26.02.2011

უცნობი ციფრები

კომენტარი, მედია,
დღეს პირობითად 2015 წლის 28 თებერვალია. ჩხოროწყუელმა ლიანა ქარდავამ საქონელი უკვე დააბინავა და ქვეყნის ამბების გაგებისთვის მოიცალა. ტელევიზორიც ჩართო, მაგრამ შიშინის გარდა ვერაფერი მოისმინა.

დღეს პირობითად 2015 წლის 28 თებერვალია. ჩხოროწყუელმა ლიანა ქარდავამ საქონელი უკვე დააბინავა და ქვეყნის ამბების გაგებისთვის მოიცალა. ტელევიზორიც ჩართო, მაგრამ შიშინის გარდა ვერაფერი მოისმინა. ლიანამ ვერც ტელევიზორს და ვერც ანტენას ვერაფერი მოუხერხა და საყვარელი სერიალისთვის რომ მაინც მიესწრო, მეზებელთან სტუმრობა გადაწყვიტა. თუმცა მეზობელი სევასტიც ტელევიზორის ანტენის შესაკეთებლად დახვდა გასული.

ლიანას გაახსენდა რომ ტელევიზორი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რეკლამასა და რეკლამას შორის ,,სიხშირის შეცვლაზე“ და ,,პარამეტრების დაყენებაზე“ ატყობინებდა, მაგრამ ლიანამ ამ შეტყობინებას ვერაფერი გაუგო, ისე როგორც სევასტიმ.

უტელევიზორობით გამწარებულ სევასტის ისიც გაახსენა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში არ დარჩენილა მთავრობის არც ერთი წევრი, პირდაპირ ეთერში ,,დეკოდერის ვაუჩერი“ რომ არ გადაეცა ღარიბი მოქალაქისთვის. სევასტის ისიც გაახსენდა, ჩხოროწყუს გამგებელმა ასეთი ვაუჩერი ზარზეიმით როგორ გადასცა ჯიმშერ ქორქიას.

ჯიმშერ ქორქიასთან მისულ ლიანასა და სევასტის სანუგეშო არაფერი დახვდათ: ჯიმშერს ვაუჩერით სპეციალური დეკოდერი მართლაც შეუძენია, მაგრამ ვერაფერში გამოუყენებია: ,,თურმე, ჩემს ტელევიზორზე არ მიდის და ტელევიზორიც გამოსაცვლელი მაქვსო“, - წუხდა ჯიმშერი.

ლიანას, სევასტისა და ჯიმშერის დღეში იყო საქართველოს მოსახლების თითქმის ნახევარი, დანარჩენ ნახევარს კი ახალი სატელევიზიო ეპოქის დადგომას ერთი და იგივე კადრებითა და რესპონდენტებით ორი, ჰა-ჰა, სამი ერთნაირი არხი სიხარულით ატყობინებდა, ისე, რომ იმ უტელევიზოროდ დარჩენილი მოქალაქეების შესახებ არაფერს უამბობდა.

ვიცი, თქვენი ნაწილი ახლა ფიქრობს, რომ ვაჭარბებ, ან მეტიც - ასეთი მომავალი ამ სახით არასდროს დადგება. გუშინწინ მეც დაახლოებით ასე ვიფიქრებდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც მთავრობის იმ წარმომადგენლებს მოვუსმინე, რომლებსაც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთვის მზადება აქვთ მიბარებული, აზრები შემეცვალა.

უკვე ხუთი წელია, რაც საქართველოს ანალოგური მაუწყებლობიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ვალდებულება აქვს დაკისრებულ- აღებული, და ეს ვალდებულება 2015 წლის დადგომამდე უნდა შეასრულოს. მიუხედავდ იმისა, რომ ევროპასთან აღებული ვალდებულებების შესრულების ვადებს ჩვენი ქვეყანა ხშირად გადაავადებს ხოლმე, ეს ის შემთხვევაა, როცა ამგვარი რამ შეუძლებელია. მარტივად რომ ვთქვათ, მას შემდეგ, როცა ყველა ჩვენი მეზობელი ქვეყანა გამორთავს ანალოგურ სიგნალს და ჩართავს ციფრულს, ჩვენც სხვა გზა არ დაგვრჩება, გარდა იმისა, რომ იგივე გავაკეთოთ.

არადა, დღეს საქართველოს მოსახლეობის 10%-ზე მეტს (კვლევების თანახმად) სახლში არათუ ციფრული, არამედ შავ-თეთრი ტელევიზორი უდგას, ამასთან,  90%-ზე მეტს კინესკოპური ტელევიზორი აქვს, რომელთა დიდ ნაწილს ციფრული სიგნალის მისაღებად საჭირო დეკოდერები (დეკოდერ-რესივერების ფასი დღეს 15-20 დოლარამდეა) ვერაფერს უშველის. ქვეყანაში არსებული სოციალური ფონი და ეკონომიკური განვითარების ტემპი კი არ გვაძლევს იმის საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ეს მაჩვენებელი 2015 წლისთვის მნიშვნელოვნად შეიცვლება. ამასთან, ნაკლებ საიმედოა, რომ ინტერნეტმაუწყებლობა, განსაკუთრებით თბილისს გარეთ, ამ დროისთვის მშნივნელოვან ალტერნატივას შექმნის.

ორი თვის წინ ეკონომიკის სამინისტრომ ციფრული მაუწყებლობის თემაზე მოწვეულ სპეციალურ კონფერენციაზე, სადაც იდეაში უცხოელ ექსპერტებს საკითხით დაინტერესბული ქართველი მოქალაქეებისთვის გამოცდილება უნდა გაეზიარებინათ, განაცხადა, რომ იწყებდა მუშოაბას სამოქმედო გეგმასა და მოდელზე, რითიც საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდოდა.

გუშინწინდელ შეხვედრაზეც ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა იგივე განაცხადა. ამ შეხვედრაზე დამსწრეთა ერთმა ნაწილმა (ჩემთან საუბარში) ჩათვალა, რომ ეკონომიკის სამინისტრო საკითხს ჯერ ისევ არ იცნობს, მეორე ნაწილმა კი ივარაუდა, რომ მთავრობა საკითხსაც კარგად იცნობს და გეგმაც შემუშავებული აქვს, ოღონდ არ ამხელს. მიჭირს გითხრათ, რომელია ამ ვერსიებიდან ცუდი და რომელი უარესი, მოდით ცალ-ცალკე განვიხილოთ:

თუ, თუნდაც ორი თვის წინანდელ კონფერენციაზე უცხოელი ექსპერტებისგან მიღებული ინფორმაციის შემდეგ, რომელთა მოხსენებებიდან ერთი საერთო დასკვნის გამოტანა მაინც შეიძლებოდა: რომ ეს არის ძვირადღირებული, რთული და ეტაპობრივად მოსამზადებელი და განსახორციელებლი პროცესი, ეკონომიკის სამინისტრომ ორი თვე უქმად დახარჯა, ეს ოთხი წლის შემდეგ აუცილებალდ დააყენებს იმ შედეგს, რომელიც დასწყიში აღვწერე. ამას სწორედ უცხოური გამოცდილება გვიჩვენებს: ქვეყნებმი, რომლებიც უკვე გადავიდნენ ციფრულ მაუწყებლობაზე, გადასვლისთვის მზადება მინიმუმ 6-7 წლით ადრე დაიწყეს, გადასვლამდე ხუთი წლით ადრე უკვე ხორციელდებოდა მოსახლების მოსამზადებელი სამუშოაოები, რაც მათ ინფორმირებასთან ერთად, სუბსიდირებასაც გულისხმობდა. აშშ-მ მხოლოდ ამ კომპონენტისთვის 1.3 მილიარდი დოლარი დახარჯა, საფრანგეთმა– 360 მილიონამდე ევრო, ხოლო დიდმა ბრიტანემთმა– 201 მილიონი ფუნტი. ამასთან, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად ამ ქვეყნებში წლების განმავლობაში მაუწყებლები პარალელურ რეჟიმში გადასცემდენ ციფრულ და ანალოგურ სიგნალს, რომ უკანაკსნელის გათიშვის შემდეგ მაყურებელი რაიმე ტექნიკური ხარვეზის გამო ინფორმაციის წყაროს გარეშე არ დარჩენილიყო.

ხოლო თუ ხელისუფლებას უკვე გადაწყევტილი აქვს, როგორ და რა ფორმით მოაწყობს ციფრულ მაუწყებლობას ქვეყანაში, და არ ამხელს, მაშინ ზემოთქმული მაგალითებით შექმნილ გამოწვევებს უნდა დავუმატოთ მთავარი გამოწვევა - რომ მას რაღაც აქვს დასამალი და რომ ეს ამ რეფორმის განხორცილების პოლიტიკაა.

დღეს საქართველოში 35 დამოუკიდებელი არხია, მათ შორის 27 თბილისს გარეთ ლოკალურ ტერიტორიებზე მაუწყებლობს. მესმის ხოლმე, რომ ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს მეტისმეტია. მე კი ვფქირობ, რომ დამოუკიდებელი ტელევიზიათა სიმრავლე არა ტვირთი, არამედ  სიმდიდრეა. ამ არხების დამოუკიდებლობა დიდწილად იმაში მდგოამრებს, რომ მათ შინაარსობრივი პროდუქტის წარმოების უფლებასთან ერთად, გადაცემისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაც და გადაცემის უფლებაც აქვთ და სწორედ ამიტომაც არიან ,,დამოუკიდებლად მაუწყებლები“.

გუშინწილნდელ შეხვედრაზე განგვიცხადეს, რომ ეკონომიკის სამინისტრო სტრატეგიულ გეგმასა და მოდელს 5 თვეში დადებს და მის განხორცილებასაც მალე დაიწყებს. ჰოდა, ხუთი თვის თავზე თუ აღმოვაჩენთ, რომ, მაგალითად, გადაცემის უფლება მხოლოდ ერთ პროვაიდერს, ანუ გადამცემს აქვს მიდნობილი, ჩვენ 2015 წლისთვის არა 35 დამოუკიდებელი მაუწყებელი, არამედ 35 ან უფრო ნაკლები ტელესტუდია გვექნება, რომელთა დიდი ნაწილის პროდუქტს ლიანა, სევასტი და ჯიმშერი ვერასდროს იხილავენ.

 

ნათია კუპრაშვილი

ნათია კუპრაშვილი

ნათია კუპრაშვილი არის საქათველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი