ახალი ამბები

საქართველოშია რუსი წამყვანი, რომელმაც ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია — “ფორმულა”

4 ნოემბერი, 2022 • 1177
საქართველოშია რუსი წამყვანი, რომელმაც ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია — “ფორმულა”

რუსი ტელეწამყვანი ქსენია ბოროდინა, რომელმაც ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია, საქართველოში იმყოფება. ინფორმაცია, თავდაპირველად, ტელეკომპანია “ფორმულამ” გაავრცელა.

ბოროდინას პოსტი “ინსტაგრამზე”, რომლის თანახმადაც აფხაზეთში იმყოფებოდა, 3 მაისით თარიღდება. პოსტს თან ერთვის შესაბამისი ფოტოც.

ტელეწამყვანმა “ფორმულას” უთხრა, რომ “გულითადად” შეხვდნენ და “არანაირი პრობლემა არ ყოფილა”.

ჟურნალისტის ნათქვამს, რომ წარსულში აფხაზეთში ჩასვლით ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი დაარღვია, ბოროდინამ უპასუხა:

“დავარღვიე? რატომ?.. მე არ ვიცი ამის შესახებ. ახლოს ვიყავი, მეგობრებთან ერთად ვმოგზაურობდი და წავედით აფხაზეთში”.

“ფორმულას” კითხვის საპასუხოდ — საქართველოში შემოსვლისას თუ დაუსვეს კითხვა ოკუპირებულ აფხაზეთში მის ვიზიტთან დაკავშირებით — ბოროდინამ უპასუხა, რომ “არანაირი კითხვა არ დაუსვამთ”.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისა და ნებართვის გარეშე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

კერძოდ, ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა ან 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა. არაერთგზის ჩადენილი იგივე ქმედება კი 3-დან 5 წლამდე პატიმრობით ისჯება.

“ნეტგაზეთი” შსს-სგან ელის პასუხს აღნიშნულთან დაკავშირებით.

ქსენია ბოროდინა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერია. 2018 წელს შეუერთდა მოძრაობას “პუტინის გუნდი”, რომელიც რუსმა ჰოკეისტმა, ალექსანდრ ოვეჩკინმა დააფუძნა პრეზიდენტის მხარდასაჭერად.

მასალების გადაბეჭდვის წესი