17.10.2011

საარჩევნო კოდექსის სადაო პუნქტები

პოლიტიკა, არჩევნები,
პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდა, ამომრჩეველთა სიების ფორმირება სპეციალური კომისიის მიერ და საარჩევნო უბნებზე ვიდეოთვალების აკრძალვა – ეს ის საკითხებია, რომელთა გადახედვას ხელისუფლება აღარ აპირებს.

პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდა, ამომრჩეველთა სიების ფორმირება სპეციალური კომისიის მიერ და საარჩევნო უბნებზე ვიდეოთვალების აკრძალვა – ეს ის საკითხებია, რომელთა გადახედვას ხელისუფლება აღარ აპირებს.

ინფორმაცია ამის თაობაზე “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა დღეს სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” გამართულ შეხვედრაზე გაახმიანა. შეხვედრაზე ახალი საარჩევნო კოდექსის შედეგები არასამთავრობო ორგანიზაციებმა (“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”) საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და აკრედიტებული საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს.

ზემოთ აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, მათ ანალოგიური განხილვა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავჯდომარესთან,  პავლე კუბლაშვილთან ერთადაც გამართეს, მხოლოდ – დახურულ კარს მიღმა.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, არასამთავრობოებმა კუბლაშვილის წარუდგინეს რეკომენდაციები, რომლებიც შეეხებოდა ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტით შეთავაზებულ საარჩევნო სისტემას, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მარეგულირებელ ნორმებს, საარჩევნო სიების ფორმირების, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასა და საარჩევნო დავების პროცედურებთან დაკავშირებულ პრობლემებს.

“არის საკითხები, რომლებზეც დისკუსია დამთავრებულია და ჩვენი რეკომენდაციები არ იქნება გათვალისწინებული. არის საკითხები, რომლებზეც უკვე მივიღეთ ხელისუფლებისგან თანხმობა, რომ იქნება გათვალისწინებული და ამ ფორმით აისახება კანონმდებლობაში, და არის საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ განიხილება,” – აცხადებს ჩუგოშვილი.

კუბლაშვილთან შეხვედრის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაარკვიეს, რომ პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდის შესახემ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას ხელისუფლება აღარ აპირებს. შესაბამისად, გადაწყვეტილია, რომ პარლამენტართა რაოდენობა 150-დან 190-მდე გაიზრდება, საიდანაც 83 მაჟორიტარული სისტემით აირჩევა ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქებიდან, ხოლო 107 – პროპორციული სისტემის საფუძველზე.

ამას გარდა, ასევე, გადაწყვეტილია, რომ ამომრჩეველთა სიების ფორმირება სპეციალური კომისიის მიერ მოხდება, რომელიც არასამთავრობოებისა და პოლიტიკური პარტიებით დაკომპლექტდება.

“პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, მომავალი არჩევნებისთვის სიების შექმნაზე პასუხისმგებლობას აიღებს კომისია, რომელიც დაკომპლექტდება არასამთავრობოების, ოპოზიციური პარტიებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფორმით არ უნდა არსებობდეს კომისია, რომელიც შემდგომში პასუხისმგებელი იქნება სიების ფორმირებაზე. ეს არ არის ის საქმე, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა აკეთებდნენ. უნდა იყოს მუდმივმოქმედი სახელმწიფო ორგანო, შესაბამისი მატერიალური თუ ადამიანური რესურსებით, რომელსაც სიების ფორმირება დაევალება. მიმაჩნია, რომ არასამთავრობოებს მსგავსი პასუხისმგებლობის აღება არ შეეძლებათ,” – განაცხადა “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ.

შეხვედრაზე არასამთავრობოებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კვლავ დისკუსიის საგანია რეკომენდაციები, რომლებიც ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასა და საჯარო მოხელეთა წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდს შეეხება.

“ჩვენი რეკომენდაციები მდგომარეობდა იმაში, რომ უნდა შეიზღუდოს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, ასევე, პოლიტიკური თანამდებობის პირებს და საჯარო მოხელეთა ნაწილს უნდა შეეზღუდოთ უფლება, თავისუფლად მიიღონ მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში. ასევე, ჩვენ გვქონდა მთელი რიგი რეკომენდაციები საარჩევნო სისტემასთან, დავების განხილვის პროცესებთან დაკავშირებით და ა.შ. ბატონ კუბლაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჩამოვყალიბდით სხვადასხვა საკითხებზე. მაგალითად, პარტიების დაფინანსების საკითხზე,” – აცხადებს ლომჯარია.

რაც შეეხება საარჩევნო უბნებზე ვიდეოთვალისა და მარკირების შესაძლო გაუქმებას, არასამთავრობოთა მოსაზრებით, საარჩევნო უბნებზე ვიდეოთვალისა და მარკირების გაუქმება გარკვეულ კითხვებს გააჩენს საზოგადოებაში.

“ვიდეოთვალთან დაკავშირებით. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ის აღარ იქნება მომავალი არჩევნების განმავლობაში. ხელისუფლებამ, იმ მოტივით, რომ ის აღიქმებოდა, როგორც ამომრჩეველზე ზეწოლის იარაღი, მისი აკრძალვა გადაწყვიტა. რაც შეეხება მარკირების საკითხს, ეს კვლავ ღიად არის დარჩენილი. პოზიცია ამასთან დაკავშირებით იყო ის, რომ კოდექსი არ გვთავაზობს ალტერნატივას. ვფიქრობთ, რომ არ უნდა ამოვიღოთ მარკირება უპირობოდ საარჩევნო სისტემიდან, არამედ უნდა მოხდეს მისი რეალურად გამოყენება პრაქტიკაში და გაუმჯობესება. პარლამენტი ამ საკითხზე, ალბათ, მაშინ მიიღებს გადაწყვეტილებას, რაც ვენეციის კომისია თავის რეკომენდაციებს წარადგენს,” – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

ვენეციის კომისიის დასკვნაზე ამახვილებს ყურადღებას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში,  “დემოკრატიზაცია და სამოქალაქო საზოგადოება” პროექტის მენეჯერი ჰელგა პენდერი.

“ჩვენ, საერთაშორისო ორგანიზაციები, ყურადღებით ვადევნებთ თვალს საარჩევნო კოდექსში მიმდინარე ცვლილებებს. ამ შეხვედრამ გამოკვეთა ის პრობლემები, რაც აღნიშნულ კოდექსშია. თუმცა წინასწარი შეფასებებისგან თავს შევიკავებ. აღნიშნულ საარჩევნო კოდექსს უკვე ვენეციის კომისია განიხილავს და საინტერესო იქნება მათი პოზიციის და შეფასებების დაფიქსირება,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” პენდერმა.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური უწყებების წარმომადგენლებისთვის იმ შედეგების გაცნობა, რაც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა.

“გარკვეული სივრცე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით არსებობს, თუმცა გარკვეული საკითხები მაინც ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ გახდება ნათელი,” – აღნიშნავს ჩუგოშვილი.

შეგახსენებთ,  საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების პაკეტი ვენეციის კომისიას განსახილველად 26 აგვისტოს გადაუგზავნა.

ამავე თემაზე:

რაზე შეუთანხმდა ხელისუფლებას ოპოზიციის ნაწილი