საზოგადოება

"ჭეშმარიტების სახელით ჭეშმარიტების წინააღმდეგ"

მშკ– მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი

მართლმადიდებელ  მშობელთა კავშირის ოფისი ორი პატარა ოთახია. პირველი, რაც თვალში მოგხვდება, კედელზე გაკრული ხატებია. აქ მისალმების შემდეგ, რომელიც, როგორც წესი, სიტყვა „მშვიდობით“ შემოიფარგლება, ხატებს ეამბორებიან.
თუმცა, სანამ ოფისში მიხვალ, თბილისის ერთ არც თუ ისე პატარა ქუჩაზე, ჭიშკარი უნდა შეაღო, რომელსაც რატომღაც ფეხსაცმელები ახატია. დღეს კი ეზოში ავი ძაღლია, მართალია, დაბმული, მაგრამ მაინც ავი. ოფისის კარამდე გასავლელი გზა კი, აქ პირველად მყოფს გაფიქრებინებს, რომ სხვაგან მოხვდი.


კარიდან გამოსული საკმეველის სუნის დახმარებით ეს შიში გიქრება და კარზეც თამამად აკაკუნებ.
ყოველ კვირა დღეს მართლმადიდებელ  მშობელთა კავშირში კრება იმართება. ეს კრება ღიაა და ნებისმიერს მსურველს შეუძლია დაესწროს.


ასეთ საკვირაო კრებას სასულიერო პირებიც ესწრებიან. ეს გასაკვირი სულაც არაა. ორგანიზაციის თანათავჯდომარის თქმით, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები სასულიერო პირებიც არიან.


თანათავმჯდომარე ავთანდილ უნგიაძე მათემატიკოსია. წლების წინ, სანამ კავშირის ორგანიზაციულ საკითხებში ჩაებმებოდა, ქვეყნისა და ეკლესიის ბედ–იღბალზე დაიწყებდა ფიქრს, მათემატიკის ინსტიტუტში მუშაობდა.


მისივე თქმით, მისი ცხოვრების „მედლის მეორე მხარე“ მუსიკაა. არა საეკლესიო საგალობლები, არამედ ეთნოჯაზი. დღეს უკვე პოპულარული ჯგუფი „შინ“, რომელიც გერმანიაში მოღვაწეობს, ადრე „ადიოს“ სახელით იყო ცნობილი. ავთანდილ უნგიაძე სწორედ „ადიოში“ მღეროდა.
გერმანიიდან დაბრუნებული უნგიაძე მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის გამგეობის წევრი გახდა, მოგვიანებით კი ორგანიზაციის თანათავმჯდომარე.

უნგიაძე

უნგიაძე


ორგანიზაციას, რომელიც 1995 წლიდან არსებობს, წევრთა სია არ აქვს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ყველა, ვინც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის იდეებსა და მიზნებს იზიარებს, ამ ორგანიზაციის წევრია.


მიზნები კი გამოკვეთილი და ძალიან ზუსტია. მათი სრული ჩამონათვალი ორგანიზაციის ინტერნეტ გვერდზეა  (www.religia.ge) განთავსებული. მოკლედ კი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი იმ ტრადიციების შენარჩუნებისთის იბრძვის, რომელიც მართლმადიდებლობას ეფუძნება. საფრთხე, რომელიც კავშირის წევრების აზრით, ამ რელიგიას დღეს ემუქრება, დასავლური ღირებულები, გლობალიზმია. საბოლოო ჯამში კი მიზანი „ბოლო ჟამისთვის“ მზადება და „ანტიქრისტეში გაერთიანებული გლობალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაა“.

”გლობალიზმის” წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ ერთი კავშირია ჩაბმული, მართლმადიდებელ მრევლის კავშირი, რომლის თავჯდომარეც ასევე ავთანდილ უნგიაძეა. განსხვავება ამ ორ კავშირს შორის რამდენიმეა. მრევლის კავშირში მხოლოდ საერო პირები არიან, მშობელთა კავშირში კი სასულიერო პირებიც. მრევლის კავშირში ეკლესიაში არსებულ პრობლემებს ებრძვის, მშობელთა კავშირი კი - საზოგადოების მანკიერებებს.

აბრივიატურა მშკ, რომლითაც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის არის ცნობილი, ბევრს ხუმრობა ჰგონია, ან კავშირის უვიცობას აბრალებს. ამას კი უნგიაძე იმით ხსნის, რომ მმკ (მრევლის კავშირი) არსებობდა და ამიტომაც მშობელთა კავშირი მშკ გახდა.  
როგორც მმკ ასევე  მშკ „ანტიქრისტეში გაერთიანებული გლობალიზმის“ ხორცის შესხმამდე, ამ ძალის გამოვლენის ნიშნებს  ავლენს და შეძლებისდაგვარად ახშობს კიდეც.

ამ მოვლენათა სიაში თავის დროზე მოხვდა რელიგიის ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელო  რევაზ თვარაძის ავტორობით, ჯოან როულინგის „ჰარი პოტერის“ ერთი შეხედვით უწყინარი სათავგადასავლო ისტორია, მაგებზე, რომელიც მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ბესტსელერია. დემ ბრაუნის „დავინჩის კოდი“, ისევე როგორც წიგნის ეკრანული ვერსია. ამ ჩამონათვალშია პაატა შამუგიას პოემა „ანტიტყაოსანი.“ მოგვიანებით ფილმებსა და წიგნებს სატელევიზიო გადაცემებიც შეურთდა, მათ შორის ახალგაზრდული გადაცემა „კედელი“ , „ჩვენი ექსპრესი“, „ჯეობარი“.

მართლმადიდებელ  მშობელთა კავშირის გაკიცხვის ობიექტი ხდება სხვადასხვა რელიგიური უმცირესობა, მაგალითად, იაღოველები, ორმოცდაათიანელები. ისინი გამოდიან კათოლიკური ტაძრების თუ მეჩეთების მშენებლობის წინააღმდეგ. აპროტესტებენ შეხვედრებსა თუ კონფერენციებს, სადაც მართლმადიდებლებთან ერთად სხვა რელიგიის წარმომადგენლებიც იმყოფებიან.
იბრძვიან დასავლური დღესასწაულების აღნიშვნის წინააღმდეგ, მაგალითად, არ მოსწონთ სიყვარულის დღე, ვალენტინობა და სატანისეულს უწოდებენ გოგრების დღესასწაულს, ჰელოუინს.

ეს ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს. ისევე როგორც იმ ადამიანთა ჩამონთვალი, რომელთაც დღემდე ახსოვთ მათ ცხოვრებაში შემოჭრილი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის სახეები.

კავშირის ერთ–ერთი პირველი „მსხვერპლი“ ფილოლოგი, ექსპერტი რელიგიის საკითხებში ნუგზარ პაპუაშვილია. მისი წიგნი - „რელიგიის კარიბჭე“ რელიგიიის ისტორიის დამხმარე სახელმძღვანელო, რომელსაც განათლების სამინისტრომ გრიფი მიანიჭა, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის საჩვრის გამო სწავლებიდან ამოიღეს. წიგნი 1996 წელს გამოიცა.

როგორც ავტორი ამბობს, „რელიგიის კარიბჭე“ ისტორიული ხასიათის წიგნია, რომელიც განკუთვნილია სახელმძღვანელოდ მასწავლებელთა კვალიფიკაციის კურსებისთვის, დამხმარე სახელმძღვანელო უფროსკლასელებისთვის და სტუდენტებისთვის.
1997 წელს, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა სასამართლოში იჩივლა რეზი თვარაძის სახელმძღვანელოს - „რელიგია და კულტურა“ და ნუგზარ პაპუაშვილის დამხმარე წიგნის მიმართ.

ეს სარჩელი, ძირითადად, რეზი თვარაძის წიგნს უკავშირდებოდა, ვინაიდან ის იყო სახელმძღვანელო, თუმცა კავშირი პაპუაშვილის წიგნზე გრიფის მოხსნასაც ითხოვდა.

სასამართლომ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის სარჩელი პაპუაშვილის წიგნის მიმართ იმ მოტივით დააკმაყოფილა, რომ უფროსკლასელებისთვის ეს საგანი დამტკიცებული არ იყო  სასკოლო საგნად და, შესაბამისად, დამხმარე სახელმძღვანელოს არსებობის საჭიროება ეჭვქვეშ დააყენა. რაც შეეხება რეზი თვარაძის სახელმძღვანელოს, სარჩელი იმ მოტივით დაკმაყოფილდა, რომ საგანი არ იყო რეგისტრირებული განათლების სამინისტროში.

პაპუაშვილი ფიქრობს, რომ სასამართლო უსამართლოდ მოიქცა:
‘”შეეშინდათ, რომ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს აქციები არ მოეწყო სასამართლოს წინ და სახელმწიფო არ დაედანაშაულებინა ანტიმართლმადიდებლობაში. ეს სარჩელი სასამართლოს არ უნდა მიეღო. იდეოლოგია სასამართლოს განსახილველი არ არის.“

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი იხსნებს სასულიერო აკადემიაში სწავლის წლებს, როდესაც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მიერ დაყენებულ საკითხზე დისკუსიამ „მოვარდნა–გაკიცხვის“ რეჟიმში გადაინაცვლა.

„დაიწყეს  მსჯელობა, რომ სად წავლენ ეს ბავშვები, ჯოჯოხეთში თუ სამოთხეში. საკითხს სვამდნენ ისეთი სასულიერო პირები, როგორებიც იყვნენ ლაზარე აბაშიძე და რაფაელ კარენინი. ისინი,  ფაქტობრივად, ეკლესიაში ამ ექსტრემისტული ფრთის იდეოლოგები არიან. დისკუსიებიამ საკითხზე გაიმართა. მართმადიდებელ მშობელთა კავშირის პოზიცია იყო - ეს ბავშვები ერთმნიშვნელოვნად მოხვდებიან ჯოჯოხეთში.“

და, მართლაც, მალევე,2002 წელს სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება მოუნათლავი და დაუბადებელი ბავშვების შესახებ.
დეკანოზი ანდრია, ინტერნეტ გვერდზე www.church.ge სინოდის გადაწყვეტილებას ასე ხსნის:

„ თუ ადამიანი გადის წუთისოფლიდან თავისი უმთავრესი მისიის შეუსრულებლად - ქრისტესთან შეუთვისებლად, მას ვერ ძალუძს სასუფეველში განსვენება. რა ასაკისაც არ უნდა იყოს ადამიანი... შეუძებელია საუბარი ისეთი პიროვნების ცხოვნებაზე, რომლის მიწიერ ცხოვრებაში არ აღსრულებულა უმთავრესი პირობა განახლებისა - ნათლობისმიერი შეერთება ქრისტესთან. ეს დაამოწმა კიდევაც წმიდა სინოდის განჩინებამ...უფლისათვის საყვარელია მონათლულიც და მოუნათლავიც. ღმერთი ყველას იქ განუჩენს სამყოფელს, სადაც კონკრეტული პირისათვის არის საუკეთესო. თვით ჯოჯოხეთიც ხომ ღმრთის უკანსკნელი მოწყალებაა ცოდვილთათვის.“

„მხილებას“ და „გაკიცხვას“ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი 2008 წლის 31 ოქტომბერს გასცდა, როდესაც ერეკლე მეორის ქუჩაზე გამართული ჰელოუინის დღესასწაული ჩაშალა და  ორგანიზაციის წევრებმა მონაწილეებს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს.

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ჰელოვინის დღესასწაულზე

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ჰელოვინის დღესასწაულზე


სანდრო გაბისონია, ჰელოუინის ორგანიზატორი იხსენებს დღეს, რომელიც, მისი თქმით, ორი გადმოსახედიდან ახსოვს. ის, რაც თავისი თვალით ნახა და ის, რაც მონაყოლით იცის.

„დაცვამ მამაო რომ დაინახა, გამოატარა, ისინი ხალხს ეუბნებოდნენ, წადით და ეკლესიაში ილოცეთო. ის, რაც ჩემი თვალით ვნახე, იყო ის, რომ სცენაზე ვიდექი, წამყვანი ვიყავი და ამოძვრა ჯერ ვიღაც ტიპი, ამოიყვანეს მღვდელი... მე როცა ვიკითხე, რა ხდება, რაშია საქმე–მეთქი, გადამაგდეს სცენიდან, პირდაპირი გაგებით, ხელი მკრეს და გადამაგდეს. მერე დაამტვრიეს მიქშერები, დავინახე ლეპტოპი როგორ დაამტვრიეს. სცენის უკან „რაზბორკასავით“ იყო: ე, ძმაო ფრთები რა პონტში გიკეთია, ანგელოზი ხარ? ხალხი ცემეს პირდაპირი გაგებით, ანუ ჩხუბი დაიწყო.”

ჰელოუნის დღესასწაულზე მშკ–ს მიერ ადამიანების ფიზიკურმა შეურაცხყოფამ და აპარატურის დამტრვევამ  ის შედეგი გამოიღო, რომ მომდევნო წელს ეს დღესასწაული ადამიანებმა დახურულ სივრცეში იზეიმეს.  იმის მიუხედავად, რომ 2008 წლის ჰელოუინი თბილისის მერიის მიერ იყო დაფინანსებული, სასამართლოში საჩივარი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წინააღმდეგ არ შესულა. მეტიც, სახალხო დამცველის ოფისშიც კი, მიუხედავად ომბუდსმენის ოფისთან მოლაპარაკებისა, საჩივარი არ შესულა.


სანდრო გაბისონია ამბობს, რომ არეული პერიოდის და ნოემბრის პოლიტიკური დაძაბულობის გამო არ გადადგეს ეს ნაბიჯი.
„მე, პირადად, მინდოდა, რომ გვეჩივლა. კანონით რომ დავპირისპირებოდით, რაღაც შედეგს მივიღებდით, შეიძლება არავის არაფერი არ აენაზღაურებინა, მაგრამ ფაქტი დაფიქსირდებოდა. რატომ არ გავაკეთეთ, ალბათ ჩვენი უნიათობის გამო.“
სხვისი ქონების ხელყოფა იურისტ გიორგი ბურჯანაძის თქმით, სამ წლამდე პატიმრობით ისჯება, ხოლო ფიზიკურ შეურაცხყოფას რაც ეხება, ინდივიდუალურად, დაზიანებების მიხედვით.

მკაცრი განცხადებების არ გაკეთების თუ საჩივრის სასამართლოში არ შეტანის ანალოგიური მიზეზი  –  ქვეყანში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარება - აქვს კახაბერ კურტანიძეს, ფილოსოფიის დოქტორს, იგივე მამა კახაბერს, რომელიც დღეს ეკლესიაში აღარ მსახურობს.

2009 წლის გაზაფხულზე, ილიას უნივერსიტეტში ასურელი მამების შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა, რომელშიც მართლმადიდებლების გარდა კათოლიკეებიც იღებდნენ მონაწილეობას. სწორედ ამ კონფერენციის დასკვნითი საღამო ჩაიშალა მართლმადიდებელ  მშობელთა კავშირის მიზეზით.

„შემოვიდნენ და პროტესტი გამოხატეს, - დაიწყეს ხალხისთვის შეურაცხყოფის მიყენება, თქვენ ხართ მწვალებლები, ღორებს მარგალიტებს რატომ უყრით და გმობთ ქრისტეს, თქვენ უფლება არ გაქვთ ასურელ მამებზე ილაპარაკოთო, რომ ჭავჭავაძის უნივერსიტეტი ეკუმენურია და ა.შ. ფაქტობრივად, დემარშივით იყო და დასკვნითი ღონისძიება ჩაიშალა. თუმცა, მესმის მათიც, გაღიზიანებულები იყვნენ.“

გარდა იმისა, რომ მოქალაქეების მხრიდან საჩივარი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ქმედებებზე სასამართლოში არ შესულა, არც საპატრიარქო გამოხმაურებია მსგავს ფაქტებს.

კათოლიკეების მიმართვაზე, არის თუ არა საპატრიარქო დაკავშირებული მართლმადიდებელ მშობელთა კავშირთან, საპატრიარქოს ოფიციალური პასუხი უარყოფითი იყო.

ავთანდილ უნგიაძე ერთ–ერთ კრებაზე საუბრობდა იმ მხარდაჭერაზე, რომელიც ორგანიზაციას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისგან აქვს:

” პირდაპირ გვაქვს კურთხევა იმისგან, რასაც ვაკეთებთ, მან პირდაპირ თქვა, რომ მრევლმა უნდა იაქტიუროს.”
„ამდენწლიანი საზოგადოების დატერორებისა და დაშანტაჟების მიუხედავად, არანაირი კონკრეტული ნაბიჯი საპატრიარქოს მათ წინააღმდეგ არ გადაუდგამს . ანუ ეს მხოლოდ სიტყვიერი გამიჯვნა. როცა ისინი ამა თუ იმ სიტუაციის გამო უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან, ცხადია სიტყვიერად ემიჯნებიან,“ - ამბობს ბექა მინდიაშვილი.

ხუთშაბათის კრებაზე, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირში ახალგაზრდები შეიკრიბნენ. კრებას, რომელსაც ორგანიზაციის თანათავმჯდომარე უძღებოდა, რამდენიმე მიზანი ჰქონდა. შექმნილიყო ორი ჯგუფი, რომელიც  ფორუმებზე იმუშავებს. კრებაზე ითქვა, რომ რამდენიმე ქართულ ფორუმზე მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ფრაზები ისმის. აქვე დამსწრეებს უნგიაძემ სთხოვა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაბმულიყვნენ დისკუსიაში, თუ მათთვის ფასეულ ზნეობრივ პრინციპებზე იქნებოდა საუბარი და არა პიროვნულ შეურაცხყოფაზე.

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირში

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირში


„ერთგან თქვეს, რომ ჩვენ უსაქმურები ვართ, ასეთებს არ გამოეხმაუროთ.“
თემა, რომელიც გაისმა იმ ორ შეკრებაზე, რომელსაც მე ვესწრებოდი, „ანტიქრისტეს გლობალიზმს“ , „ბოლო ჟამის მოახლოებასა,“ და ადამიანის 666–ით დანომრვას ეხებოდა.

ახალგაზრდებს, რომლებიც ხუთშაბათის კრებას ესწრებოდნენ (გოგონები ბიჭებისგან განცალკევებით ისხდნენ), ავთანდილ უნგიაძე ესაუბრებოდა იმის შესახებ, თუ როგორ კარგავდა ადამიანი საუკუნეების მანძილზე სულიერებას.

„აი, მაგალითად, მოცარტი, ეს მშვენიერი მუსიკაა, მაგრამ სულიერებისგან დაცლილი.“
სულიერების, ჭეშმარიტი რწმენის დაცვა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მიზანია. მათი თქმით, მართლმადიდებლებს მთელ მსოფლიოში ებრძვიან, როგორც ერთადერთ ჭეშმარიტ რელიგიას.

„ბნელი ძალები და სატანა მხოლოდ ამას ებრძვიან - მართმადიდებლობას, მაგრამ მართლმადიდებლობა მაინც მიდის და საბოლოო ჯამში მცირედ, თუ როგორც იქნება, გადაარჩენს ხალხს. მხოლოდ ის გადარჩება, ვინც მართლმადიდებელია და მართლმადიდებლურად მოინათლება, რადგან სატანა ცდილობს აცდუნოს ადამიანი. მთელი კაცობრიობის ისტორია არის მიმართული ამ ჭეშმარიტების წინააღმდეგ, არაფერი სხვა განზომილება კაცობრიობის ისტორიას არ აქვს, არავითარ ცივილიზაციას, არც ერთ კულტურას, ყველაფერი მხოლოდ მართლმადიდებლობის წინააღმდეგ არის მიმართული: ზოგი პირდაპირი გზით ებრძვის და ზოგი ირიბით, ყველაფერი მიდის ჯოჯოხეთისკენ და ეს ბიჭები, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირში იცავენ ამ რელიგიას.“
ასე განმარტავს კახაბერ კურტანიძე იდეოლოგიას, რომელიც ორგანიზაციას უდევს საფუძვლად.

ეკლესიის რადიკალური ფრთა – ასე აფასებს ბექა მინდიაშვილი კავშირს, რომლის სურვილი, მისივე თქმით, ირანისეული, თეოკრატიული საქართველოა.

 „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის რეიტინგი შეიძლება ძალიან დიდი არ იყოს, მაგრამ ამ სურვილს გასაქანი აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ საპატრიარქოს და,  უშუალოდ, პატრიარქის რეიტინგი ძალიან მაღალია და  იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტარებისა და საზოგადოების წარმომადგენლებისთვის - მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში - კანონზე მაღლა დგას პატრიარქის სიტყვა, ან კანონზე მაღლა დგას რჯულის კანონი, როგორც ეს განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, ეს იმის სიმპტომია,  რომ ამ ადამიანების ტვინშიც თეოკრატიული ამბები ტრიალებს,“ - ამბობს ბექა მინდიაშვილი.

დგას თუ არა რჯულის კანონი კონსტიტუციაზე მაღლა, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებისთვის, მარტივი კითხვაა.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაღიარებთ ქვეყნის კონსტიტუციას, მაგრამ თუ ქვეყნის კონსტიტუცია რაიმე ნაწილში დაუპირისპირდება ეკლესიას, ჩვენთვის ის იქნება მიუღებელია და იმ ნაწილში არ იქნება ჩვენი კონსტიტუცია,“ – ამბობს უნგიაძე.  

ბექა მინდიაშვილი მართლამდიდებელ მშობელთა კავშირის არსებობასა და მათ ქმედებებში ხედავს სახელმწიფოს მთავარ ხარვეზს.  
„სახელმწიფო ვერ შედგა, რადგან კანონის სივრცეში ვერც ეკლესია და ვერც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ვერ შემოიყვანეს. თუ არის ძალა, რომელიც კანონში ვერ შემოდის, ე.ი. სახელმწიფო არ გვაქვს. დღეს საქართველოში ძალაუფლების ორი წყაროა, ერთია საერო და მეორე რელიგიური. იმას თავისი კანონები აქვს და თავისას აწვება - თავისი პოლიცია ჰყავს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის სახით  და ამას - თავისი.“

 „ვინ არის მოძალადე, მე თქვენ გეკითხებით,“-  ისმის მართლმადიდებელ  მშობელთა კავშირის კრებაზე, - „ჩვენ თუ ისინი, ვინც მოდიან ჩვენს ქვეყანაში და უნებართვოდ აშენებენ ტაძრებს, ვინ არის მოძალადე?!“

კახაბერ კურტანიძე ფიქრობს, რომ „რელიგიურ შეუწყნარებლობას გასაქანი თუ მიეცი, ის გაანადგურებს ნებისმიერ პიროვნებას. ის...  შეკუმშული ზამბარასავითაა, რადგან ის იცავს ჭეშმარიტებას და ამ ჭეშმარიტების სახელით ის მოგსპობს, გაგანადგურებს.“

კომენტარი

სათაური:
goga
ვისგან:
შიგთავსი:
თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ ლიბერალიზმი და ჰუმანიზმი თავისი არსით სრულიად ეწინააღმდეგებიან არა მხოლოდ მართლმადიდებლობას, არამედ ყველა რელიგიას. რადგან მათი არსი მდგომარეობს პიროვნული ღმერთის უარყოფაში, ხოლო მის ნაცვლად ადამიანის და მისი გონების გაღმერთებაში, რაც უკვე წარმოადგენს ქრისტიანობისაგან განდგომას და თანამედროვე კერპმსახურებას. არსებობს ჭეშმარიტი და ცრუ, ანუ ფსევდოლიბერალიზმი. ჭეშმარიტი ლიბერალიზმი (სიტყვიდან „თავისუფლება“) ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში იქადაგა იესო ქრისტემ, ეს მოძღვრება ადასტურებს ადამიანის თავისუფალ ნებას და მოუწოდებს მას ღვთის მცნებების დაცვით ცოდვებისა და ცოდვითი სურვილებისაგან განთავისუფლებას, ანუ „მონანიების ღირსი ნაყოფის გამოღება, რის გარეშეც შეუძლებელია სულის გადარჩენა (მათე 3: 8). ასევე არსებობს ამის საწინააღმდეგო ცრუ ლიბერალიზმი, რომელიც უძველესი წარმართ ქურუმთა მოძღვრებას წარმოადგენს, რომლებმაც მოგვიანებით შექმნეს საკუთარი ფილოსოფიური სკოლები და საიდუმლო საზოგადოებები, სადაც შეიმუშავეს საკუთარი საიდუმლო მოძღვრება – პანთეიზმი, რომლის არსიც საკუთარი ერების „ღმერთების“ უარყოფაში და მთელი ბუნების გაღმერთებაში მდგომარეობდა, ეს მსოფლმხედველობა კი მიდიოდა ადამიანის, როგორც ქმნილებათა შორის ყველაზე გონიერი და სრულყოფილი არსების გაღმერთებისაკენ. თავისი არსით ეს უკვე იყო კერპმსახურება. ეს მოძღვრება ქადაგებდა ყოველგვარი ზნეობრივი კანონებისგან სრულ განთავისუფლებას. ეს მოძღვრება მოგვიანებით ქალდეველებისაგან გადაიღეს ბაბილონში გადასახლებულმა ებრაელებმა ფარისეველებმა, რომელთა წაქეზებით ებრაელის ერის დიდმა ნაწილმა ფიზიკურად მოკლა კაცობრიობის ხსნისათვის განხორციელებული დიდების უფალი (1 კორინთელთა 2: 8). უფლის სიკვდილის შემდეგ ფარისეველებმა ქრისტიანული ეკლესიის წიაღში მისი შიგნიდან დანგრევის მიზნით შექმნეს გნოსტიკოსების სექტა, შემდგომში გნოსტიციზმიდან წარმოიშვნენ მანიქეველების, ლუციფერიანელების, ოფიტების, კათარების, ალბიგოელების, ანაბაპტისტების და ა.შ. სექტები, ასევე ტამპლიერების ორდენი, მათ გარდა შეიქმნენ ნეოპლატონიკოს– ნატურფილოსოფოსთა საიდუმლო საზოგადოებები, მათი მიზანი მდგომარეობდა "მთელი სამყაროს რეფორმაციაში", ანუ, "ქრისტეანული ცივილიზაციის შეცვლაში - ნატურალიზმის ცივილიზაციით, რომელიც იძლევა ყოველგვარ კანონთაგან სრულ თავისუფლებას" (Henri Delassus, "Probleme de L'Heure Presente, Antagonisme de deux Civilisations", с.68). მათი ზეგავლენით შეიქმნა მ. ლუთერის მოძღვრებაც, რომელიც თავისი არსით მოდერნიზებული გნოსტიციზმი იყო . . . ქალდეური ფილოსოფია შემდგომში საფუძვლად დაედო სატანისტების ფილოსოფიას, რომელშიც ადამიანის, როგორც სრულიად თავისუფალი არსების თაყვანისცემა ერთ–ერთ ძირითად მოძღვრებად იქცა. ცნობილი სატანისტი ალისტერ კროული წერდა: „არ ასებობს სხვა ღმერთი გარდა ადამიანისა, მას უფლება აქვს, იცხოვროს თავისი კანონებით, როგორც უნდა და სადაც უნდა. აქვს უფლება მოკვდეს ისე, როგორც სურს და დახოცოს ისინი, ვინც მას ამ უფლებებს უზღუდავს“. წარმართულ-კაბალისტურ სწავლებას ეფუძნება ის ფილოსოფიური მიმართულებაც, რომელმაც ჰუმანიზმის (ანუ ადამიანის გაღმერთების) სახელწოდებით სრულიად დაიპყრო „აღორძინების“ ეპოქის ადამიანთა გონება. ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ეს ცრუ ლიბერალიზმი ქადაგებს ადამიანის განთავისუფლებას ღვთის მცნებებისა და იმ ზნეობრვი კანონებისაგან, რომელიც ადამიანს ცხოველისაგან განასხვავებს და „თავისუფლების“ ნიღბით ცდილობს, ადამიანი ჯერ ცხოველის, შემდეგ კი დემონის დონემდე დასცეს, ამას კი „პროგრესს“ და „განვითარებას“ ეძახის. ფსევდო ლიბერალიზმი ცალსახად წარმოადგენს ანტიქრისტიანულ მიმდინარეობას, რადგან: როგორც უკვე აღვნიშნე, იგი უარყოფს ღმერთს, ხოლო ადამიანი და მის გონება აჰყავს ღვთაების დონეზე. თავისი არსით ეს უკვე არის თანამედროვე კერპმსახურება. იგი ცდილობს, ქრისტიანული ზნეობის და ღირებულებების დაკნინების ხარჯზე საკუთარი ღირებულებები უმაღლეს საერთაშორისო სტადარტებად გამოაცხადოს; იგი ერთმანეთში ურევს და ვითომდა თანაბარ უფლებებს ანიჭებს ჭეშმარიტებას და სიცრუეს, სიკეთეს და ბოროტებას; ზნეობას და უზნეობას, მაგრამ სინამდვილეში ცდილობს, მოსახლეობის უმცირესი ნაწილის არატრადიციული უზნეობა და გარყვნილება სიწმინდეზე უწინ დააყენოს და ტრადიციული რელიგიების უფლებების შეზღუდვით მისი უფლებები დაიცვას; (ეს უკვე ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპს, რადგან დემოკრატია ყოველთვის უმრავლესობის უფლებებს იცავს); იგი ცდილობს რელიგიის და ეროვნული სახელმწიფო ძალაუფლების შეზღუდვას და მათ დაქვემდებარებას ზესამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციებზე . . . აქ მრავალი აზრი გამოითქვა შემწყნარებლობასთან დაკავშირებით, მაგრამ რა არის შემწყნარებლობა და როგორი შემწყნარებლობა არის მისაღები ქრისტიანისათვის? სახარებაში უფალმა იესო ქრისტემ ამის შესახებ თქვა, რომ ქრისტიანმა უნდა მიიღოს და შეეწიოს გასაჭირში ჩავარდნილ ადამიანს, თუნდაც თავის მტერს, წმ. პავლე მოციქულმა დაადასტურა, რომ ქრისტიანი ყველასთან მშვიდობიანად უნდა იყოს (ტიტე 3: 2); ასევე: „ეცადეთ იქონიოთ ყველასთან სიმშვიდე და სიწმინდე, ურომლისოდაც ვერავინ იხილავს უფალს“ (ებრაელთა 12: 14). მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს ყველაფრის მიღებას და ყველაფერთან „ტოლერანტულ“ შეგუებას: როდესაც იესო ქრისტემ ღვთის ტაძარში ფულის გადამხურდავებლები და მსხვერპლად შესაწირი ცხოველ-ფრინველების გამყიდველები იხილა, საბლის შოლტით განდევნა წმიდა ტაძრის წამბილწველები (იოანე 2: 14-16), ამასთან, უფალი დაუნდობლად ამხელდა თვალთმაქცი ფარისეველების უკეთურებებს, მათ შორის იმ დროისათვის ჭეშმარიტი სარწმუნოების - მოსეს რჯულის დამახინჯებას (მათე 15: 3-9), მათ თვალთმაქცობას და ბოროტ მკრეხელობას, ადამიანების დაბრკოლებას ღვთის სარწმუნოებაში და ა. შ. (მათე 23: 13-33); უფალი იესო მათ ამხელდა და უწოდებდა იქედნეთა ნაშობებს (მათე 3: 7; 12: 34), ბოროტ და მრუშ მოდგმას (მათე 16: 4); ბნელეთის მეუფების წარმომადგენლებს (ლუკა 22: 53); სატანის შვილებს (იოანე 8: 44). წმ. პავლე მოციქული მოუწოდებდა ეფესელ ქრისტიანებს: „ნუ შეეზიარებით ბნელის უკეთურ საქმეებს, არამედ ამხილეთ“ (ეფესელთა 5: 11); იგივე მოციქული წერს მის მოწაფე-ტიმოთეს: „იქადაგე სიტყვა, დაჟინებით, დროულად და უდროოდ, ამხილე, შერისხე, შეაგონე მთელი სულგრძელეობითა და სწავლებით“ (2 ტომოთე 4:2). ამის საპირისპიროდ ფსევდო ლიბერალიზმი ცდილობს შექმნას ყველაფრისადმი შემგუებელი „ტოლერანტი ქრისტიანის“ ტიპი, რომელიც მხოლოდ სიტყვით უნდა იყოს ქრისტიანი, ხოლო ცხოვრების წესით კი - ფაქტიური ურწმუნო, ყველანაირ ღვთის გმობასთან და უზნეობასთან „ტოლერანტულად“ შერიგებული, რომლისათვისაც ქრისტიანობა არა მისი შინაგანი, სულიერი სარწმუნოება, არამედ მხოლოდ ფორმალური ჩვეულებების ნაკრები იქნება, რომლის ქრიტიანობა ტაძარში მისი ნათლობით დაიწყება და . . . ნათლობითვე დამთავრდება კიდეც, რომელსაც არ ექნება ქრისტიანული მოძღვრების, მისი მცნებების და სიწმინდეების არანაირი აღქმა, არამედ იოლად შეეგუება ჭეშმარიტი ღმერთის გმობას, ყველანაირი ქრისტიანული სიწმინდეების და ქრისტიანული ზნეობის სიცილ-კისკისით „გაღადავებას“, დამცირება-დაკნინებას და მათ გალანძღვა-შებღალვას, „რა ჩემი საქმეა-ს“ „ან „სულ ერთია-ს“ დევიზით შეეგუება საკუთარი შვილების, და-ძმის გარყვნას მეძაობითა და ყველანაირი სოდომური ცოდვებით, მათ გადაქცევას მეძავებად, ჰომოსექსუალებად, ტრანსსექსუალებად, მაზოხისტებად, ასევე თეთრ და შავ მაგებად, ჯადოქრებთად (სადღეისოდ გავრცელებული ჰარი პოტერის კულტი), სატანისტებად და ა. შ. მათი შეხედულებით, სწორედ ასეთი „ყველაფრისადმი შემგუებლობა“ არის სახარების მიმდევარი „ჭეშმარიტი მართლმადიდებლის“ პოზიცია. რომლისთვისაც სულ ერთი იქნება სამშობლო, მისი ისტორია და მონაპოვარი, რომლისთვისაც არ იარსებებს არანაირი ეროვნული ტრადიცია და ფასეულობა, ანუ არავითარი და არანაირი სიწმინდე. ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ფსევდოლიბერალიზმი არის ქრისტიანობისაგან რადიკალურად განსხვავებული მიმდინარეობა რომელიც ებრძვის მას და შეუძლებელია, მართლმადიდებელი იმავდროულად ფსევდო ლიბერალიც იყოს. მე არავითარ შემთხვევაში არ ვამართლებ ძალადობას, მაგრამ ვერც იმას დავეთანხმები, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ქვეყანაში გაურკვეველმა პიროვნებებმა „უწყინარი გართობის“ ნიღაბქვეშ აშკარად ჩაატარონ სატანისტური რიტუალები და ამას ჩვენი ახალგაზრდები და ბავშვები ნებაყოფილობით აზიარონ. რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? ალბათ ჯერ მეძავების და ჰომოსექსუალების აღლუმები, შემდეგ სატანის სადიდებელი დემონსტრაციები შავი დროშებით ხელში, შემდეგ . . . სადამდე დაეშვება ქართული საზოგადოება ასეთი ვაი ტოლერანტობით? ვის მოეკითხება ეს ცოდვა თუ არა ჯერ მართლმადიდებელ სამღვდელოებას და შემდეგ მთელი საქართველოს მოსახლეობას? ამიტომ უნდა არსებობდეს რაღაც მექანიზმი, რომელიც გააკონტროლებს საეჭვო წარმოშობის და ასევე საეჭვო დაფინანსების მქონე ორგანიზაციების მიერ ჩასატარებელ აქციებს.
სათაური:
ვისგან:
შიგთავსი:
სათაური:
goga
ვისგან:
შიგთავსი:
პირადად მე ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ უფრო მეტი სიმპატია გამიჩნდა მმკ-ს მხრიდან, ვიდრე აქამდე მქონდა. არ მესმის, რა არის იმაში ცუდი, თუკი მმკ იმ ტრადიციების შენარჩუნებისთვის იბრძვის, რომელიც მართლმადიდებლობას ეფუძნება? ქალბატონმა თამარმა შეიძლება ვერ გაიგო, რომ „დასავლური ღირებულებები“ ძალიან ფართო ცნებაა და იგი არ შემოიფარგლება ვოლტერიანობით, ფსევდოლიბერალიზმით, ფსევდოთავისუფლებით და სხვა იმ „ფასეულობებით“, რომლებსაც (როგორც მე გავიგე) ებრძვინ მმკ-ს წევრები. მე, რა თქმა უნდა, არ ვამართლებ ჩხუბსა და დავიდარაბას, მაგრამ არც ის შემიძლია, წიგნს ჰარი პოტერის შესახებ „უწყინარი“ ვუწოდო, რადგან ბავშვის ბუნება სუფთაა და იგი გარე სამყაროსაგან იწოვს ყველანაირ ინფორმაციას. ქართველი ბავშვებისათვის ეს წიგნი წარმოადგენს მაგიით დაინტერესების საშუალებას, ხოლო პირადად მე არანაირი სურვილი არა მაქვს, ახლო მომავალში საქართველო თეთრი და შავი მაგების ადეპტებით აივსოს. თუკი მმკ-ს წევრები ებრძვიან გლობალიზაციას, პირადად ჩემთვის ეს სრულიად მისაღებია, რადგან გლობალიზაცია არის სწორედ იმ „უსჯულოების საიდუმლოს“ ბოლო ფაზა, რაც მოხსენიებულია სახარებაში და რაც ნამდვილად დასრულდება ანტიქრისტეს მოსვლით და მის მიერ მსოფლიო ზესახელმწიფოს დაარსებით, როგორც ჩანს ავტორმა ამის შესახებ არაფერი იცის. როგორც ჩანს, ქალბატონმა თამარმა არც ის იცის, რომ „იეჰოვას მოწმეების“ მოძღვრების თანახმად მთელი „ქრისტიანული სამყარო სატანის ქვეყნიერების ნაწილია („საგუშაგო კოშკი“ 1 სექტემბერი 1994 წ. გვ. 20 მიხედვით), რომელმაც მეოთხე საუკუნეში უღალატა ღმერთსა და ბიბლიას და მათ მტრად იქცა („რა არის სიცოცხლის აზრი?“ გვ. 17, 19 მიხედვით). უკაცრავად, მაგრამ მათი ამ და კიდევ სხვა შეხედულების მასიური ქადაგებით ირღვევა თუ არა მართლმადიდებლების უფლებები? თუ ყველაფრის უფლება მხოლოდ სექტანტებს გააჩნიათ? ავტორი ძალიან განიცდის დასავლური დღესასწაულების უარყოფას. არ მესმის, ჩვენ, ქართველებს ცოტა გვაქვს კარგი დღესასწაული? მადლობელი ვიქნები, თუ ვინმე მიპასუხებს: ვინ ან რატომ შემოიღო ეს დღესასწაულები საქართველოში? რაც შეეხება, „ჰელოუნის“ დღესასწაულს, მისი ხასიათიდან გამომდინარე , იგი სატანური რიტუალი უფროა, ვიდრე უწყინარი გართობა. მით უმეტეს, რომ ეს ღამე- 31 ოქტომბერი - 1 ნოემბერი არის სატანისტების ოთხიდან ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულის მოწყობის დრო (http://www.pravoslavie.ru/jurnal/culture/hween.htm). ვერანაირად ვერ დავეთანხმები ქალბატონ თამარს იმაში, რომ ბექა მინდიაშვილს „თეოლოგს“ ეძახის, ვერც იმაში, სასულიერო პირებს ლაზარე აბაშიძეს და რაფაელ კარელინს (პირადად მე ორივეს კარგად ვიცნობ) ექსტრემისტებად მოიხსენიებს. დანარჩენ სრულიად არაკომპეტენტურ მსჯელობაზე აღარ შეჩერდები. ბექა მინდიაშვილიმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი „კომპეტენტურობა“, თუკი მას გადაავიწყდა ბიბლიური (ან საქართველოს) ისტორია და თეოკრატიის საძებრად შიიტურ ირანს მიაშურა. მით უფრო პრიმიტიული და სასაცილოა მისი შეშფოთება ეკლესიის და განსაკუთრებით - პატრიარქის ავტორიტეტთან დაკავშირებით (ეს არის სწორედ ის, რაც მას, თეა თუთბერიძეს და სხვებს მოსვენებას არ აძლევთ). ბატონ ბექას მე ვურჩევდი საქართველოს ისტორიას კიდევ ერთხელ გადაავლოს თვალი და ნახოს, რა ჰარმონიული ურთიერთობა ჰქონდათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს ქვეყნის საერო ხელისუფლებასთან, განსაკუთრებით წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის დროს და დაინახავს, რომ თანამედროვე ეკლესიის იერარქები და საერო ხელისუფლების პირები მის გარეშეც გამონახავენ საერთო ენას. მაინტერესებს, რას ეძახის, კახაბერ კურტანიძე „რელიგიურ შეუწყნარებლობას“? ნუთუ იმას, რომ სასულიერო პირები ამხელენ ქრისტეს მოძღვრების შემრყვნელებს და თავის მრევლს მათგან თავის არიდებისაკენ მოუწოდებენ? მან უნდა იცოდეს რაც წერია სახარებაში: „ნუ შეეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეებს, არამედ ამხილეთ“ (ეფესელთა 5: 11). ეს სიტყვები ფსევდოლიბერალური აღვირახსნილობის პროპაგანდისტებსაც ეხებათ.
სათაური:
soso
ვისგან:
შიგთავსი:
keti getanxmebi imashi rom zalian znelia tavis shekaveba magram aucilebelia zalian mozomilad da delikaturad movagvarot kvela problema,rac martlmadideblobas exeba imistvis rom,rogorc mama basilis kmedebebi gamoikenes tavisuplebis institutshi iagovas mocmeebis, rogorc devnil da chagrul kartveli mosaxleobis dasacavad,igive ankesze ar camogvagon da pirikit amit xeli ar sheuckot exla geebis legalizacias.gmerti ikos chveni eris shemce.
სათაური:
Keti
ვისგან:
შიგთავსი:
eka გეთანხმები, მრჩება შთაბეჭდილება, რომ თვით სასულიერო განათლების მქონე ადამიანებმაც არ იციან რა არის მართლმადიდებლობა, წაუკითხავთ (მე მათ ნაკითხობას ვერ შევეხები), მაგრამ ვერ უგრძვნიათ. ჩემო საყვარლებო ღმერთი ძალით არავის აცხონებს, თითოეულ ჩვენგანს არჩევანის საშუალებას აძლევს და ცხონების გზას აჩვენებს, ნება თქვენია. ჩემთვის, როგორც მართლმადიდებლისთვის (პირველ რიგში)სახელმძღვანელო არის სახარება. რაც შეეხება კონსტიტუციას, სამოქალაქო თუ სისხლის სამართლის კოდექსებს ეს ადამიანების შექმნილია და უშეცდომო ვერ იქნება. P.S. მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს მინდა მოკრძალებით გთხოვოთ გამოიჩინოთ მეტი თავშეკავება, მესმის ეს ძალინ რთულია, მაგრამ მაინც... გვახსოვდეს "რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია"
სათაური:
eka
ვისგან:
შიგთავსი:
<დგას თუ არა რჯულის კანონი კონსტიტუციაზე მაღლა, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებისთვის, მარტივი კითხვაა. „ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაღიარებთ ქვეყნის კონსტიტუციას, მაგრამ თუ ქვეყნის კონსტიტუცია რაიმე ნაწილში დაუპირისპირდება ეკლესიას, ჩვენთვის ის იქნება მიუღებელია და იმ ნაწილში არ იქნება ჩვენი კონსტიტუცია,“ – ამბობს უნგიაძე.=იქნებ მითხრათ რა არის ამ ფრაზაში მიუღებელი? ნებისმიერი ქვეყნის კონსტიტუციის საფუძველი სწორედაც რომ სჯულის კანონია. ეჭვგარეშეა, რომ სჯულის კანონი კონსტიტუციაზე მაღლა დგას. და კიდევ: აქ ვიღაცას წესიერად არც ჰუმანიზმი ესმის, არც ლიბერალიზმი და გენიოსობს: "ეს ორგანიზაცია, ხომ არ მოქმედებს ,,მართლმადიდებლობის" საფარქვეშ? და ხომ არა არის შექმნილი საქართველოში ყირგიზული–ვარიანტისათვის?" რაებს ბოდიალობთ თუ იცით? რა ყირგიზეთი, რის ყირგიზეთი. საერთოდ თუ გესმით რაზეა საუბარი. ლიბერალური ქრისტიანობის სახე სექტებია. გამოდის, რომ სექტებს უჭერთ მხარს. თქვენ რუის ურბნისის ძეგგლისწერა ვიღაცის შეთხზული და დრომოჭმული ქაღალდის ნახევი ხომ არ გგონიათ? ეს არის ფიცი, რომელიც საქართველოს ღვთის წინაშე აქვს დადებული. და თუკი თქვენთვის სამყაროს შემოქმედი ღმერთი თუნდაც გამგეობის თაბვჯდომარეზე მეტს ნიშნავს, უნდა გესმოდეთ, რომ ამ ფიცის დარღვევა სიკეთეს არ მოგვიტანს. ლიბერალიზმი ანარქიის სული და გულია. ქრისტიანობა კი გარკვეულ აკრძალვებს შეიცავს. მაგ: ძველი და ახალი აღთქმის მცნებები. რა, არ უნდა იყოს ეს აკრძალვები? კონსტიტუციებში არ არის აკრძალვები? აბა რა გინდათ – მართლმადიდებელ ქვეყანაში ნუდისტები და ცისფერები თავისუფლად დადიოდნენ? თქვენი კომენტარიდან ჩანს, რომ მართლმადიდებლობის საერთოდ არაფერი გესმით. თუ არა და გეცოდინებოდათ რაშია მისი სიძლიერე. ეს არის მცნებების შესრულება, ამის მცდელობა მაინც, ყურების გამოქექვა და ხმის ამოღება, როცა ღვთისმშობელს და ღმერთს აგინებენ. და ა. შ.
სათაური:
ikkk
ვისგან:
შიგთავსი:
ar mesmis raro mimatravs es xalxi dzaladobas? :) qristianoba qadagebs shemwynareblobas:) da zogi qristiani ki tavisi saqcielit vitomda piqrobs ro icavs qristianobas arada tvitonve ayenebs zians:)
სათაური:
ა–
ვისგან:
შიგთავსი:
მართლმადიდებლობის სიძლიერე მის ჰუმანიზმში, ლიბერალიზმში, თავმდაბლობაში და სამართლიანობაშია. ის რაც მოხდა იმ ფორმითა და მეთოდებით ამას ჭეშმარიტ მართლმადიდებლობასთან საერთო არაფერი არა აქვს. ეს არის ექსტრემიზმი. რადიკალური ძალების ზონდერბრიგადა. ვთხოვ შესაბამის ორგანოებს გადაამოწმონ მათი კავშირები როგორც ქვეყნის შიგნით ,ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ დესტრუქციულ ძალებთან. ეს ორგანიზაცია, ხომ არ მოქმედებს ,,მართლმადიდებლობის" საფარქვეშ? და ხომ არა არის შექმნილი საქართველოში ყირგიზული–ვარიანტისათვის?
სათაური:
b real
ვისგან:
შიგთავსი:
რა გვეშველება ... ესე გააგრძელეთ ეშმაკებთან ბრძოლა :) სხვა საქმე აგარ დაგვრჩა ...
E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

ერთიანი ეროვნული გამოცდები მსოფლიო ბანკის წიგნში

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის მიერ გამოცემულ წიგნში, რომლის პრეზენტაციაც ვაშინგტონში 31 იანვარს გაიმართა, ერთიან ეროვნულ გამოცდებს ცალკე თავი ეძღვნება და მას მსოფლიო ბანკი საქრთველოში გატარებულ ყველაზე მნიშვნელოვან ანტიკორუფციულ რეფორმათა შორის ასახელებს.

ბრძოლა განათლების უფლებისთვის

53–ე სკოლიდან გარიცხული მოსწავლის მშობელი სასამართლოში ჩივის და ბავშვის სკოლაში აღდგენას, ასევე, მისი შვილის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის დახურვას მოითხოვს.

რა შეიცვალა რელიგიური უმცირესობებისთვის

ეფექტურიც და არა ეფექტურიც, - ასე აფასებენ გასული წლის 5 ივლისს რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ მიღებულ კანონს რელიგიური ორგანიზაციები.

წინა | შემდეგი
2012-02-02

გადასახადი წიგნების ქსეროასლებისთვის

"თუ გადასახადის გადახდა ნებისმიერი სახის ლიტერატურის გადაქსეროქსებისთვის მოგვიწევს, საბოლოო ჯამში, საკმაოდ დიდი თანხა გამოვა და არ არის გამორიცხული, ქსეროქსი გაძვირდეს”.

2012-02-01 | მედია 

ახალ მედიაგაერთიანებაში 32 მედიაორგანიზაცია გაწევრიანდა

„უკანონობის წინააღმდეგ ბრძოლა, ერთმანეთის დაცვა და ერთად დგომა იქ, სადაც მედიას უჭირს,“-ეს სიტყვები  მამუკა ღლონტმა ახალი მედიაგაერთიანების მთვარ მიზნად განსაზღვრა.

წინა | შემდეგი