13.10.2011

ტურისტებს სანადირო იარაღის საქართველოში შემოტანა უმარტივდებათ

ეკოლოგია,
პარლამენტში დღეს პირველი მოსმენით განიხილეს კანონში “იარაღის შესახებ” შესატანი ცვლილება, რომლის თანახმადაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში ნადირობის მიზნით განკუთვნილი სანადირო იარაღის შემოტანა–გატანა უმარტივდება.

პარლამენტში დღეს პირველი მოსმენით განიხილეს კანონში “იარაღის შესახებ” შესატანი ცვლილება, რომლის თანახმადაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში ნადირობის მიზნით განკუთვნილი სანადირო იარაღის შემოტანა–გატანა უმარტივდება.

არსებული კანონი, “უცხო სახელმწიფოს მოქალაქის მიერ იარაღის საქართველოში შეძენა, შემოტანა და საქართველოდან გატანა”  2008 წლიდან მოქმედებს.
კანონში აღნიშნულია, რომ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოში შემოიტანოს სანადირო და სპორტული იარაღი, თუ არსებობს შესაბამისი კონტრაქტი (ხელშეკრულება) ნადირობაზე, ან მოწვევა სპორტულ ღონისძიებაზე და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ნებართვა, ხოლო ექსპონირებაზე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნებართვა. შემოტანილი იარაღი საქართველოდან გატანილი უნდა იქნეს იმ ვადებში, რაც გათვალისწინებულია შესაბამისად კონტრაქტით (ხელშეკრულებით) ან მოწვევით.

შესატანი ცვლილების თანახმად კი, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში სანადირო იარაღის შემოტანა–გატანა ზემოთაღნიშნული ნებართვების გარეშე შეეძლება.

აღნიშნულ ცვლილებას საგანგაშოდ არ მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა გამცემლიძე.

“ტურისტებისთვის სანადირო იარაღის შემოტანის საკითხში პრობლემას ვერ ვხედავ. ვთვლი, რომ აღნიშნულ კანონში რაიმე გამარტივებისა და ცვლილების შეტანა პრობლემას არ გამოიწვევს. დამეთანხმებით, მონადირისთვის რამდენად მნიშვნელოვანია იარაღის თან ქონა. მსგავსი წესები მთელს მსოფლიოშო მოქმედებს,” –განუცხადა “ნეტგაზეთს”  გამცემლიძემ.  

თუმცა, ბუნებადამცველებისა და ეკოლოგების შეფასებით, კანონში აღნიშნული ცვლილების შეტანის შემდეგ საქართველოს ეკოსისტემას სერიოზული საფრთხე დაემუქრება.

საქართველოს მწვანეთა პარტიის ლიდერის გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებით,  ეს მხოლოდ ტურისტთა მოსაზიდად გათვლილი ხერხია, სინამდვილეში ხელისუფლება საქართველოს ეკო–სისტემაზე  არ ფიქრობს.  

“რადგან ტურიზმში  წლევანდელი სეზონი ჩავარდა, ხელისუფლებას გაუჩნდა გიჟური იდეა, რომ ტურისტების მოსაზიდად ეროვნულ პარკებში დაეშვათ  წითელ წიგნში შეყვანილ და გადაშენების პირას მყოფ ცხოველებზე ნადირობა. პარლამენტმა დღეს ამოიღო ეს ნაწილი, სამაგიეროდ, გაუმარტივეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში ნადირობის მიზნით განკუთვნილი სანადირო იარაღის შემოტანა–გატანა. მათ ამით უნდათ, რომ მოიზიდონ საზღვარგარეთ მყოფი ტურისტი–მკვლელები, რომლებიც არაფერს დაგიდევენ, ოღონდ ცხოველი მოკლან. აქედან გამომდინარე, ეს დიდი დისკუსიის საგანია და მასში აუცილებლად  საერთაშორისო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან,” – აღნიშნავს გაჩეჩილაძე.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარის ნინო ჩხობაძის შეფასებით, თუ  ამ მხრივ არ მოხერხდა გარკვეული რეგულირების დაწესება, ეკო–სისტემას დიდი ზიანი მიადგება.  

“სანადირო იარაღი შემოიტანონ, ოღონდ არ გაისროლონ. თუ იარაღი გაისვრის, ეს მოახდენს ისეთ ცვლილებას ეკო–სისტემაში, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში გამოვაცხადებთ ასეთ კონკურს, ვინც მოკლავს ბოლო იშვიათ და გადაშენების პირას მყოფ ცხოველს, ის “გმირი” იქნება” – აღნიშნავს ჩხობაძე.

მისივე შეფასებით, კანონპროექტში, რომელიც დღეს პირველი მოსმენით განიხილებოდა პარლამენტში, ამოღებულ იქნა პუნქტი, რომელიც დაცულ ტერიტორიებზე ნადირობას ეხებოდა, მაგრამ მეორე, რაც პრობლემურია, ეს წითელი ნუსხის სახეობებს უკავშირდება.

“წითელი წიგნის სახეობებს არეგულირებს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, როცა ეს გარემოს დაცვის სამინისტროს პირდაპირი ფუნქციაა, იმიტომ, რომ წითელი წიგნის ნუსხა არის დაცვითი ნუსხა. ჯერ კიდევ განხილვის დროს, როდესაც მიჯნავდნენ ამ ორ უწყებას შორის ფუნქციებს, ფაქტობრივად ჩვენ დაგვიდასტურა პარლამენტმა, რომ დაცვის ფაუნქციას უშუალოდ გარემოს დაცვის სამინისტრო შეასრულებს. მაგრამ ეს ჯერჯერობით ასე არ ხდება,” – აღნიშნვას ჩხობაძე.

მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარე შესატანი ცვლილების შეფასებისას პარალელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორისაც ავლებს და აცხადებს, რომ ევროკავშირში მსგავსი მარტივი მექანიზმები სანადირო იარაღის შეტანა–გამოტანასთან დაკავშირებით არ მოქმედებს.    

“ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ეს მარტივი მექანიზმები სანადირო იარაღის შეტანა–გამოტანასთან დაკავშირებით არ არის. მეტსაც გეტყვით. ტყვიებთან  დაკავშირებითაც კი ევროკავშირს აქვს ძალიან მკაცრი დირექტივები. აკრძალულია ტყვიების გამოყენება და მის ნაცვლად სპეციალურ რკინის ტყვიებს იყენებენ. რაც ჩვენს სინამდვილეში წარმოუდგენელია.  აკრძალვა ამ მხრივ ევროკავშირში ნამდვილად არსებობს,” – აღნიშნავს ჩხობაძე.
პარლამენტმა დღეს უკვე მიიღო პირველი მოსმენით ეს ცვლილებები.