13.10.2011

ჩოჩიევი: სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის გეგმას ბოკერია იმუშავებდა

ბიძინა ივანიშვილი,
ჩოჩიევის თქმით, არაფერს ცვლის ის ფაქტი, რომ ბოკერია აღარაა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ჟენევის მოლაპარაკებებში, რადგან "2006–შიც ის რიგითი დეპუტატი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელმძღვანელობდა ძალიან ბევრ სერიოზულ საქმეს და ახლაც რჩება საქართველოს ბანდიტური რეჟიმის იდეოლოგად".

"ქართველი ბიზნესმენის ბიძინა ივანიშილის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენ მიერ არაერთგზის გაკეთებულ განცახდებას, მათ შორის ჟენევის დიკუსიების ფორმატში, იმის თაობაზე, რომ სანამ სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდაა საქართველოს ხელისუფლებაში, არ უნდა ველოდოთ არანაირ შედეგს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის შემუშავების საკითხზე", - განუცხადა  საინფორმაციო სააგენტო "Рес"–ს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა განუცხადა.

"თავისი განცხადებით ივანიშვილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამხრეთ ოსეთზე საქართველოს თავდასხმის საკითხი განიხილებოდა არა მხოლოდ 2004 და 2008 წლებში, არამედ მსგავსი აქცია 2006 წელსაც იგეგმებოდა და ამ გეგმას გიგა ბოკერია იმუშავებდა, მიუხედავად იმისა, რომ ის არც შს და არც თავდაცვის მინისტრი არ ყოფილა. ის საერთოდ არ წარმოადგენდა არც ერთ ძალოვან უწყებას საქართველოში. საიდან ჰქონდა უბრალო დეპუტატს ასეთი უფლებამოსილება? შეეძლო მას ისეთი სერიოზული საკითხების გადაწყვეტა, როგორიცაა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჯარების შეყვანა?" – აცხადებს ბორის ჩოჩიევი.

ივანიშვილის განცხადებაზე დაყრდნობით, ჩოჩიევი ამბობს, რომ ბოკერიამ ამის უფლებამოსილება მიიღო არა სააკაშვილისგან, არამედ იმ ქვეყნისგან, რომელიც "მთლიანად უჭერს მხარს საქართველოს სხვადასხვა სახის ავანტიურებში".

"მას არა მხოლოდ "ყვავილების რევოლუციების" მოწყობა ასწავლეს პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ – აგრესიის განხორციელება," – განაცხადა ჩოჩიევმა.

ჩოჩიევის თქმით, არაფერს ცვლის ის ფაქტი, რომ ბოკერია აღარაა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ჟენევის მოლაპარაკებებში, რადგან "2006–შიც ის რიგითი დეპუტატი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელმძღვანელობდა ძალიან ბევრ სერიოზულ საქმეს და ახლაც რჩება საქართველოს ბანდიტური რეჟიმის იდეოლოგად".

ბიზნესმენმა ბიძინა ივანშვილმა 12 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში მიმართა შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს და განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომამდე 1.5 წლით ადრე ბიზნესმენმა საქართველოს ხელისუფლებას გადააფიქრებინა ცხინვალში ჯარის შეყვანა.

"გახსოვს, ვანო, სააკაშვილმა დიდი ხვეწნის შემდეგ რომ დამიყოლია, ბოკერიასთან მივსულიყავი, რომ მისთვის გადამეფიქრებინა ქვეყნისთვის ერთი ძალიან სარისკო და საბედისწერო გადაწყვეტილების მიღება.

ეს ხდებოდა 2008 წლის აგვისტომდე წელიწადნახევრით ადრე. მაშინაც იგივე სცენარი განიხილებოდა, რაც თქვენ 2008 წლის აგვისტოში განახორციელეთ.

ბოკერია დაჟინებით ითხოვდა ქართული ჯარების შეყვანას სამაჩაბლოში და იმედი ჰქონდა, რომ რუსი სამხედროები გაიწეოდნენ და ქართულ ჯარს ცხინვალში უომრად შეუშვებდნენ.

მე მაშინ შევძელი ბოკერია დამერწმუნებინა, რომ არ შეიძლებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა.
სააკაშვილთან ერთად შენც ესწრებოდი ამ შეხვედრას და მე მახსოვს შენი აღფრთოვანება, რომელსაც შენ გამოხატავდი ჩემი მისამართით. ორმოც წუთში ბოკერიას დავუმტკიცე, რომ ის, რის გაკეთებასაც გეგმავდა, წმინდაწყლის პროვოკაცია და ავანტიურა იყო. ბოკერიამ უკან დაიხია და დასახულ გეგმაზე უარი თქვა, მაგრამ უცებ სააკაშვილმა თქვა: _ ხომ შეიძლება, თვითონ რუსებმა შემოგვთავაზონ ამის გაკეთება, მაშინ რა ვქნათო?

- სანამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას არ გააკეთებს, რომც გაჩუქოთ ეს ტერიტორია, ხელი არ ახლოთ არაფერს – მეთქი, გავაფრთხილე.

მაშინ კი შევძელი დროებით შემეჩერებინა ის საბედისწერო გადაწყვეტილება, მაგრამ მოგვიანებით მაინც იგივე სცენარით იმოქმედეთ და რა შედეგიც მივიღეთ 2008 წლის აგვისტოში, სახეზეა," - ნათქვამია ბიძინა ივანშვილის მიერ 12 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

"ნეტგაზეთი" შეეცადა გიგა ბოკერიასთან დაკავშირებას, რომელსაც ამჟამად საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა უჭირავს, თუმცა, როგორც მისმა მოადგილემ, თამარ კინწურაშვილმა განგვიცხადა, ბოკერია საზღვარგარეთ იმყოფება და როდესაც დაბრუნდება საქართველოში, თავად გადაწყვეტს, გააკეთებს თუ არა ამ საკითხზე რაიმე სახის კომენტარს.