15.11.2010

არასამთავრობოების და იაკობაშვილის შეხვედრის შედეგი

კონფლიქტები,

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის თქმით, სამინისტრო მზად არის, განიხილოს ცვლილებების პროექტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის წესების დამტკიცების შესახებ დადგენილებაში. დადგენილების ცვლილებების პროექტის განხილვა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა იაკობაშვილს დღეს გამართულ შეხვედრაზე შესთავაზეს. 

თემურ იაკობაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

თემურ იაკობაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის თქმით, სამინისტრო მზად არის, განიხილოს ცვლილებების პროექტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის წესების დამტკიცების შესაბ დადგენილებისა. დადგენილების ცვლილებების პროექტის განხილვა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა იაკობაშვილს დღეს გამართულ შეხვედრაზე შესთავაზეს.

 თემურ იაკობაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ოფისში დღეს შეხვდა. შეხვედრა საია-ს ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თამარ ხიდაშელის თქმით,  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის წესების დამტკიცების შესახებ დადგენილებამ, რომელიც ძალაში 15 ოქტომბერს შევიდა, ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. ამ შეხვედრის მიზეზი ამ კითხვებზე ამომწურავი პასუხების მიღება იყო.

ხიდაშელი ამბობს, რომ დადგენილება არაერთგვაროვანია, ნაწილში საუბარია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს სამინისტროს ნებართვის გარეშე ეზღუდებათ ნებისმიერი საქმიანობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ზოგან კი ლაპარაკია საქართველოს კანონით განსაზღვრული აკრძალული საქმიანობის შეზღუდვაზე.

ასევე ხიდაშელმა თქმით, დადგენილების შემუშავების პროცესში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები არ იყვნენ ჩართული, რაც მას მართებულად არ მიაჩნია.

,,დადგენილების ნაწილი შესაძლოა ჩვენს საქმიანობაზეც ვრცელდება, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მის შემუშავებაში ადგილობრივი ორგანიზაციებს მონაწილეობა უნდა მიეღოთ’’, - ამბობს ხიდაშელი.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის ნორმა  საერთაშორისო და პროექტების განმახორციელებელი ორგანიზაციების საქმიანობის რეგულირებას ისახავს მიზნად.  დადგენილების თანახმად, ჰუმანიტარული და საქართველოს კანონით აკრძალული საქმიანობის (საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მუხლი6, მუნქტი 1) განსახორციელებლად, საერთაშორისო ორგანიზაციებს რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ნებართვა დასჭირდებათ.  

,,ეს დოკუმენტი მთლიანად ეფუძნება კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ამ დებულებით ჩვენ შევქმენით მექანიზმები, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობას ყველა დაინტერესებული მხარისთვის გაადვილებდა და არა გაართულებდა’’, - განაცხადა იაკობაშვილმა შეხვედრისას.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილმა ეს დოკუმენტრი ,,საკონტროლო გასროლად შეაფასა’’.  მისი თქმით, ხელისუფლება ამით უსპობს კონტაქტებს აფხაზურ და ოსურ მხარესთან იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვს ნდობა აფხაზურ და ოსურ მხარეებში.

,,ეს ორგანიზაციები ცნობილნი იყვნენ თავის ნეიტრალურობით, თავისი მიუკერძოებლობით. არცერთი მხარის პოზიციას არ იკავებდნენ, ისინი უქმნიდნენ ქართველებს, აფხაზებს და ოსებს სამუშაო პირობებს, ახვედრებდნენ ერთმანეთს უცხოეთში. ამ დოკუმენტით ისინი კარგავენ ნეიტრალურობას და ხდებიან ქართული პოლიტიკის ნაწილი. ქართული პოლიტიკა ეუბნება, თქვენ შეგიძლიათ იმუშავოთ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენგან მიიღებთ ნებართვას’’, - ამბობს ზაქარეიშვილი

მისივე თქმით, თუ ქართული მხარე მოიწონებს პროექტს, ადვილი შესაძლებელია ამ პროექტის განხორციელებაზე უარი ოსურმა ან აფხაზურმა მხარემ თქვას. ,,ეს ქართული პროექტია, იტყვიან ისინი, და აქ ჩვენ არაფერი გვესაქმება. შესაბამისად, გაწყდება ყველა ის პატარა მოედანი, სადაც შეიძლებოდა ქართველებს და ოსებს, ქართველებს და აფხაზებს ერთად ემუშავათ და რაც ამდენი ხნის განმავლობაში კეთდებოდა’’, - განმარტავს ზაქარეიშვილი.

სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში არ ეთანხმება არასამთავრობო ორაგანიზაციებისა და ექსპერტების აზრს და  აქცენტს სახელმწიფო ინტერესების დაცვაზე აკეთებს.

,,ამ დოკუმენტმა  მოგვცა საშუალება, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას ქონოდა დისკრეცია, გადაეწყვიტა რიგ შემთხვევაში რომელი საქმიანობა იქნებოდა ხელისშემწყობი ნდობის აღდგენის, ან რომელი იქნებოდა ხელისშემწყობი კონფლიქტის ტრანსფორმაციის. ეს საკითხები სახელმწიფფო ინტერესში შედის’’, - ამბობს იაკობაშვილი.

ასევე იაკობაშვილის განმარტებით, ყველა დაინტერესებული ორგანიზაცია ამ დოკუმენტის შემუშავების პროცესში ჩართული იყო.

,,ეს არ იყო დახურული დოკუმენტი, არავის არავისთვის არ უთქვამს, რომ არ მოხვიდეთ და არ დაგველაპარაკოთო,  ცნობილი იყო, რომ ჩვენ ამ დოკუმენტზე ვმუშაობდით. მუშაობა ერთი წლის განმავლობაში მიდიოდა’’, - განაცხადა შეხვედრისას იაკობაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების აზრით, საქართველოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის კონტაქტის გაწყვეტაზე შესაძლებელია ზეგავლენა კიდევ ერთმა გარეოებამ მოახდინოს, კერძოდ, ნეიტრალური პასპორტების შემოღებამ.

დადგენილების მეშვიდე მუხლის მესამე პუნქტში წერია, რომ თუ პროექტით გათვალისწინებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების სახელმწიფო საზღვრებს გარეთ გაყვანა, ეს უნდა განხორციელდეს საქართველოს საზღვარგარეთის პასპორტით, ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტით.

რას ნიშნავს ნეიტალური დოკუმენტი, კანონით არ არის განმარტებული, დადგენილების ამ ნორმის ამოქმედებაც მაშინ იგეგმება, როცა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება და ზუსტად განისაზღვრება,  თუ როგორი უნდა იყოს ეს დოკუმენტი.

შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომ ნეიტრალური პასპორტებით ცხინვალში და აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა შეძლებს გადაადგილდეს საზღვარგარეთ. იაკობაშვილის თქმით, ნეიტრალურ პასპორტში არ ჩაეწერება მოქალაქეობა, არ ექნება ისეთი ნახატები, როგორიც ჩვენს საზღვარგარეთის პასპორტებს აქვს, ეს იქნება სრულიად ნეიტრალური დოკუმენტი. ზაქარეიშვილს ეჭვი ეპარება იმაში, რომ მსგავსი პასპორტების აღებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოისურვებენ.

,,მათ არ სურთ არანაირი კონტაქტი ქართველებთან, ასევე დიდი შანსია მსგავსი პასპორტი რუსეთმა არ აღიაროს, რუსეთში ამ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა დადის. გამოდის რომ ამ ხალხს ჩიხში აქცევ’’, - განმარტავს ზაქარეიშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტებისა და თემურ იაკობაშვილის შეხვედრა 2 საათს გაგრძელდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები დადგენილების ცვლილებების პროექტს შეიმუშავებენ და რეინტეგრაციის სამინისტროს წარუდგენენ. იაკობაშვილის თქმით, წარდგენილ პროექტს სამინისტრო განიხილავს.