10.11.2011

დაკავებულია ივანიშვილის დისშვილის მეგობარი

ბიძინა ივანიშვილი,

ბიძინა ივანიშვილის პრეს–სამდივნოს ცნობით, დაკავებულია ივანიშვილის დისშვილის მეგობარი ზაზა კობახიძე, რომელსაც წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდეს აღკვეთის ღონისძიების სახით.

ბიძინა ივანიშვილის პრეს–სამდივნოს ცნობით, დაკავებულია ივანიშვილის დისშვილის მეგობარი ზაზა კობახიძე, რომელსაც წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდეს აღკვეთის ღონისძიების სახით.

ივანიშვილის პრეს–სამდივნოს ინფორმაციით, კობახიძეს, რომელიც ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მსახურობდა, იარაღის უკანონო შენახვა–ტარების ბრალდება წაუყენეს. დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე იგი დაკითხვაზეც იმყოფებოდა.

სამართალდამცველებს ზაზა კობახიძისგან აინტერესებდათ, თუ რა სახის ურთიერთობა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილის დისშვილთან. ზაზა კობახიძემ მათ აუხსნა, რომ ბიძინა ივანიშვილის დისშვილთან ბავშვობიდან მეგობრობდა და ისინი წარმოშობით ერთი სოფლიდან იყვნენ.

ივანიშვილის პრეს–სამდივნოს ცნობით, ზაზა კობახიძე სამართალდამცველებმა კვირას, 6 ნოემბერს, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს, როცა სამების საკათედრო ტაძარში კობახიძეების გვარის კურთხევაზე მიდიოდა.

პოლიციას და პროკურატურის კობახიძის დაკავების თაობაზე ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.