30.09.2010

გამოძიების ბუნდოვანი მხარეები

პოლიტიკა, კონფლიქტები,

ევროპელი ექსპერტებისათვის შსს-ს მიერ გადაცემულ ერთ-ერთ ვიდეოში, რომელშიც ქართველი ჯარისკაცი ჩანს, სახის მრავლობითი დაზიანებებითა და სისხლდენით, საქართველოს სახელისუფლებო ორგანოების წარმომადგენლებმა დაკარგული T-72 ტანკი #406 ეკიპაჟის მეთური, გიორგი რომელაშვილი ამოიცნეს. თუმცა რომელაშვილის დედამ და მეუღლემ ვიდეოში ნაჩვენები ადამიანი ვერ იცნეს, – ნათქვამია ევრო საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარიატის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაკარგულთა საქმეების გამოძიების მონიტორინგის ანგარიშში.   

ევროპელი ექსპერტებისათვის შსს-ს მიერ გადაცემულ ერთ-ერთ ვიდეოში, რომელშიც ქართველი ჯარისკაცი ჩანს, სახის მრავლობითი დაზიანებებითა და სისხლდენით, საქართველოს სახელისუფლებო ორგანოების წარმომადგენლებმა დაკარგული T-72 ტანკი #406 ეკიპაჟის მეთური, გიორგი რომელაშვილი ამოიცნეს. თუმცა რომელაშვილის დედამ და მეუღლემ ვიდეოში ნაჩვენები ადამიანი ვერ იცნეს, – ნათქვამია ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარიატის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაკარგულთა საქმეების გამოძიების მონიტორინგის ანგარიშში.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი, სხვადასხვა მხარეების წარმომადგენელთა თხოვნით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაკარგულთა ბედით  დაინტერესდა. იმისათვის, რომ გაერკვია, თუ როგორ მიმდინარეობდა ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საქმეების გამოძიება, მან დახმარებისათვის ორ ექსპერტს მიმართა: ავსტრალიის ფედერალური პოლიციის ოფიცერს ბრიუს პეგსა და საფრანგეთის ეროვნული პოლიციის კაპიტანს ნიკოლას სებირს დაკარგულთა საქმეების გამოძიების მონიტორიგი, მონიტორინგის ანგარიშისა და რეკომენდაციების მომზადება დაევალათ.

თომას ჰამარბერგი მონიტორინგის შესავალ სიტყვაში წერს, რომ გიორგი რომელაშვილის საქმე ,,ოდნავ დამაბნეველი აღმოჩნდა’’.

ერთ-ერთ ვიდეომასალში, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექსპერტებს მიაწოდა,  ჩანს ქართველი ჯარისკაცი, რომელიც ,,დაბნეული გამოიყურება, ემჩნევა სახის მრავლობითი დაზიანებები და სისხლდენა’’.  ანგარიშში წერია, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელებმა ჯარისკაცი ამოიცნეს. მათი თქმით, ჯარისკაცი T-72 ტანკი #406 ეკიპაჟის მეთური გიორგი რომელაშვილია.

შსს-ს ერთ-ერთი თანამშრომლის ცნობით,  T-72 ტანკი #406 ეკიპაჟი 2008 წლის 8 აგვისტოს სოფელ თამარაშენისაკენ მიიწევდა. ტანკზე შეტევა საფარიდან განხორციელდა, რის შემდეგაც მასთან კავშირი გაწყდა.

2008 წლის 27 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ვებ–გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, #406 ეკიპაჟის წევრები ცხინვალში მათზე განხორციელებული თავდასხმის დროს დაიღუპნენ. ტანკი განადგურდა და გვამების ამოყვანა ვერ მოხერხდა. მოგვიანებით, გაზეთ „კვირის პალიტრის’’ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ თამარაშენისკენ მიმავალი ტანკი ცხინვალში, ფაბრიკის ქუჩაზე, განადგურდა.

ცხინვალის დე ფაქტო ადმინისტრაციამ კი ექსპერტებს განსხვავებული ინფორმაცია მოაწოდა:

,,ფაბრიკის ქუჩაზე არც ერთი ქართული ტანკი არ ყოფილა განადგურებული.  სამი ქართული ტანკი განადგურდა ცხინვალის სხვა ქუჩაზე. ეს სამი ტანკი ერთმანეთის უშუალო სიახლოვეს იმყოფებოდა. როდესაც ერთი მათგანი აფეთქდა, ამას მოყვა დანარჩენი ორი ტანკის განადგურებაც. ერთ-ერთი ტანკის კოშკი კი ისევ იმ ადგილას გდია’’.

ექსპერტები იმ ქუჩაზე მივიდნენ, სადაც, ცხინვალის დე ფაქტო ადმინისტრაციის თქმით, ტანკის კოშკი დღესაც გდია. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ექსპერტებს განუმარტეს, რომ აფეთქების შემდეგ ტანკში მჯდომი ჯარისკაცების სხეულის ნაწილები გარშემო იყო მიმოფანტული. ანგარიშში ერთ-ერთი მოწმის ჩვენებაა მოყვანილი. მოწმე ამბობს, რომ აფეთქების მეორე დღეს, 9 აგვისტოს, იმ ადგილას გაიარა და იხილა ორი განადგურებული ტანკი და ადმიანის სხეულის ნაწილები. ამავე მოწმის თქმით, ერთ-ერთი ადამიანის გულ-მკერდის ნაწილს შემორჩენილი ჰქონდა სამხედრო ფორმის ნაგლეჯი, რომელზეც ჯარისკაცის გვარი, ,,სუხიტაშვილი’’ იკითხებოდა. ექსპერტებმა ეს ფაქტი უცნაურად მიიჩნიეს, რადგან, მათი აზრით, აფეთქების შედეგად წარმოქმნილ ძლიერ სიცხეს ტანსაცმელი უნდა გაენადგურებინა.

სუხიტაშვილი და ბირთველაშვილი ამავე ტანკის ეკიპაჟის წევრები იყვნენ. შსს-ს მიერ მიწოდებული ვიდეომასალა ექსპერტებმა სუხიტაშვილისა და ბირთველაშვილის დედებსაც აჩვენეს, თუმცა ვერც მათ ამოიცნეს ვიდეოში ნაჩვენები ადამიანი.

ტანკის კოშკის შესწავლით გამოვლინდა გარკვეული სერიული ნომრები და საქართველოს ხელისუფლებას სთხოვეს, შეემოწმებინათ ისინი.

ანგარიშის თანახმად, ექსპერტების მიერ მიწოდებული სერიული ნომრები საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მიერ გადაცემული ვიდეომასალის სერიულ ნომრებს არ მიესადაგებოდა. თუმცა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ნომრები იმდენად გავდა ტანკი #406 შესყიდვების შემდეგ დარეგისტრირებულ ნომრებს, რომ ცხინვალში ნანახი ტანკის ნაწილები, მისი აზრით, სწორედ ტანკი #406-ის ნარჩენები უნდა ყოფილიყო.

საქმის გამოძიების მონიტორინგის შედეგად ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ვიდეოზე გამოსახული ახალგაზრდა კაცი არ არის არც გიორგი რომელაშვილი და არც ზაზა ბირთველაშვილი ან ოთარ სუხიტაშვილი. ექსპერტების აზრით, ტანკის კოშკის ნაწილები, რომლებიც დღემდე გდია ცხივნალში, T-72 ტანკის #406-ის უნდა იყოს.

ტანკის ეკიპაჟის სხეულები, ექსპერტთა აზრით, მთლიანად განადგურდა.

ექსპერტების– ბრიუს პეგისა და ნიკოლას სებირის რეკომენდაციებში ნათქვამია: იმისათვის, რომ დადგინდეს გამოძიების დეტალები, ყველა მხარემ უნდა გააგრძელოს ზომების მიღება. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაადგინოს ვიდეოზე გამოსახული ჯარისკაცის ვინაობა და შემდგომში მისი ბედის გარკვევაში, ყველა მხარემ უნდა მიიღოს მონაწილეობა.

ექსპერტები რეკომენდაციას რუსულ მხარესაც აძლევენ: რუსული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უნდა მიაწოდონ გამოძიებას 2008 წლის აგვისტოს ომის დროს განადგურებული ქართული ტანკების ადგილსამყოფელისა და სერიული ნომრების შესახებ ინფორმაცია. ცხინვალის ხელისუფლებამ კი უნდა გააძლიეროს ძალიასხმევა ომის და მის შემდეგ პერიოდში დაკარგული ადამიანების საფლავების ადგილსამყოფელის დასადგენად.

,,ეს მნიშვნელოვანია ეკიპაჟის წევრთა ოჯახებისათვის, რომლებიც  ახლობლების ბედის შესახებ ინფორმაციის არარსებობის გამო იტანჯებიან’’, - ამბობს ჰამარბერგი შესავალ სიტყვაში.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარიატის ანგარიშში კიდევ  სამ მსგავს საქმეზეა საუბარი.  ჰამარბერგმა მხარეებს ექსპერტები 2010 წლის 26 თებერვალს წარუდგინა. მათი მუშაობა კი 2010 წლის ივნისამდე გაგრძელდა.

ანგარიშის სრული ვერსია