10.02.2011

ოპოზიციის კითხვები პრეზიდენტს

მიხეილ სააკაშვილი,
ქართული ოპოზიციური პარტიები მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში ხვალ დაგეგმილი გამოსვლისადმი სკეპტიკურად არიან განწყობილი. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი არაადეკვატურია და მისთვის კითხვის დასმას აზრი არა აქვს. ნაწილი კი ამბობს, რომ სააკაშვილთან არანაირი კითხვა არა აქვს, რადგან ის კითხვებს პასუხს არასოდეს სცემს.

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

ქართული ოპოზიციური პარტიები მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში ხვალ დაგეგმილი გამოსვლისადმი სკეპტიკურად არიან განწყობილი. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი არაადეკვატურია და მისთვის კითხვის დასმას აზრი არა აქვს. ნაწილი კი ამბობს, რომ სააკაშვილთან არანაირი კითხვა არა აქვს, რადგან ის კითხვებს პასუხს არასოდეს სცემს.

საქართველოს პრეზიდენტთან კითხვა არა აქვს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერ თინათინ ხიდაშელს, რადგან, მისი თქმით,  ამ კითხვებზე პასუხები წინასწარ იცის.

„კითხვა თუ მაინც უნდა დამესვა, აუცილებლად ვკითხავდი, პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან როგორ იხარჯება თანხები, რა ფულით აშენდა პრეზიდენტის რეზიდენცია, პრეზიდენტი რატომ დადის უცხოეთში ათეულობით ადამიანთან ერთად და მართლა აპირებს თუ არა ახალი თვითმფრინავის ყიდვას. ჩემი კითხვები შეეხება იმ უსაზღვრო ფინანსებს,  რომელსაც გასართობად იყენებს,“-უთხრა თინათინ ხიდაშელმა ნეტგაზეთს.

პარტია „სამართლიანი საქართველოს“ წევრი, პარლამენტარი პეტრე მამრაძე ამბობს, რომ პრეზიდენტი იმდენად არაადეკვატური  და იმდენად მოწყვეტილია რეალობას, რომ ყველაზე ადეკვატურ კითხვებს მას ვასიკო ოდიშვილი დაუსვამს. „კითხვის დასმას არ ვაპირებ, რა უნდა ვკითხო, რატომ არის ასეთი არაადეკვატური?“-ამბობს მამრაძე.

პრეზიდენტთან არანაირი კითხვა არა აქვს კონსერვატორების ერთ-ერთ ლიდერს ლაშა ჩხარტიშვილს. მას მიაჩნია, რომ უმჯობესი იქნება, სააკაშილს ბრალდებები წაუყენონ, ვიდრე კითხვები დაუსვან.

„ჩემი კითხვა იქნებოდა რიტორიკული: როდის აპირებს ხელისუფლებიდან წასვლას და სასამართლოს წინაშე წარდგომას?“-უთხრა ნეტგაზეთს ლაშა ჩხარტიშვილმა.

ლეიბორისტ გიორგი გუგავას თქმით,  პრეზიდენტისთვის შეკითხვების დასმას არანაირი აზრი არა აქვს. „შეკითხვებს უსვამენ ისეთ ადამიანს, რომელიც ადეკვატურია და რომლისგანაც ადეკვატურ პასუხს მიიღებ. კაცი, რომელიც მორიგი შოუს მოსაწყობად მიდის პარლამენტში, არანაირი კითხვის დასმა აზრი არა აქვს.  იქ მივიღებთ მორიგ კომედი შოუს,“-მიაჩნია გუგავას.

„დემორკატიული მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზაზა სოფრომაძემ ხვალ  პარლამენტში დაგეგმილ პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით ნეტგაზეთს „სახალხო კრების პოზიცია გააცნო“.  მისი თქმით, სააკაშვილმა კარგად იცის, რომ ქვეყნის 20%–ის დაკარგვაში თავად მიუძღვის ბრალი, ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა იზრდება, ასევე იდევნებიან დევნილები და ვეტრანები.

სოფრომაძის აზრით, არსებული გაჭირვების ფონზე მილიონობით დოლარი იხარჯება,  საქართველოს პრეზიდენტმა  საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ატვორიტარი მმართველის სახელი რომ ჩამოირეცხოს.

„არაადეკვატური პრეზიდენტისთვის ჩვენ კითხვების დასმას არ ვაპირებთ, ჩვენ ვაპირებთ მის შეცვლას,“-ამბობს ზაზა სოფრომაძე.

„სამართლიანი საქართველოს“ წევრი, პარლამენტარი გია ცაგარეიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტი უკვე 4 წელია პარლამენტში მოხსენებით გამოდის და მას არ ახსოვს, რპმ სააკაშვილს კითხვებისთის პასუხები გაეცა.

„ამ ადამიანთან დასასმელი კითხვები მე 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ არა მაქვს. იქამდეც გასაგები იყო ყველაფერი, მაგრამ ამ დღიდან მოყოლებული, ზოგიერთი კოლეგისგან განსხვავებით, მე ილუზიებით არ ვიკვებები. გვექნება კრიტიკული შეფასებები მის საქმიანობასთან დაკავშირებით. რა კითვა უნდა დავუსვა მე ადამიანს, რომელსაც სუში ყელში კარგად რომ გადასვლოდა, დაარბია ვეტერანები და აცემინა ქალები?  ასეთ კაცს კითხვები რატომ უნდა დავუსვა? ის არის კრიმინალი და ციხეში უნდა იჯდეს,“-უთრა ნეტგაზეთს გია ცაგარეიშვილმა.

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ თუ მას პრეზიდენტისთვის კითხვის დასმის საშუალება ექნებოდა, ის აუცილებლად ჰკითხავდა, თუ რას უპირებს ხელისუფლება ინფლაციას და ინფლაციის შედეგად გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანებს. მისი თქმით, „ახალმა მემარჯვენეებმა“ საქართველოს  პრეზიდენტს გაუგზავნეს ეკონომისტებთან ერთად შემუშავებული გეგმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანდა. ნაჭყებიას თქმით, „ახალ მემარჯვენეებს“ ამჟამად მთავარ პრობლემად ეკონომიკური კრიზისი მიაჩნიათ და პრეზიდენტისგან პასუხებსაც სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ელიან.

საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ქრისტიან-დემოკრატებიდან გიორგი ახვლედიანი ამბობს, რომ მისმა პარტიამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში შეხვედრები გამართა  ვეტერანებთან, ეკონომისტებთან, განათლების ექსპერტებთან, სოფლის მეურნეობის სპეციალისტებთან, და არასამთავრობოებთან.

„შესაბამისად, ამ სფეროში არსებული ყველა პრობლემური საკითხი თავს მოიყრის ჩვენს გამოსვლაში, მოხსენებასა და კითხვებში. მთავარია, რამდენად ადეკვატური იქნება პრეზიდენტი ყველა ამ კითხვების მიმართ. სამწუხაროდ, მე არა მაქვს იმედი, რომ პრეზიდენტი ხვალ იქნება ადეკვატური, რადგან ასეთი პრეზიდენტი მე აქამდე არ მინახავს,“-უთხრა ნეტგაზეთს გიორგი ახვლედიანმა.

ის ამბობს, რომ ქრისტიან-დემოკრატები ხვალ შეეცდებიან პრეზიდენტი გამოაფხიზლონ, მაგრამ მას ამის ილუზია არა აქვს.  

პრეზიდენტი სააკაშვილი ხვალ, 18 საათზე, პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება. საპარლამენტო უმრავლესობას და უმცირესობას გამოსვლისთვის 45-45 წუთი მიეცემათ, 15-15 წუთი ფრაქციების თავმჯდომარეებს, ვიცე-სპიკერებსა და დამოუკიდებელ დეპუტატებს კი 5-5 წუთი.