09.11.2010

მოსწავლეების არა და კი

განათლება,

პარლამენტის წინ მოსწავლეების მხარდასაჭერად მისულ ლეობორისტულ პარტიასა და მოძრაობა არა-ს შორის მოსწავლეებმა არჩევანი ამ უკანასკნელზე შეაჩერეს, იმ მოტივით, რომ საპროტესტო აქციების პოლიტიზირებისაგან დაეცვათ თავი. მოსწავლეებმა ლეიბორისტული პარტიისგან ასეთი პასუხი მიიღეს: „ჩვენ წავალთ და რასაც მიაღწევთ, ნახავთ!“

პარლამენტის წინ მოსწავლეების მხარდასაჭერად მისულ ლეობორისტულ პარტიასა და მოძრაობა არა-ს შორის მოსწავლეებმა არჩევანი ამ უკანასკნელზე შეაჩერეს, იმ მოტივით, რომ საპროტესტო აქციების პოლიტიზირებისაგან დაეცვათ თავი. მოსწავლეებმა ლეიბორისტული პარტიისგან ასეთი პასუხი მიიღეს: „ჩვენ წავალთ და რასაც მიაღწევთ, ნახავთ!“

საჯარო სკოლების მეთორმეტეკლასელებმა აქცია პარლამენტთან 12 საათზე დაიწყეს. ისინი საატესტაციო 8 გამოცდის გაუქმებას ითხოვდნენ. მოსწავლეები ფიქრობენ, რომ განათლების სამინისტრო მათ უსამართლოდ მოექცა, რადგან სექტემბერში შეატყობინა, რომ საატესტაციო 8 გამოცდის ჩაბარება მოუწევდათ. მოსწავლეები ამბობენ, რომ ისინი კონცენტრირებული იყვნენ იმ საგნების მომზადებაზე, რომელთა ჩაბარებაც ეროვნული გამოცდებზე მოუწევდათ. სამინისტროს ეს გადაწყვეტილება კი მათთვის მოულოდნელი იყო.

,,როცა მეთორმეტეკლასელებს არ გვაქვს სრულყოფილი განათლება მიღებული, ძნელია ამდენი გამოცდის ჩაბარება. შარშან თითოეულ სემესტრში თითო საგანი ვისწავლეთ, მაგალითად, ქიმიას ვსწავლობდით ერთი სემესტრი, მერე – ფიზიკას. ერთ სემესტრში ვერ მივიღეთ საკმარისი ცოდნა, თან საკმაოდ დიდი წიგნები იყო. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს განათლების სისტემის პრობლემაა, ზოგადად. ყველა რეფორმა ჩვენ დაგვატყდა თავზე და ახლა შეღავათი უნდა გაგვიწიონ’’, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მოსწავლე.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ნეტგაზეთის ჟურნალისტს განუცხადა, რომ ამ საკითხზე სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს, თუმცა განათლების მინისტრმა ჟურნალისტებთან საატესტაციო გამოცდებზე მთავრობის სხდომის დამთავრების შემდეგ ისაუბრა. შაშკინის თქმით, საატესტაციო გამოცდების ჩაბარება გარდაუვალია. მინისტრის განცხადებით, სამინისტრომ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი დაწია, ამიტომ წელს ეს გამოცდები შედარებით მარტივი იქნება.

,,განაწყვეტილება გამოცდების ჩატარებაზე 2010 წლის იანვარში მივიღეთ. მაისში ჩავატარეთ პრეტესტები, რომელმაც აჩვენა, რომ ამ გამოცდებს გადალახავს მოსწავლეთა 95 %. იმის გამო, რომ მოსამზადებლად  მოსწავლეებს ჰქონდათ წელიწადნახევარი, ჩვენ შეგნებულად დავწიეთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი’’, - ამბობს შაშკინი.

მინისტრის თქმით, ეს განათლების ხარისხის ასამაღლებლად კეთდება. მისი განაცხადებით, საატესტაციო გამოცდები საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების დონეს აწევს.

აქციაზე მონაწილე მოსწავლეებმა უარი თქვეს ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერაზე:  „არც ერთი პარტია არ გვინდა, რომ მოვიდეს აქ’’, „წავიდეს ყველა ოპოზიციონერი აქედან, ეს ჩვენი პროტესტია“, - ყვიროდნენ მოსწავლეები.

თუმცა მხოლოდ მათმა ნაწილმა იცოდა, თუ რას საქმიანობდა ორგანიზაცია, რომლის მხარდაჭერასაც დათანხმდნენ.  

ნეტგაზეთის მიერ გამოკითხული მოსწავლეების ნაწილი ამბობდა, რომ მოძრაობა არას შესახებ არაფერი არ იცოდა, ნაწილი აბობდა, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციაა, ნაწილმა კი უფრო ზუსტად განმარტა: „მოძრაობა არა არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლიც ადამიანის უფლებების დაცვაზე მუშაობს“.

მოძრაობა არა ხშირად ჩნდება ხოლმე ოპოზიციური პარტიების გვერდით: „ეს არის ბუნებრივი პროცესი, არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა თანამშრომლობდნენ ასეთ პარტიებთან“ – განმარტავს არას წევრი ლევან ჩიტაძე.

განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიები მოსწავლეების ხარჯზე პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ, რაც, მისი თქმით, ძალიან სამარცხვინოა.

ჩიტაძემ ჩვენთან საუბრისას განმარტა, რომ მოსწავლეება დახმარება თავად სთხოვეს. თუმცა ამასვე ირწმუნებოდა ლეიბორისტული პარტიის წევრი სოსო შატბერაშვილიც.

XII კლასის მოსწავლეებმა პარლამენტიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან გადაინაცვლეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ თითოეული სკოლიდან რამდენიმე მოსწავლის წარმომადგენლობით საინიციატივო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც გადაწყვეტს, როდის და სად უნდა გამართონ აქცია. მოსწავლეების თქმით, სკოლაში გაკვეთილებს მანამ არ დაესწრებიან, სანამ მათ თხოვნას სამინისტრო არ გაითვალისწინებს.

საპროტესტო აქცია ამავე მოთხოვნით მოსწავლეებმა 5 ნოემბერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან გამართეს. როგორც თავად ამბობენ, აქციის დასაგეგმად მათ სოციალური ქსელი ფეისბუქი გამოიყენეს.

„დღეს იმაზე სამჯერ მეტი მოსწავლე მოვიდა, ვიდრე – 5 ნოემბერს“, - ასეთი იყო მათი შეფასება. დღევანდელ აქციაში დაახლოებით 200–მდე მოსწავლე მონაწილეობდა.