საზოგადოება

დაპირისპირება დევნილებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის

8 სექტემბერი, 2010 • 1468
დაპირისპირება  დევნილებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის

ეს დაპირისპირება დევნილებსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომლებს შორის, რომელიც ფიზიკურ შეხლა შემოხლაში გადაიზარდა,  7 სექტემბერს მოხდა. მაჩაბლის 8 ნომრიდან გამოსახლებული  30-მდე დევნილი სამინისტროს შენობასთან  გუშინ, დღის 11 საათისთვის, მივიდა.  დევნილები ოფიციალური პირებისგან საცხოვრებლებით უზრუნველყოფაზე პასუხს ელოდნენ.

აფხაზეთიდან დევნილები, რომლებიც მაჩაბლის ქუჩაზე 2008 წლის შემდეგ ცხოვრობდნენ, 15 აგვისტოს გამოასახლეს. დევნილები ამბობენ, რომ გამოსახლების შემდეგ არც ერთი ოჯახი არ დათანხმდა მთავრობის შეთავაზებას და ამჟამად ღამეს ნათესავ-ახლობლებთან ათევენ.

მთავრობა მათ  იმ საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემას სთავაზობს, რომლებიც სამეგრელოს რეგიონის შვიდ რაიონშია  რეაბილიტირებული.

სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეს შეთავაზება  გუშინ სამინისტროსთან შეკრებილ დევნილებს კიდევ ერთხელ შეახსენა.

 ”ჩხოროწყუ,  ხობი,  ზუგდიდი,  წალენჯიხა , აბაშა,  ფოთი,  სენაკი- ამჟამად თუ ვინმეს არა აქვს  საცხოვრებელი, შეუძლიათ იგი ამ რაიონებში  აირჩიონ  – განაცხადა ეკა გულუამ

ხმაური შეხვედრაზე სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა, რადგან დევნილები საცხოვრებელი ფართებით თბილისში დაკმაყოფილებას ითხოვდნენ.

ისინი ამბობენ, რომ წლების მანძილზე თბილისში ცხოვრობენ და არ იციან, შემოთავაზებულ რაიონებში როგორ იპოვნიან საარსებო წყაროს.

სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც სამინისტროს თანამშრომელმა გივი გოგიტიძემ ერთ-ერთ დევნილს, ნარგიზა მაქაცარიას უთხრა, უბინაო იმიტომ ხარ, რომ  ბინა გაყიდეო.

მაქაცარიამ  ნეტგაზეთს განუმარტა, რომ ბინა, რომლის შესახებაც  გოგიტიძე საუბრობს, თავად შეიძინა:  ”ჩემი საკუთრება იყო. როდესაც ჩამოვედი თბილისში, მაშინ შევიძინე.  მერე გამიჭირდა და გავყიდე.  ეს ბინა არ მოუცია ჩემთვის სახელმწიფოს”.

თუმცა მაქაცარიას და სხვა დევნილებს საკუთარი ფულით შეძენილი უძრავი ქონება რომც გააჩნდეთ, სახელმწიფომ, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის მიხედვით, მათ ერთჯერადი ფულადი  დახმარება  მაინც უნდა გაუწიოს.  

  ” მესამე ეტაპზე  დევნილ ოჯახებს, რომლებიც არ ისურვებენ საცხოვრებელი ფართის მიღებას, ვინაიდან მათ გააჩნიათ სათანადო შემოსავალი და სურვილი, თავად შეიძინონ  ბინა, მისი შეთავაზების ნაცვლად,  დახმარება გაეწევათ. ფულადი თანხა  მშენებლობისათვის საჭირო თანხაზე ნაკლები იქნება”, წერია სამოქმედო გეგმაში.

 

„თუ დევნილს აქვს საკუთრება, რომელიც თავად შეიძინა,  სახელმწიფო მას მაინც დაეხმარება.  მესამე ეტაპი ამას გულისხმობს.  შეიძლება დევნილს ჰქონდეს საკუთრება, მაგრამ, რასაკვირველია, დახმარებას მაინც მიიღებს” –  ამბობს სამინისტროს პრესცენტრში ეკა გულუა.

ამის მიუხედავად, ნეტგაზეთმა ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე, მაშინ  რატომ აპელირებდა დევნილებთან საუბრისას მათ მიერ  გაყიდული საკუთრებით  სამინისტროს თანამშრომელი გივი გოგიტიძე.

მაჩაბლის #8 -დან  გამოსახლებული აფხაზეთიდან დევნილი ზაირა ჩარკვიანი ამბობს, რომ 2008 წლამდე ბინას ქირაობდა, რისი შესაძლებლობაც მოგვიანებით აღარ ჰქონდა და საცხოვრებლის დაკმაყოფილების თხოვნით ეკონომიკის სამინისტროს მიმართა.

”ეკონომიკის სამინისტრომ მოგვწერა, მოგვენახა ისეთი ფართი, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში იყო, მაგრამ არ ფუნქციონირებდა  და მისამართი დაგვეზუსტებინა.  მოვნახეთ  ფართი, რომელიც სამი წელი არ ფუნქციონირებდა და  სახელმწიფოსიც იყო.  2008 წლის 5 მაისს გავაკეთე რეესტრიდან ამონაწერი, რის მიხედვითაც, ეს ფართი  არ იყო კერძო საკუთრება და ჩვენც  ამ შენობაში შევედით”.

 მოგვიანებით შენობა თბილისის მერიის ბალანსზე გადავიდა.  2010 წლის აგვისტოში კი  იქიდან დევნილები გამოასახლეს.

სამინისტროს შენობასთან გუშინ  ოჩამჩირედან დევნილი ემა ჯღამაძე ორ მცირეწლოვან  ბავშვთან ერთად მოვიდა და ნეტგაზეთს უთხრა, რომ  ღამის გათევას სამინისტროს წინ, კარავში,  აპირებდა:  ”გოგო ასთმიანი მყავს, ქირის ფული არა მაქვს, აქ პურს ვაჭმევ, ლავაში მოგვაქვს და ვსიო… ახლა ორივე სკოლაში, პირველ კლასში, მიდის , ჭერი არა მაქვს და როგორ უნდა ვატარო?  ახლობელთან ყოველ ღამე ხომ ვერ დავრჩები ღამე, მრცხვენია ასე, ორი ბავშვით.”

 სამინისტროს თანამშრომელთაგან  7 აგვისტოს მას არავინ  შეხვედრია.  სამინისტროს  სოციალურ საკითხთა სამმართველოს უფროსის მოადგილემ  შალვა ქელბახიანმა  მხოლოდ რამოდენიმე დევნილი გაიყვანა სასაუბროდ.  ერთ–ერთი მათგანი ზაირა ჩარკვიანი იყო, რომლის თქმითაც, სამინისტრო დევნილებს რუსთავში საცხოვრებლებით დაკმაყოფილებას ოქტომბრის დასაწყისისთვის შეპირპირდა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი