04.10.2010

დამშრალი ჭოროხი და უწყლოდ დარჩენილი თევზები

ეკოლოგია,
საქართველო თურქეთის საზღვართან,  დერინერის კაშხლის ამუშავების შემდეგ, მდინარე  ჭოროხი ყოველდღიურად რამდენიმე საათით, ზოგჯერ კი რამდენიმე დღით იკეტება, ჭოროხის კალაპოტის დაშრობამ კი მდინარის ცოცხალ ბინადართა შორის წითელ წიგნში შესული თევზის სახეობების განადგურება გამოიწვია.

მდინარე ჭოროხი

მდინარე ჭოროხი

საქართველო თურქეთის საზღვართან,  დერინერის კაშხლის ამუშავების შემდეგ, მდინარე  ჭოროხი ყოველდღიურად რამდენიმე საათით, ზოგჯერ კი რამდენიმე დღით იკეტება, ჭოროხის კალაპოტის დაშრობამ კი მდინარის ცოცხალ ბინადართა შორის წითელ წიგნში შესული თევზის სახეობების განადგურება გამოიწვია.

« ღმერთმა იმდენ ხანს გაცოცხლა ვიდრე ჭოროხის წყალი დაშრებოდესო» - ასე მარადიდში ერთმანეთს ხანდაზმული ადამიანები ლოცავდნენ, ახლაგაზრდების მოტანილ ამბავზე კი , თურქეთის მხარეს კაშხლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, შესაძლოა მდინარე გადაიკეტოს  და კალაპოტი დაშრესო, მხოლოდ ეღიმებოდათ. «რაღა დაგიმალოთ და არც მე  მჯეროდა ამ სანახაობის მომსწრე თუ გავხვდებოდი, არც ისე დიდი ვარ, მაგრამ წყლის დონის მომატების გამო შექმნილი საფრთხეები კარგად მახსოვს, ამხელა მდინარეს ბოლომდე თუ დააშრობდნენ და ჭოროხის ფსკერზე გავისეირნებდი, ნამდვლად ვერ წარმომედგინა» - ამბობს ჭოროხისპირას მცხოვრები თეონა დიასამიძე.

ახლა ეს უკვე ყოველდღიური რეალობაა, მდინარის გადაკეტვის შემდეგ რამდენიმე წუთში ჭოროხის კალაპოტის ძირითად ნაწილზე წვეთი წყალიც აღარ რჩება, უკვე რამდენიმე წელია თურქეთის მხარე, გრანდიოზული დერინერის კაშხლის ასამუშავებლად, მდინარეს პერიოდულად უცვლის მიმართულებას. წყალუხვი მდინარის კალაპოტი ყოველდღიურად რამდენიმე საათით, ზოგჯერ კი რამდენიმე დღითაც შრება, ამ  ცვლილებამ არამარტო ჭოროხისპირას მცხოვრები ადამიანების ცხოვრების წესი შეცვალა. «პირველად, როცა მდინარის გადაკეტვა დაიწყეს, უამრავი თევზი დარჩა ფსკერზე, უწყლოდ დარჩენილები აქეთ-იქით ეხეთქებოდნენ, ფსკერზე მოფართხალე თევზებს ხალხი ტომრებით ეზიდებოდა დამშრალი კალაპოტიდან, უნდა გენახათ, რა საოცარი სანახობა იყო.» _ სოფელ მარადიდის მკვიდრის ახმედ დიასამიძის მონათხრობით, «ეს სურათი ხუთი წლის წინათ, როცა ახლად იყო მდინარის ჩაკეტვის პროცესი დაწყებული, ხშირად მეორდებოდა, შემდეგ  თევზის რაოდენობამ თანდათანობით იკლო».

ჭოროხის სიგრძე 438 კილომეტრია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კი 26– კილომეტირიან მონაკვეთზე მოედინება. ჭოროხის აუზის ფართობი 22 ათასი კვ.კმ-ია, წყლის საშუალო ხარჯი კი –285 კუბ/წმ-ი, მდინარის დამახასიათებელ თვისებებში კი გაზაფხულ-ზაფხულის წყალდიდობებიცაა მოხსენიებული, გარდა სხვა თვისებებისა, მდინარე ცოცხალ ბინადართა სახეობების სიმრავლითაც გამოირჩევა, ჭოროხის ბინადარი თევზებიდან კი რამდენიმე სახეობაზუთხი, ქაშაპი, ღორჯო, ფოროფი, სვიახრამულა, ტარაღანა და შავი ზღვის ორაგულიწითელ წიგნშია შეტანილი. ამ ჯიშებთან დაკავშირებით, როგორც ქვეყანის შიგნით არსებული კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე დადგენილი ნორმებით, განსაკუთრებული წესები უნდა მოქმედებდეს. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბრძანებულებით, ზუთხისებრთა ოჯახის თევზებისა და შავი ზღვის ორაგულის ჭერა, ნებისმიერი სახით, მთელი წლით არის აკრძალული. თუმცა მდინარის პირას მცხოვრები მოსახლეობა ამტკიცებს, რომ  «ის თევზი, რაც ადრე იყო, აღარ არის, განადგურდა. ეს, რა თქმა უნდა, მდინარის გადაკეტვამ გამოწვია, სადაც წყალი არ არის, იქ, ბუნებრივია, არც თევზი იქნება.» - ამბობს მინდია მუთიძე

სპეციალისტების განმარტებით, «წყლის დონის მერყეობა და ნაკადის მკვეთრი დაგდება ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს თევზების პოპულაციაზე. ამ დროს ზღვაში ბიონაკადი მცირდება, ორაგულს უქვეითდება ჰომინგის მოვლენა, ანუ ის საკუთარ მდინარეს ვეღარ აგნებს, რთულდება მისი შეღწვა საქვირითო ადგილებამდე, რაც ფაქტობრივად გამსვლელი თევზების სატორფო, ანუ ქვირითის დადების კამპანიას შლის»

აღნიშნულ საკითხებზე ასოციაცია «ფლორა და ფაუნას» გამგეობის თანმჯდომარე არჩილ გუჩმანიძე დიდი ხანია მუშაობს, მისი თქმით, «ხელშეკრილებით, რომელიც თურქეთს სასაზღვრო მდინარის გადაკეტვის შესაძლებლობას აძლევს, მას სამწუხაროდ არანაირი ვალდებულება არ აქვს აღებული, თავის დროზე ამაზე საქართველოს ხელისუფლებამ არ იფიქრა. თუმცა არსებობს გარკვეული საერთაშორისო ნორმები, რომელთა შესრულება თურქეთისთვისაც სავალდებულოა»

1992 წლის 25 ივნისს შავი ზღვის აუზის თერთმეტმა ქვეყანამ  შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (BშEჩ) შექმნეს, რომელსაც საფუძვლად საერთაშორისო სამართლის და სხვა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები დაედო, ამ ორგანიზაციაში საქართველო და თურქეთიც გაერთიანდნენ. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ორგანიზაციის პრიორიტეტებში მშვნელოვან ადგილს გარემოს დაცვის საკითხებიც იკავებს, ისევე როგორც სხვა ქვეყნებს, ამ მხვრივ, ვალდებულებები თურქეთსაც გააჩნია. «საერთაშორისო ნორმები თურქეთს ავალდებულებს, თავისი საქმიანობით არ მიაყენოს ზიანი იმ სახეობებს, რომლებიც საერთაშორისო პროტექციის ქვეშ არიან, ანუ მათი მძიმე მდგომარეობა  არამარტო საქართველოს წითელი ნუსხით არის აღიარებული. გარდა ამისა, სანიტარული ნაკადის ვალდებულება ყველა ქვეყანას გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ მდინარის მთლიანად გადაკეტვა არ შეიძლება, წყლის მცირე ნაკადი მაინც უნდა დარჩეს, რომ იქ ჰიდროფაუნა შენარჩუნდეს» -ამბობს გუჩმანიძე. არანაკლებ მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საკითხი, მდინარის გამოშვება მოულოდნელად ყოველგვარი გაფრთხილებისა და გრაფიკის გარეშე ხდება. «არასდროს იცი, როდის წამოვა წყალი. მუდმივად ფხიზლად უნდა იყო, რომ რომელიმე ბავშვი ან სტუმარი, რომელმაც ამის შესახებ არაფერი იცის, ამ დროს მდინარის კალაპოტზე არ სეირნობდეს. ასეთ შემთხვევაში ტრაგედია გარდაუვალია, მოვარდნილ წყალს ვერავინ გაასწრებს... სკოლაც აქვე ახლოსაა მდინარესთან და ბავშვების გამოც ვშიშობ», _ ამბობს მარადიდის საშუალო სკოლის დირექტორი ესმა ჯაფარიძე.

«აქაურებმა მაინც ვიცით, რა შეიძლება მოყვეს მდინარის კალაპოტზე უყურადღებოდ გაჩერებას და, შესაბამისად, ფრთხილად ვართ.  სტუმარი ან მთვრალი ადამიანი თუ იქ ჩავიდა, არ ვიცი, რა შეიძლება მოხდეს. კარგი იქნება, წყლის გამოშვების შესახებ, რაიმენაირად რომ გვაფრთხილებდნენ» - ამბობს ნინო კალანდაძე.

დიდი ხნის წინათ გარემოს დაცვის სამმართველო უსაფრთხოების პრობლემის მოგვარებას მდინარის სანაპიროს გასწვრივ სპეციალური სასიგნალო მოწყობილობის დამონტაჟებით გეგმავდა, თუმცა, ფაქტია, რომ ეს სისტემა დღეს არ მუშაობს.

 ახმედ დიასამიძე - «არ არსებობს არანაირი გრაფიკი, წყალი როდის წამოვა. მდინარის პირას  ან გზასთან ახლოს თუ ხარ, შეიძლება მიხვდე კიდევაც, რომ რამოდენიმე წამში წყალი წამოვა. ორ ან სამი წუთით ადრე ქარი ძლიერდება, სათავიდან წამოსული წყლის ხმაურიც აღწევს ჩვენამდე, მაგრამ ამ დროს კალაპოტზე ყოფნა მაინც საშიშია, რადგან წყლის ნაკადი ძალიან სწრაფად იმატებს. ქართველი კაცის უცნაურობებს რა გამოლევს, ზოგს მდინარის კალაპოტზე ქეიფი მოუნდება, ზოგს შალახოს ცეკვა, მაგრამ ... რამოდენიმე დღის წინ, წყლის უცებ ადიდების გამო, ადლიაში თურქი «კარტოგრაფი» დაიღუპა, არ გაგიგიათ? « -

უბედური შემთხვევა ორი კვირის წინათ მოხდა.  თურქეთიდან ჩამოსული ჯგუფი მდინარეზე წყლის სიღრმეს იკვლევდა, ჯგუფის ერთ-ერთი წევრი 23 წლის სელიმ ბაქრჯი სამუშაოების დროს დინებამ წაიღო. თვითმხილველები მედიასთან საუბარში აცხადებდნენ, რომ უბედური შემთხვევა მოულოდნელად წყლის დიდი ნაკადის მოვარდნამ გამოიწვია.

გარემოს დაცვის სამმართველოს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით თურქეთის მთავრობაში ოფიციალური წერილია გადაგზავნილი და უახლოეს მომავალში მოლაპარაკებებიც დაიწყება.

მდინარე ჭოროხი

მდინარე ჭოროხი

მდინარე ჭოროხი

მდინარე ჭოროხი