის წევრი ზვიად ქორიძე არ ახორციელებდა ჟურნალისტურ საქმიანობას, არამედ ის იყო რესპონდენტის ამპლუაში:

"ქარტიის წევრობა არ გულისხმობს პირის ვალდებულებას, რომ დაიცვას მისი დებულებები, როდესაც არ ახორციელებს ჟურნალისტურ საქმიანობას, ხოლო, თავის მხრივ, საბჭოს არ გააჩნია ლეგიტიმაცია, რომ გასცდეს პირის ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებს და შეაფასოს პირის ქმედების შესაბამისობა ქარტიის დებულებებთან, როცა ეს ქმედება არ უკავშირდება ჟურნალისტურ საქმიანობას."

კიდევ ერთი განცხადება საბჭომ "გაზეთ ბათუმელების" რეპორტიორის ემზარ დიასამიძის წინააღმდეგ მიიღო. განმცხადებელმა თამარ ჩხეიძემ მიუთითა, რომ დიასამიძემ სტატიაში – „სასჯელი მასტურბაციისათვის“– დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი. საბჭომ საქმის განსახილველად მომზადების მიზნით დაიწყო შიდამარეგლამენტირებელი დოკუმენტებით განსაზღვრული ქმედებების განხორციელება. მოსამზადებელ ეტაპზე საბჭომ მხარეებს შესთავაზა, რომ საქმე მედიაციით დასრულებულიყო. განცხადების განსახილველად ჩაინიშნა საბჭოს სხდომა. სხდომის დაწყებამდე მხარეებს შორის მედიაციის კუთხით რაიმე შედეგი მიღწეული არ იყო. სხდომის გახსნამდე განმცხადებელმა თამარ ჩხეიძემ საბჭოს განუცხადა, რომ მას სურდა წარდგენილი განცხადების უკან გათხოვა.  ქარტიის შიდამარეგლამენტირებელი დოკუმენტებით დადგენილი წესების შესაბამისად, საბჭომ დააკმაყოფილა თამარ ჩხეიძის თხოვნა და ემზარ დიასამიძის მიერ ქარტიის დებულებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტის დადგენის თაობაზე საქმის წარმოება შეწყვიტა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელიც 200–მდე წევრს აერთიანებს, 2009 წლის დეკემბერში შეიქმნა. ქარტიის წევრების მიერ 11 პრინციპის დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებებს განიხილავს 9 წევრისგან (აქედან 6 მათგანი მრეგიონულ მედიას წარმოადგენს და 3 – დედაქალაქისას) შემდგარი საბჭო. საბჭოს წევრები საერთო კრების მიერ აირჩევიან.

წესდების შესაბამისად, ხვალინდელ სხდომაზე საბჭოს სამი ახალი წევრი აირჩევა სამი წლის ვადით (ორი რეგიონული მედიის წარმომადგენელი და ერთი – დედაქალაქში რეგისტრირებული მედიიდან).

ხვალინდელ სხდომაზე საბჭო ცვლილებების პროექტს წარმოადგენს. ერთ–ერთი ცვლილება ითვალისწინებს საბჭოს მანდატის გაფართოებას: კერძოდ, საბჭო ითხოვს უფლებას, განიხილოს განცხადება, რომელიც ეხება იმ პირის მიერ ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დარღვევას, რომელიც არ არის ქარტიის წევრი.

მოქმედი წესდებით, საბჭო უფლებამოსილია მხოლოდ ქარტიის ხელმომწერთა მიერ ქარტიის პრინციპების დარღვევის საკითხების განხილვაზე. ცვლილებებისთვის აუცილებელია, რომ ხვალინდელ საერთო კრებაში ქარტიის წვერთა 2/3 მონაწილეობდეს.

საბჭომ ზემოთ აღნიშნული ცვლილებები გასულ წელსაც შესთავაზა საერთო კრებას, თუმცა შარშან ეს საკითხი სწორედ იმის გამო ვერ გავიდა, რომ კრებაზე ქარტიის წევრთა საჭირო რაოდენობის შეგროვება ვერ მოხერხდა.