27.04.2011

გირგვლიანის საქმე: რა დაადგინა სინამდვილეში სტრასბურგის სასამართლომ?

ანალიზი, ადამიანის უფლებები,

გუშინ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე თავისი გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. ხუთ წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართული საზოგადოება შესძრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაუგონარი სისასტიკით, დაუსჯელობის სრული შეგნებით ჩადენილი დანაშაულის ამბავმა, რომელიც მოიცავდა ორი ადამიანისთვის უკანონო თავისუფლების აღკვეთას, მათ ქალაქგარეთ სასაფლაოზე წაყვანას, მათ მიმართ დამამცირებელ, სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობას, დაბოლოს, ერთ-ერთი მათგანის მკვლელობას, თანაც იმ ხალხის მიერ, რომლებსაც სამსახურეობრივად ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების, უსაფრთხოებისა და სხვა სიკეთეთა  დაცვა ევალებათ.

არანაკლებ შესძრა საზოგადოება დამნაშავეთა მიმართ სახელმწიფოს უპრეცედენტოდ ლმობიერმა დამოკიდებულებამ, რაც გამოვლინდა საგამოძიებო ორგანოების მიერ საქმის არაჯეროვნად გამოძიებაში, წინასწარი გამოძიების ეტაპზე დამნაშავეთა ერთ საკანში მოთავსებაში, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების არასწორ კვალიფიკაციაში, მათთვის შეუფერებლად მსუბუქი სასჯელის დადგენაში. ამგვარი არაადექვატურად ლმობიერი პოლიტიკის დამაგვირგვინებელი აღმოჩნდა პრეზიდენტის მიერ დამნაშავეთა შეწყალება და მათთვის თავისუფლების აღკვეთის დარჩენილი ვადის განახევრება, რასაც საბოლოო ჯამში შედეგად მოჰყვა დამნაშავეთა გათავისუფლება დაკავებიდან სულ რაღაც სამწელიწადნახევარში.

საქართველოს სახელმწიფოს მესვეურთა ამგვარი მიკერძოებული დამოკიდებულება გირგვლიანის საქმისადმი კიდევ ერთხელ გამოვლინდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ამ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს მთავრობის ოფიციალური ინფორმაცია გამოქვეყნდა, რომელშიც ნათქვამია:

“განმცხადებლები ევროპული სასამართლოს წინაშე ასაჩივრებდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ოთხი მუხლის (სიცოცხლის უფლება, წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა, სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება და სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება) დარღვევას.

განმცხადებელთა მოთხოვნის მიუხედავად, ევროპულმა სასამართლომ უარყო კონვენციის სამი მუხლის დარღვევა - სახელმწიფო არ არის პასუხისმგებელი განმცხადებელთა შვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე; სასამართლომ ასევე არ დაადგინა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებისა და ეფექტური შიდასამართლებრივი საშუალებების ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევა; სასამართლომ არ დაადასტურა, რომ განმცხადებლები წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლი გახდნენ.

მხარეთა მიერ წარდგენილი არგუმენტების, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების განხილვის შედეგად, სტრასბურგის სასამართლომ დარღვევა დაადგინა მხოლოდ ეროვნულ დონეზე წარმოებულ გამოძიებაში არსებული ხარვეზების გამო.

განმცხადებლები მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის ითხოვდნენ 300 000 ევროს. ევროპულმა სასამართლომ მორალური ზიანის ნაწილში განმცხადებლებს  50 000 ევრო.”

ამ შეტყობინების წამკითხველს, თუ იგი არ არის საქმეში ჩახედული პირი, შეიძლება დარჩეს შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფოს წარმატება მოუპოვებია, თუ მომჩივანთა მიერ თავიანთ საჩივარში მითითებული ოთხი მუხლიდან ევროპულმა სასამართლომ მხოლოდ ერთი მუხლი სცნო დარღვეულად, ისიც რაღაც “ხარვეზების” გამო, და, ამასთანავე, მომჩივანთა მიერ მოთხოვნილი 300 000 ევროს ნაცვლად სასამართლომ სახელმწიფოს გადასახდელად მხოლოდ ამ თანხის 1/6 დააკისრა.

მაგრამ ამგვარი მარტივი ალგებრული გამოთვლები არა მხოლოდ ტენდენციურად  და არასრულად ასახავს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების არსს, არამედ, როგორც ქვემოთ დავინახავთ, სინამდვილესთან შეუსაბამოც არის. მაშ საკითავია, რა დაადგინა სინამდვილეში ევროპულმა სასამართლომ? ამ კითხვაზე პასუხის მცდელობას წარმოადგენს ეს სტატია.

კონვენციის მე-2 მუხლის ორი ასპექტი

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია სიცოცხლის უფლებას უზრუნველყოფს. იგი სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, განზრახ არ წაართვას ადამიანს სიცოცხლე სხვაგვარად, თუ არა კანონით გათვალისწინებული სიკვდილის სასჯელის აღსრულების შედეგად, ან ძალის გამოყენებისას, თუ არსებობს ამის „აბსოლუტური აუცილებლობა“ და ძალის გამოყენება გარკვეულ, კონვენციის მე-2 მუხლით დადგენილ მიზნებს ემსახურება.

მაგრამ ასეთი ნეგატიური ვალდებულება, რომელიც უბრძანებს სახელმწიფოს, „არ წაართვას ადამიანს სიცოცხლე კონვენციის მე-2 მუხლის პირობების საწინააღმდეგოდ“, სახელმწიფოს ერთადერთი ვალდებულება არ არის. სიცოცხლის უფლების მეორე უმნიშვნელოვანესი მხარე ის არის, რომ სახელმწიფოს ასევე გააჩნია პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველყოს პირის სიცოცხლის დაცვა ეფექტური სისხლისსამართლებრივი ნორმების დაწესების გზით, რომელთა აღსრულება უნდა მოხდეს ქმედითი და ეფექტიანი სამართალდამცავი სისტემის მიერ. ხოლო, თუ ადამიანი მოკლულ იქნა, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება ის არის, რომ განახორციელოს მკვლელობის ფაქტის ქმედითი გამოძიება განურჩევლად იმისა, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული - სახელმწიფოს წარმომადგენელმა, კერძო თუ უცნობმა პირმა.

სახელმწიფოს ვალდებულება, არ წაართვას ადამიანს სიცოცხლე მე-2 მუხლის პირობების საწინააღმდეგოდ და პოზიტიურად უზრუნველყოს პირის სიცოცხლის დაცვა, კონვენციის მე-2 მუხლის არსებით ასპექტს წარმოადგენს. რაც შეეხება ვალდებულებას, უზრუნველყოს მკვლელობის ფაქტის ეფექტური გამოძიება, იგი მე-2 მუხლის საპროცესო ასპექტად არის მიჩნეული.

მოცემულ შემთხვევაში მომჩივანების - სანდრო გირგვლიანის აწ გარდაცვლილი დედისა და მამის - მიერ გასაჩივრებულ იქნა კონვენციის მე-2 მუხლის ორივე ასპექტი, როგორც საპროცესო, ისე არსებითი. ევროპულმა სასამართლომ მე-2 მუხლის საპროცესო ასპექტი დარღვეულად სცნო. რაც შეეხება არსებით ასპექტს, მისი დარღვევა სასამართლომ არ მიიჩნია დამტკიცებულად. საინტერესო იქნებოდა გაგვერკვია, თუ როგორ ან რატომ მივიდა სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებებამდე.

კონვენციის მე-2 მუხლის საპროცესო ასპექტის დარღვევა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ძალზე ფართოდ იმსჯელა იმის თაობაზე, თუ რატომ სცნო მოცემულ საქმეში კონვენციის მე-2 მუხლის საპროცესო ასპექტი დარღვეულად. სასამართლომ რამოდენიმე ძალზე მნიშვნელოვან მიზეზზე მიუთითა.

უპირველეს ყოვლისა, სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ 2006 წლის 28 იანვრიდან 5 მარტამდე პერიოდში, ანუ მთელი 5 კვირის განმავლობაში, სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას აწარმოებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო,  მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების პირველივე დღეებში გამომძიებლებისათვის ცნობილი გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობა ჩადენილ დანაშაულში. უფრო მეტიც, გამოძიებას ხელმძღვანელობდა დ. ახალაია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლებთან ერთად სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ღამეს თავადაც კაფე „შარდენში“ იმყოფებოდა. კიდევ უფრო მეტიც, იგი დანაშაულის ერთ-ერთი მონაწილის გ. ალანიას უშუალო ხელმძღვანელი იყო. ევროპულმა სასამართლომ ეს ფაქტები აშკარა ინტერესთა კონფლიქტის დამადასტურებელ გარემოებებად მიიჩნია.

სასამართლომ გასაოცრად მიიჩნია ის ფაქტი, რომ დ. ახალაიამ არ აიცილა თავი საქმის გამოძიებისაგან, მიუხედავად იმისა, რომ სულ მცირე 2006 წლის 2 თებერვალს მაინც მისთვის უკვე ცნობილი იყო,  დანაშაულის შესაძლო მონაწილეებს შორის მისი უახლოესი კოლეგები რომ უნდა ყოფილიყვნენ. სასამართლომ გამაოგნებელი უწოდა იმ ფაქტს, რომ, თავის მხრივ, შინაგან საქმეთა მინისტრმაც, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ამ საქმესთან რაღაც კავშირი უნდა ჰქონოდათ მის ხელქვეითებს და, შესაძლოა მის მეუღლესაც, არათუ არ გადასცა სისხლის სამართლის საქმე სხვა უწყებას, რაც, სასამართლოს თქმით, „შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი პროფესიონალური და გონივრული გადაწყვეტილება იქნებოდა“, არამედ დ. ახალაიას გამოძიების გაგრძელება დაავალა. ამის გამო ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ 2006 წლის 26 იანვრიდან 5 მარტამდე პერიოდში, როდესაც განხორციელდა ძირითად მტკიცებულებათა შეგროვება, გამოძიებას აკლდა დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, რამაც დაღი დაასვა გამოძიების შემდგომ მსვლელობასაც.

2006 წლის 5 მარტს სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად თბილისის პროკურატურას გადაეცა. თუმცა, ევროპული სასამართლოს შეფასებით, გამოძიების პატიოსნად, მიუკერძოებლად და ობიექტურად წარმართვის თვალსაზისით ვითარება არც ამის შემდეგ გაუმჯობესებულა. პირველ რიგში, სასამართლომ ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ დარღვევად მიიჩნია პროკურატურის, როგორც სასამართლომ უწოდა, „ჯიუტი უარი“, ნება მიეცა სანდრო გვირგვლიანის მშობლებისათვის, მონაწილეობა მიეღოთ საგამოძიებო მოქმედებებში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამას დაბეჯითებით ითხოვდნენ. სასამართლომ წუხილი გამოთქვა იმის თაობაზე, რომ საქართველოს იმდროინდელი კანონმდებლობისა და პრაქტიკის თანახმად, წინასწარი გამოძიების ეტაპზე დაზარალებულის სტატუსის მქონე პირებს არ ჰქონდათ უფლება, გაცნობოდნენ სისხლის სამართლის საქმის მასალებს. სასამართლომ ძლიერი წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ პროკურატურამ არც კი შეატყობინა სანდრო გირგვლიანის მშობლებს იმ საგამოძიებო მოქმედებების შედეგები, რომლებიც მათ გარეშე ჩატარდა. სასამართლოს თქმით, წინასწარი გამოძიების მიმდინარეობის შესახებ სანდრო გირგვლიანის მშობლები „სრულ ვაკუუმში“ იმყოფებოდნენ, რის გამოც მათ წაერთვათ შესაძლებლობა,  დაეცვათ საკუთარი საპროცესო უფლებები.

ევროპული სასამართლოს შეფასებით, მნიშვნელოვნად დაირღვა მეორე დაზარალებულის - ლევან ბუხაიძის საპროცესო უფლებებიც. სასამართლომ წინასწარი გამოძიების ეტაპზე ლ. ბუხაიძის უფლებრივ მდგომარეობას მყიფე უწოდა და ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად ერთი ეპიზოდი მოიყვანა. დანაშაულის ერთ-ერთ მონაწილის გ. ალანიას „თეორიით“, მას სანდრო გირგვლიანთან წაკინკლავება „შარდენის“ კაფეს შესასვლელში მოუვიდა. რადგან ლევან ბუხაიძეს იმ დროს არ მიუწვდებოდა ხელი სისხლის სამართლის საქმის მასალებზე, მას არ შეიძლებოდა სცოდნოდა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო მისთვის ზუსტად გაეხსენებინა, კაფედან იგი სანდრო გირგვლიანთან ერთად გამოვიდა თუ ცალკე, და ასევე ისიც, დაინახა თუ არა მან, რომ მისი მეგობარი ვიღაცას ეკინკლავებოდა. აქედან გამომდინარე, ევროპული სასამართლოს თქმით, ლ. ბუხაიძე „მთლიანად მოუმზადებელი იყო ამ საკითხზე პროკურორის საეჭვო, მაგრამ მეთოდური შეკითხვების სერიაზე საპასუხოდ“. ევროპული სასამართლოს თქმით, მხოლოდ სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, საქმის მასალების გაცნობის შემდეგ შეიძლებოდა ლ. ბუხაიძე მიმხვდარიყო, თუ რატომ უჭერდა ასე ძლიერ მხარს პროკურორი ჰიპოთეზას იმის შესახებ, რომ შესაძლოა ლ. ბუხაიძე და სანდრო გირგვლიანი კაფედან ცალ-ცალკე გამოსულიყვნენ.

ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ იგი გვერდს ვერ აუვლიდა თბილისის პროკურატურის მხრიდან გამოძიების აშკარად არასწორი მიმართულებით წაყვანის ძალისხმევას. მაგალითად, 2006 წლის 8 მარტს, ამოცნობის საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს, როგორც შესაბამისი ვიდეოჩანაწერიდან ირკვევა, ლ. ბუხაიძემ ო. მელნიკოვში სავარაუდოდ ერთ-ერთი თავდამსხმელი ამოიცნო. თუმცა პროკურორმა ეს ფაქტი არ შეიტანა საგამოძიებო მოქმედების ოქმში. 2006 წლის 10 მარტს, დაკითხვისას, ლ. ბუხაიძემ კვლავ დააფიქსირა თავისი ეჭვი, რომ შესაძლოა დანაშაულში ო. მელნიკოვიც მონაწილეობდა. თუმცა, ევროპული სასამართლოს თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ამ სერიოზულ განცხადებას ჯეროვანი ყურადღებით მოკიდებოდა, პროკურორმა დაზარალებულის დაკითხვის ოქმში ისე მოახდინა მისი სიტყვების "პერეფრაზირება", რომ მთლიანად უგულველყო მიღებული ინფორმაციის შინაარსი და მნიშვნელობა.

სასამართლომ ძლიერი წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ სანდრო გირგვლიანის მშობლების გამუდმებული მოთხოვნების მიუხედავად, პროკურატურამ არ გამოავლინა და არ დაკითხა ის პირები, რომლებთანაც დანაშაულის ჩადენის ღამეს მუდმივი კავშირი ჰქონდათ, როგორც ოთხ მსჯავრდებულს, ისე კაფეში მსხდომ შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის ჯგუფს. სასამართლოს შეფასებით, ასეთი ზომების მიღება „სრულიად აუცილებელი“ იყო იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს სანდრო გირგვლიანის ოჯახის განცხადებები, რომ არსებობდა რაღაც თანამონაწილეობა დანაშაულის უშუალო აღმსრულებლებსა და კაფეში მყოფ შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის ჯგუფს შორის. სასამართლოს თქმით, საგამოძიებო ორგანომ „არ შეიწუხა თავი“, რათა დაედგინა, თუ ვის ეკუთვნოდა განსაკუთრებით ერთი სატელეფონო ნომერი, რომელზეც იმ ღამეს გამუდმებით რეკავდნენ, როგორც დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდებული გ. ალანია, ისე კაფე შარდენში შეკრებილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები.

ევროპულმა სასამართლომ ულმობელი შეფასება მისცა საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლის მტკიცებას, რომ „რეალურად საგამოძიებო ორგანოებმა დაკითხეს ყველა ის პირი, ვისაც დანაშაულის ღამეს სატელეფონო კავშირი ჰქონდა დამნაშავეებთან, მაგრამ გადაწყვიტეს, არ შეეტანათ ეს ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის მასალებში“. სასამართლოს თქმით, თუ ეს მტკიცება სწორი იყო, მაშინ ის კიდევ უფრო ამძიმებდა საგამოძიებო ორგანოების მიერ ჩადენილ უკანონობას, რადგან ამგვარი განცხადებები მხოლოდ ადასტურებდა სანდრო გირგვლიანის ოჯახის განცხადებებს, რომ „გამომძიებლებმა დამალეს ძალზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებები“. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმ პირების ვინაობის დადგენას, ვისთანაც ჰქონდა შესაბამის პერიოდში კავშირი დანაშაულის ოთხ აღმსრულებელს, აშკარად ჰქონდა მნიშვნელობა საქმის გულმოდგინედ და ობიექტურად გამოძიებისათვის.

ევროპულმა სასამართლომ „გამაოგნებელი“ უწოდა იმ ფაქტს, რომ პროკურატურამ არ გამოიკვლია სანდრო გირგვლიანის სხეულზე აღმოჩენილი ჭრილობების, განსაკუთრებით ყელის არეში მიყენებული ჭრილობის გარემოებები. სასამართლოს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ჭრილობათა უმრავლესობა, მათ შორის ყელის არეში მიყენებული ფატალური ჭრილობა, მიყენებული იყო ბასრი, ტარიანი იარაღით, შესაძლოა დანით, პროკურატურამ „თავი არ შეიწუხა“, რათა გამოეძიებინა და აეხსნა, თუ როგორი, რომელი ბასრი იარაღით და ოთხი ბრალდებულთაგან რომლის მიერ იქნა მიყენებული ეს ჭრილობები. სასამართლოს თქმით, მას ეჭვი არ ეპარება, რომ ქმედების შემადგენლობის ამ უმნიშვნელოვანესი ნიშნის დადგენის შემთხვევაში, გარკვეული შედეგები დადგებოდა, მათ შორის, დანაშაულის ჯეროვანი კვალიფიკაციის მხრივაც. ამის სანაცვლოდ, განაცხადა ევროპულმა სასამართლომ, პროკურატურამ უბრალოდ გაიზირა ბრალდებულთა განცხადებები, რომ მათ არ გამოუყენებიათ რაიმე ბასრი იარაღი სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ და მას ეს ჭრილობები „მავთულის ღობეზე“ გადასვლისას, ან „მაყვლის ბუჩქებში“ გავლისას უნდა მიეღო, რაც აშკარა წინააღმდეგობაში იყო კვალიფიციური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნასთან.

ამ გარემოებების საფუძველზე ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ „თბილისის პროკურატურაში საქმის გამოძიების პერიოდში გამოძიებას სრულიად აშკარად აკლდა ჯეროვანი გულმოდგინება, ობიექტურობა და, რაც ყველაზე მთავარია, პატიოსნება.“ გარდა ამისა, სასამართლოს შეფასებით, დაზარალებულებისათვის სისხლის სამართლის მასალების გადაცემასა და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მათ ინფორმირებაზე უარის თქმით, პროკურატურამ არ შეასრულა თავისი მოვალეობა,  დაეცვა დაზარალებულების ინტერესები და უზრუნველეყო გამოძიებაზე ჯეროვანი საზოგადოებრივი კონტროლის დაწესება.

სასამართლომ ასევე ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ საქართველოს კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინისტრაციამ, რომელსაც იმ დროს სათავეში დ. ახალაიას ძმა ბ. ახალაია ედგა, ოთხი ბრალდებული ერთ საკანში მოათავსა.

ევროპული სასამართლოს შეფასებით, მნიშვნელოვანი დარღვევები იქნა დაშვებული საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზეც. კერძოდ, სასამართლომ უმნიშვნელოვანეს დარღვევად მიიჩნია საქართველოს სასამართლო ორგანოების სისტემატური უარი, მიეცათ სანდრო გირგვლიანის მშობლებისათვის საქმის მასალების შესწავლისათვის საკმარისი დრო და საშუალებები, რითაც მათ წაერთვათ უფლება, ჯეროვნად მოემზადებინათ თავიანთი პოზიცია სასამართლოში გამოსასვლელად. სასამართლომ „გამაოგნებელი“ უწოდა იმ ფაქტს, რომ ასეთ რთულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში მხოლოდ 9 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ასეთი დრო აშკარად არასაკმარისად მიიჩნია ევროპულმა სასამართლომ იმისათვის, რომ დაზარალებულებსაც და მოსამართლესაც ჯეროვნად შეესწავლათ ესოდენ დიდი მოცულობის საქმე. სასამართლოს შეფასებით, დაზარალებულების მდგომარეობა განსასჯელებთან შედარებით აშკარად წამგებიანი იყო იმის გამო, რომ განსასჯელებს მიუწვდებოდათ ხელი საქმის მასალებზე, დაზარალებულებს კი - არა.

ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სასამართლოებმა ჯეროვნად არ გამოიკვლიეს ძალზე მნიშვნელოვანი 14 მტკიცებულება და ასევე დაუსაბუთებლად უარი უთხრეს დაზარალებულებს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისათვის მნიშვნელოვანი დამატებითი მტკიცებულებების თაობაზე შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე.

ევროპულმა სასამართლომ კვლავ „გამაოგნებელი“ უწოდა იმ ფაქტს, რომ როგორც სასამართლოებმა, ისე პროკურატურამ „თვალი დახუჭეს“ ლ. ბუხაიძის ამჯერად უკვე სასამართლოში მიცემულ ჩვენებაზე, რომლის თანახმად, მეოთხე თავდამსხმელი ო. მელნიკოვი იყო, რომელიც, ლ. ბუხაიძის თქმით, განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდა მასაც და სანდრო გირგვლიანსაც. ევროპული სასამართლოს თქმით, სამართალდამცავმა ორგანოებმა სრული უმოქმედობით უპასუხეს სანდრო გირგვლიანის ოჯახის მოთხოვნებს, აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე ო. მელნიკოვის წინააღმდეგ. სასამართლომ „ძლიერ სამწუხარო“ უწოდა იმ ფაქტს, რომ სამართალდამცავმა და მართლმსაჯულების ორგანოებმა „თვალი დახუჭეს“ სანდრო გირგვლიანის ოჯახის წევრების „სარწმუნო განცხადებებზე“, რომ დანაშაულის უშუალო აღმსრულებლებსა და კაფეში შეკრებილ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს შორის უნდა ყოფილიყო რაღაც თანამონაწილეობა. ევროპულმა სასამართლომ „მიუღებელი“ უწოდა ასეთ „შერჩევით მიდგომას“, რადგან, მისი თქმით, გამოძიების ეფექტურობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელია, რომ სასამართლოს დასკვნები ეფუძნებოდეს დანაშაულის თითოეული ელემენტის გულმოდგინე, ობიექტურ და მიუკერძოებელ ანალიზს.

ზემოთქმულისა და სხვა გარემოებების საფუძველზე ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ სანდრო გირგვლიანის მშობლებს თვითნებურად წაართვეს უფლება, ქმედითი მონაწილეობა მიეღოთ სასამართლო განხილვაში. ხოლო, რაც შეეხება თვითონ სასამართლო პროცესის ხასიათს, ევროპული სასამართლოს შეფასებით, მან მთლიანად დაადასტურა ის ფაქტი, რომ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს არ ჰქონდათ სურვილი, დაედგინათ სრული ჭეშმარიტება სანდრო გირგვლიანის გატაცებისა და სიკვდილის გარემოებების ირგვლივ.

ევროპულმა სასამართლომ ასევე დეტალურად იმსჯელა სანდრო გირგვლიანისა და ლ. ბუხაიძის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი თანამშრომლის მიერ ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციის სისწორის, მათთვის შეფარდებული სასჯელის ლმობიერების, პრეზიდენტის მიერ მათი შეწყალებისა და მათი ვადამდე გათავისუფლების მართლზომიერების შესახებ. ამ კონტექსტში სასამართლომ კვლავ აღნიშნა, რომ საქართველოს საგამოძიებო ორგანოებმა არ მოამზადეს საკმარისი მტკიცებულებითი საფუძველი, ხოლო სასამართლოებმა „არ შეიწუხეს თავი“ და არ იმსჯელეს თავიანთ განაჩენში, თუ რა ხასიათის იყო დამნაშავეთა მიერ ჩადენილი ქმედებები, რომლებმაც სანდრო გირგვლიანის სიკვდილი გამოიწვია.

სასამართლომ კვლავ აღნიშნა, რომ სასამართლო-სამედიცინო დასკვნის თანახმად სანდრო გირგვლიანი წელს ზემოთ გაშიშვლებული იყო და სხეულის სხვადასხვა ნაწილებში მას ბასრი, წვეტიანი, ტარიანი იარაღით, შესაძლოა დანით, მიყენებული მრავალრიცხოვანი ჭრილობები აღენიშნებოდა. პროკურატურისა და სასამართლოების მიერ დადგენილ იქნა, რომ ეს ქმედებები ოქროყანის სასაფლაოზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხმა მოხელემ ჩაიდინა. სასამართლოს თქმით, ერთადერთი დასკვნა, რომელიც შეიძლება ამ ვითარებაში გაკეთდეს, ის არის, რომ „გირგვლიანი გახდა განსაკუთრებით სასტიკი, სიცოცხლისთვის საშიში არაადამიანური მოპყრობის საგანი“.

უფრო მეტიც, სასამართლოს შეფასებით, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ მსხვერპლს ყელის არეში რაღაც ბასრი იარაღით თორმეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ერთადერთი გონივრული დასკვნა ის იქნებოდა, რომ დამნაშავეებს რეალურად სანდრო გირგვლიანის მოკვლის განზრახვა ჰქონდათ. კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც დამნაშავეთა ქმედების ხასიათზე მეტყველებდა ისიც იყო, რომ სულ მცირე ერთ-ერთმა დამნაშავემ ცემცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. ყველა ამ ფაქტზე დაყრდნობით ევროპულმა სასამართლომ სამწუხაროდ მიიჩნია, რომ „დანაშაულის კვალიფიკაციის შერჩევისას და დამნაშავეთათვის სასჯელის სახით 7-8 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებისას, რომლის საკმარისობაც ძლიერ საეჭვოა, ქვეყნის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ისეთი აშკარად დამამძიმებელი გარემოებები, როგორებიცაა: სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან მსხვერპლის მიმართ სრულიად შეგნებულად დამამცირებელი და განსაკუთრებით სასტიკი მოპყრობა.“

თუმცა, სასამართლოს თქმით, ასეთ სიტუაციაში პრობლემის არსი არა იმდენად თავდაპირველი განაჩენის ზომაში ძევს, რამდენადაც განაჩენის აღსრულების სტადიაზე ხელისუფლების მიერ განხორციელებულ მოქმედებებში. სასამართლომ კიდევ ერთხელ გამოიყენა სიტყვა „გამაოგნებელი“, ამჯერად ქვეყნის პრეზიდენტის 2008 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილების მისამართით, რომლითაც პრეზიდენტმა შეიწყალა, სასამართლოს თქმით, „ესოდენ ამაზრზენ დანაშაულში“ მსჯავრდებული სახელმწიფო მოხელეები და გაუნახევრა მათ დარჩენილი ვადა. ამის შემდეგ, სასამართლოს თქმით, „თითქოს ამგვარი გულმოწყალება არ ყოფილიყო საკმარისი“, 2009 წლის 5 სექტემბერს ციხის ადმინისტრაციის რეკომენდაციით და ადგილობრივი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულები პატიმრობიდან გაათავისუფლეს. სასამართლოს შეფასებით, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოს წარმომადგენლების, განსაკუთრებით კი სამართალდამცავი ორგანოების მოხელეების მიერ კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევით ჩადენილ დანაშაულებს, ევროპული სასამართლო თვლის, რომ კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოები ბევრად უფრო მკაცრად უნდა მოეკიდნონ თავიანთი სამართალდამცავი ორგანოების მოხელეებს, ვიდრე ჩვეულებრივ დამნაშავეებს, რადგან ამ შემთხვევაში განსჯის საგანია არა მხოლოდ თითოეული დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, არამედ „სახელმწიფოს ვალდებულებაა, აღმოფხვრას დაუსჯელობის გრძნობა, რომელიც დამნაშავეებს შეიძლება გააჩნდეთ იმის გამო, რომ მათ გარკვეული თანამდებობა უკავიათ“. სასამართლოს თქმით, კიდევ ერთი მიზანი, თუ რატომ უნდა დასაჯოს თავისი მოხელეები სახელმწიფომ უფრო მკაცრად, ვიდრე რიგითი დამნაშავეები, ის არის, რომ „საზოგადოებას უნდა გააჩნდეს სათანადო რწმენა და პატივისცემა ქვეყნის სამართალდამცავი სისტემის მიმართ“.

ევროპული სასამართლოს საბოლოო შემაჯამებელი შეფასება სანდრო გირგვლიანის სიკვდილის გარემოებების გამოძიების მიმართ ის არის, რომ გამოძიებას „აშკარად აკლდა ჯეროვანი დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და გულმოდგინება“. უფრო მეტიც, კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურულ ასპექტთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების დასკვნითი ნაწილი ასეთ უკიდურესად მკაცრ შეფასებასაც შეიცავს: „მართლაც, სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა შტოები - შინაგან საქმეთა სამინისტრო, გამოძიების საწყის სტადიაზე დაშვებული დარღვევებით, პროკურატურა, გამოძიების შემდგომ ეტაპზე დაშვებული სხვა დარღვევებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, მსჯავრდებულების ერთ საკანში უკანონოდ მოთავსებით, ქვეყნის სასამართლოები, არასრულფასოვანი სასამართლო განხილვებითა და მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლებით, საქართველოს პრეზიდენტი, მსჯავრდებულების მიმართ გაუმართლებელი ლმობიერების გამოვლენით, და ა.შ. - ყველა ერთად, შეხმატკბილებულად მოქმედებდა იმ მიზნისათვის, რომ ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე როგორმე არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება“.

კონვენციის მე-2 მუხლის საპროცესო ასპექტთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასება

რამდენადაც დამღლელი არ უნდა იყოს მხოლოდ კონვენციის მე-2 მუხლის საპროცესო ასპექტთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ესოდენ დეტალური აღწერა, იგი ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის, ხელისუფლების დანაწილებისა და გამიჯვნის, ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთდაბალანსებისა და ურთიერთგაკონტროლების მექანიზმების ჩამოყალიბების, ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრების, მართლმსაჯულებისა და სამართალდამცველი სისტემების მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბების, თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიების ჩატარების, სამართლიანი სასამართლო განხილვის პრაქტიკის ჩამოყალიბების, დამშნაშავეთა გამოვლენის, თითოეული მათგანისათვის მისი ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგენისა და თითოეული მათგანისათვის ჩადენილი ქმედების შესაბამისი, ადექვატური და პროპორციული სასჯელის დადგენის მიზნებისათვის. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ეს ნაწილი, რომელიც ეხება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე სახელმწიფოს მიერ თავისი პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობას, აშკარად მიგვითითებს, თუ ჯერ-ჯერობით რამდენად შორს ვიმყოფებით ჩვენ ზემოთ განსაზღვრული მიზნებისაგან.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნა, თუ როგორ შეხმატკბილებულად მოქმედებდნენ ხელისუფლების სხვადასხვა შტოები ერთადერთი მიზნით, რომ როგორმე საქმეზე არ დადგენილიყო ჭეშმარიტება და არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება, სხვა არაფერია, თუ არა კონსტატაცია იმ ფაქტისა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს სამართლებრივი სახელმწიფო, რომ ხელისუფლება არ არის დანაწილებული და გამიჯნული, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოები არ აბალანსებენ და არ აკონტროლებენ ერთმანეთს, რომ სასამართლოები აღმასრულებელი ხელისუფლების დიქტატის ქვეშ იმყოფებიან და სხვა.

განსაცვიფრებელია, თუ როგორი სიხშირით იყენებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ფრაზებს „გამაოგნებელია“, „სამწუხაროა“, ან „ძლიერ სამწუხაროა“ იმ პრაქტიკის მიმართ, რომელიც საქართველოს სამართალდამცავ და მართლმსაჯულების სისტემებშია ჩამოყალიბებული. კიდევ უფრო სამწუხაროა ამ ქვეყნის მოქალაქისთვის გაგონება იმისა, თუ როგორ ხშირად იყენებს ევროპული სასამართლო ქვეყნის საგამოძიებო ორგანოებისა და სასამართლოების მიმართ ფრაზებს- „თავი არ შეიწუხა“, „თვალი დახუჭა“, „არ ჰქონდა სურვილი დაედგინა ჭეშმარიტება“ და სხვა. ასეთი შეფასებები არ კეთდება ხოლმე ცივილიზებული ევროპული ქვეყნების მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებებში. ადამიანის უფლებათა დარღვევები იქაც ხდება, მაგრამ არა ესოდენ ფართო, მეთოდური და სისტემური ხასიათისა, როგორც გირგვლიანის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაშია ასახული.

მაგრამ ნათქვამია „კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდაო“. ევროპული სასამართლოს ესოდენ მკაცრ და ულმობელ გადაწყვეტილებას მიჩქმალვა და მისი იმგვარი ინტერპრეტაცია კი არ სჭირდება, საზოგადოებამ დაიჯეროს, რომ თითქოს არაფერი განსაკუთრებული მომხდარა, არამედ ჯეროვანი ანალიზი და რეფორმები, რათა ამგვარი კვლავ არ განმეორდეს და საქართველო კვლავ არ გახდეს ასეთი მძაფრი კრიტიკის საგანი. სამწუხაროდ, იუსტიციის სამინისტროს რეაქცია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე „კარგი გამგონის“ პოზიციას არ ასახავს.

კონვენციის მე-2 მუხლის არსებითი ასპექტის დაურღვევლობა და სამი მოსამართლის განსხვავებული აზრი

კონვენციის მე-2 მუხლის არსებით ასპექტთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს პალატამ, რომელიც 7 მოსამართლისგან შედგებოდა, ოთხი სამის წინააღმდეგ უმრავლესობით გადაწყვიტა, რომ მე-2 მუხლის ამ ასპექტში საქართველოს სახელმწიფოს კონვენციის მე-2 მუხლი არ დაურღვევია. ნიშანდობლივია, რომ უმრავლესობის მხარეზე ერთი მოსამართლე ქართველი ირაკლი ადეიშვილი იყო.

ამ ნაწილში ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების არსი იმაში მდგომარეობს, რომ გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულები არ შეიძლება მიეწეროს სახელმწიფოს, მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავეები სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები იყვნენ. სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ მომენტში, როდესაც სანდრო გირგვლიანი გარდაიცვალა, სახელმწიფოს მოხელეები არ მოქმედებდნენ თავიანთი ოფიციალური მოვალეობების განხორციელების პროცესში.

სასამართლო პალატის უმრავლესობის თქმით, დანაშაული ჩადენილი იქნა იმ დროს, როდესაც დამნაშავეები თავიანთი მეგობრის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. ისინი არ ასრულებდნენ რაიმე წინასწარ დაგეგმილ პოლიციურ ოპერაციას, ან არ ახორციელებნენ სპონტანურ დევნას. რაც შეეხება სანდრო გირგვლიანის მშობლების განცხადებებს, რომ მათი შვილი კაფე „შარდენში“ შეკრებილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების ბრძანებით მოკლეს, სასამართლო პალატის უმრავლესობამ მიიჩნია, რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რომ „საფუძვლიანი ეჭვის მიღმა“ სტანდარტის შესაბამისად დადგენილად იქნეს მიჩნეული „ესოდენ შორს მიმავალი ფაქტი“.

მართალიაო, განაცხადა სასამართლო პალატის უმრავლესობამ, კონვენციის ხელმომწერ სახელმწიფოებს ევალებათ თავიანთი სამართალდამცავი სისტემის მუშაკებისათვის მაღალი პროფესიული სტანდარტების დაწესება და ამ სისტემაში მომუშავე პირების დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, შექმნილ ვითარებაში სასამართლო ვერ დარწმუნდაო, რომ დამნაშავეთა კერძო აქტები შეიძლება შეერაცხოს საქართველოს სახელმწიფოს მარტო იმ მიზეზით, რომ ეს პირები ამავე დროს სახელმწიფოს აგენტები არიანო.

შესაძლოა ვინმე ეთანხმებოდეს ან არ ეთანხმებოდეს სასამართლოს პალატის უმრავლესობის ასეთ პოზიციას, მაგრამ ალბათ ყველაზე უპრიანია ამ კონტექსტში მოყვანილ იქნას ევროპული სასამართლოს პალატის იმ სამი მოსამართლის ნაწილობრივ განსხვავებული აზრი, რომლებმაც მიიჩნიეს, რომ საქართველომ მე-2 მუხლის არსებითი ასპექტიც დაარღვია. ამ განსხვავებულ აზრში სხვა მსჯელობასთან ერთად ასეთს ვკითხულობთ:

„საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე, სახელმწიფო პასუხს აგებს თავისი აგენტების მოქმედებებისათვის. მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის აღმსრულებელი სახელმწიფოს აგენტები - პოლიციის მაღალი თანამდებობის პირები - იყვნენ და ამგვარადაც მოქმედებდნენ. სახელმწიფოს არ შეუძლია თავიდან აირიდოს, საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე, თავისი მოვალეობების შესრულება იმ განცხადების საფუძველზე, რომ მისი აგენტების მოტივები მის სახელმწიფო პოლიტიკას ეწინააღმდეგება. სახელმწიფოს საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა თავისი აგენტების საქციელისათვის დამოუკიდებელია იმ მოტივებისგან, რომლებიც მათ შეიძლებოდა ჰქონოდათ.

გარდა ამისა, სახელმწიფოს გააჩნია ვალდებულება, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა სამართლიდან გამომდინარე, ყურადღებით შეარჩიოს თავისი აგენტები. ამ პროცესში სახელმწიფომ ძალზე მკაცრ კრიტერიუმებს უნდა მისდიოს და მაღალი პროფესიული სტანდარტებით უნდა იხელმძღვანელოს, რათა საკუთარი მოქალაქეების მიმართაც და საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართაც საკუთარი მოვალეობებისა და ვალდებულებების მაღალ დონეზე შესრულება უზრუნველყოს. [ევროპულმა] სასამართლომ მკაფიოდ დაადგინა საქმეში Abdullah Yilmaz v. Turkey (no. 21899/02, § 57), რომ „სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს პროფესიონალების მაღალი ხარისხის კომპეტენტურობა“ თავის სამსახურში. ჩვენ მთლიანად ვეთანხმებით ამ წესს და მიგვაჩნია, რომ იგი არის სავალდებულო [ევროპულ] სასამართლოში განსახილველ ყველა საქმის მიმართ.

ჩვენი აზრით, სრულიად აშკარაა, რომ საქართველომ არ შეასრულა თავისი მოვალეობა, ჯეროვანი გულმოდგინებით შეერჩია თავისი პოლიციის თანამშრომლები, რათა ამით შეესრულებინა კონვენციის მიერ დადგენილი სტანდარტები.“

ბუნებრივია, რომ უმცირესობაში დარჩენილი მოსამართლეების განსხვავებული მოსაზრება არ ასახავს სასამართლოს პოზიციას, მაგრამ ეს მოსაზრება შეიძლება გახდეს სასამართლოს უმრავლესობის პოზიცია მომდევნო მსგავს შემთხვევაში, რადგან ევროპული სასამართლოს მოსამართლეები ხშირად ითვალისწინებენ ხოლმე არა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებებში ასახულ მოსაზრებებს, არამედ მსგავს განსახვავებულ მოსაზრებებში დაფიქსირებულ მსჯელობასაც. გარდა ამისა, გამორიცხული არ არის, რომ ამ სამი მოსამართლის განსხვავებული აზრი შეიძლება იქცეს დიდი პალატის მოსამართლეთა უმრავლესობის აზრადაც, თუ, რა თქმა უნდა, მოცემულ შემთხვევაში რომელიმე მხარე გაასაჩივრებს პალატის გადაწყვეტილებას და დიდი პალატაც დათანხმდება,  განიხილოს საქმე ხელმეორედ.

თუ ამ მსჯელობას დავუმატებთ იმასაც, რომ კონვენციის მე-2 მუხლის არსებით ნაწილში უმრავლესობის პოზიცია მისდამი ქართველი მოსამართლის მიმხრობამ გადაწყვიტა, აშკარაა, რომ იუსტიციის სამინისტროს არც ამ ნაწილში გააჩნია თვითკმაყოფილების საფუძველი.

კონვენციის მე-6.1, მე-3 და მე-13 მუხლების საკითხი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შეტყობინებით, აგრეთვე, პრესაში და ტელევიზიით ხელისუფლების ოფიციალური პირების კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება დაგვრჩეს შთაბეჭდილება, რომ ევროპულმა სასამართლომ არ მიიჩნია დარღვეულად კონვენციის მე-6 მუხლი (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება), მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა) და მე-13 მუხლი (ქმედითი სამართლებრივი მისაგებლის უფლება). სინამდვილეში ეს ასე არ არის თუნდაც იმ დასკვნების გამო, რომლებიც ევროპულმა სასამართლომ გააკეთა კონვენციის მე-2 მუხლის საპროცესო ასპექტთან დაკავშირებით. თუ გავიხსენებთ, თუ რა განცხადებებს შეიცავს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმის ეფექტური გამოძიების უქონლობის, არასამართლიანი სასამართლო განხილვის და სანდრო გირგვლიანის მიმართ განსაკუთრებით სასტიკი დამაამაცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მიმართ, აშკარა გახდება, რომ ევროპული სასამართლო ამ მუხლებში საქართველოს სახელმწიფოს ვერ გაამართლებდა.

საქმე ის არის, რომ როგორც ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში ხდება ხოლმე, როდესაც რაიმე ფაქტობრივი გარემოება ან გარემოებები კონვენციის რომელიმე მუხლის დარღვევად მიიჩნევა, სასამართლო ხშირად უარს ამბობს იგივე ფაქტის ან ფაქტების საფუძველზე კონვენციის რომელიმე სხვა მუხლის ან მუხლების დარღვევაზეც იმსჯელოს. ზუსტად ასეთ ვითარებას ჰქონდა ადგილი მოცემულ შემთხვევაშიც. აი, რას ვკითხულობთ ევროპული სასამართლოს მოცემულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით:

„აღნიშნავს რა, რომ მომჩივანების საჩივარი სისხლის სამართლის პროცესში დაშვებული თვითნებობის წინააღმდეგ ეფუძნება იმავე ფაქტებს, რომლებიც განხილული იქნა კონვენციის მე-2 მუხლის ფარგლებში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მისი მისაღებობის საკითხი განხილულ უნდა იქნას არსებით ნაწილთან ერთად. თუმცა მხედველობაში იღებს რა მის მიერ ზემოთ გამოტანილ ყოვლისმომცველ ფაქტობრივ და სამართლებრივ დასკვნებს, სისხლის სამართლის პროცესის სამოქალაქო ასპექტის ყოველგვარი დაკნინების გარეშე სასამართლოს მიაჩნია, რომ მომჩივანთა ყველა პრეტენზია მთლიანად იქნა გადაფარული საჩივრის იმ ნაწილის განხილვით, რომელიც ეხება კონვენციის მე-2 მუხლს და არ არსებობს აუცილებლობა იმისა, რომ ეს საკითხები ხელმეორედ იქნას განხილული კონვენციის 6.1 მუხლის ფარგლებში.“

„სასამართლოს მიაჩნია, რომ პრეტენზიები კონვენციის მე-3 და მე-13 მუხლებიდან გამომდინარე, მჭიდროდ არის დაკავშირებული კონვენციის მე-2 მუხლიდან გამომდინარე პრეტენზიებთან და ამიტომ ისინი მისაღებად უნდა იქნეს მიჩნეული.“

„ამასთანავე, მხედველობაში იღებს რა იმ საფუძვლებს, რომლებზე დაყრდნობითაც მან კონვენციის მე-2 მუხლი დარღვეულად მიიჩნია, სასამართლოს მიაჩნია, რომ კონვენციის მე-3 და მე-13 მუხლებიდან რაიმე ცალკე საკითხები არ გამომდინარეობს.“

კონვენციის 38-ე მუხლის საკითხი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ შეტყობინებაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან დარღვეულად სცნო კონვენციის 38-ე მუხლიც. ამის მიზეზი ის გახდა, რომ საქართველოს სახელმწიფომ ჯეროვნად არ ითანამშრომლა ევროპულ სასამართლოსთან და დროულად და სრულად არ მიაწოდა მას გარკვეული მტკიცებულებები.

კომპენსაციის საკითხი

მართალია, ევროპულმა სასამართლომ სრულად არ დააკმაყოფილა მომჩივანთა მოთხოვნები სამართლიან ანაზღაურებასთან დაკავშირებით, განვლილმა ათწლეულმა, რასაც ჩვენ ევროპული სასამართლოს პრაქტიკას ვაკვირდებით, ისედაც ცალსახად დაგვანახა, რომ ევროპული სასამართლო, დასავლეთის ქვეყნების ეროვნული სასამართლოებისგან განსხვავებით, არ არის ის ორგანო, რომლისგანაც პირი მიღებული მატერიალური თუ მორალური ზიანის სრულ ანაზღაურებას შეიძლება ელოდეს. ამ მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.

სანდრო ბარამიძე

სანდრო ბარამიძე

ავტორის შესახებ

ალექსანდრე ბარამიძე, ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის წევრი