ახალი ამბები

საქართველომ 17 მილიონი წააგო

რამდენიმე მილიონ დოლარად ღირებული სახელმწიფო ქონება ლევან ვარშალომიძემ თურქულ კომპანიას 1,45 მილიონი დოლარის სანაცვლოდ გადასცა. აჭარის მთავრობის მიერ ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო კი ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ დოლარზე მეტია დახარჯული. როგორც ”ბათუმელებმა” გაარკვია, თურქულ კომპანიასთან დავაში სახელმწიფომ სულ ცოტა 17  მილიონი ლარი იზარალა.

წაგებული საქმე და წამგებიანი ხელშეკრულება

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლომ თურქული კომპანია tustas industrial plants co. incorporation -ის (”თუსთაში”) სასარგებლოდ 4 782 671 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა.

”თუსთაშისთვის” მისაცემი 9 778 400 ლარი გასული წლის ბიუჯეტში ჩაიდო, თუმცა  სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისა და დავალიანების დაფარვის ნაცვლად, აჭარის მთავრობამ კომპანიასთან მოლაპარაკება დაიწყო.

შეთანხმება, რომელიც ”ბათუმელების”  მიერ მოძიებული მასალების მიხედვით, ქართული მხარისთვის მომგებიანი ვერ აღმოჩნდა, ”თუსთაშთან”  გასული წლის სექტემბერში გაფორმდა. ამ დროისთვის გადასახდელ თანხაზე დარიცხული პროცენტი 2 071 889 დოლარია.  აქედან 600 ათას დოლარზე მეტი ძირითად თანხას სწორედ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ დაერიცხა. მთლიანობაში კომპანიისთვის მისაცემი თანხა კი 6 053 087 დოლარით განისაზღვრა.

შეთანხმების აქტით დადგინდა დავალიანების დაფარვის ფორმა და გრაფიკი: აჭარის მთავრობამ აქტის ხელმოწერიდან ერთ თვეში 1,9 მილიონი, ხოლო 2010 წლის 30 ივნისამდე 2,7 მილიონი აშშ დოლარის გადახდა იკისრა. დარჩენილი 1 443 915 აშშ დოლარის სანაცვლოდ კი კომპანიისთვის სოფელ გონიოში მიწა უნდა გადაეცათ.

გონიოს მიწები ვალის დასაფარად

”თუსთაშს”  1 კვ/მ მიწის ნაკვეთი 41 დოლარში ჩაუთვალეს, მაშინ, როცა გონიოში, ზღვისპირა ზოლში, 1 კვ/მ მიწის საბაზრო ღირებულება მინიმუმ 150-200, მაქსიმუმ 300 აშშ დოლარია. ანუ ყოველგვარი პირობის გარეშე გასხვისებული 35 ათასი კვ/მ ფართობი, რომელიც ზღვისპირა ზოლში მდებარეობს, სულ ცოტა 5 მილიონი აშშ დოლარი ღირს.

მიწის ნაკვეთები, რომლებიც ”თუსთაშს”  გადაეცა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებად გასული წლის გაზაფხულზე, ანუ ფირმასთან მოლაპარაკების პროცესში  დარეგისტრირდა. შემდეგ ეს ნაკვეთები გადარეგისტრირდა როგორც აჭარის ქონება, საჯარო რეესტრის იმავე წლის 4 ნოემბრის ამონაწერის მიხედვით კი, რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი უკვე `თუსთაშის~ საკუთრებაშია.

ეს პროცედურა ისე ჩატარდა, რომ ოჯახებმა, რომლებიც ამ ნაკვეთების ნაწილს მართლზომიერად სარგებლობდნენ, არაფერი იცოდნენ.

`20 წელია ამ მიწას ვსარგებლობთ. ხელვაჩაურის მიწის კომისიამ რეესტრში გადამამისამართა. რეესტრში კი მითხრეს, რომ ნაკვეთი, რომელსაც მე ვამუშავებდი, თურქული კომპანიის საკუთრებაა~, _ აცხადებს `ბათუმელებთან~ მალხაზ ბარამიძე. მას ამ ეტაპზე პრეტენზია 2 700 კვ/მ ფართობზე აქვს. მან ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

”თუსთაშისთვის” გადაცემული მიწის ნაკვეთები ისტორიული გონიოს ციხის მოპირდაპირედ, საავტომობილო ტრასიდან ზღვის ნაპირამდე მონაკვეთში მდებარეობს. ამ ნაკვეთებს ათობით ოჯახი სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსაყვანად და პირუტყვების საძოვრად 20 წელია იყენებს.

კანონის მიზანი დაირღვა

35 000 კვ/მეტრი მიწა გონიოში ”თუსთაშს” აჭარის მთავრობის თავმჯდომარის 2009 წლის 27 ოქტომბრის #156 ბრძანებით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა. კანონის მიხედვით, `ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია, საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისთვის დადგენილ პირობებს”.

ამ შემთხვევაში პრივატიზებისთვის რაიმე პირობა არ დაუდგენიათ. ნასყიდობის ხელშეკრულებაში წერია, რომ ”მყიდველი”  ანუ ”თუსთაში” ვალდებულია `განახორციელოს ყველა სახის ქმედება ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით~. ხელშეკრულებით ფირმას ერთადერთი ”ვალდებულება” აქვს - მიიღოს მიწის ნაკვეთი ვალის სანაცვლოდ.

გამყიდველი სდუმს

რატომ გახდა აუცილებელი მოლაპარაკების დაწყება მაშინ, როცა ”თუსთაშის” ვალის დასაფარად ბიუჯეტში თანხა იყო გათვალისწინებული? რატომ არ გადაუხადეს ფირმას ვალი და რას მოხმარდა ეს თანხა? რამდენად გამართლებულია მიწის გასხვისება ყოველგვარი პირობის გარეშე, მიზერული თანხის სანაცვლოდ? როგორ აღმოჩნდა ეს მიწები აჭარის საკუთრებაში და ხომ არ არღვევს ვარშალომიძე ამ კონკრეტული ბრძანებით პრივატიზების შესახებ კანონს? - აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში თავს ვალდებულად არ თვლიან, ამ კითხვებს უპასუხონ.

მოპასუხე მხოლოდ აჭარაა

”ბათუმელების” ინფორმაციით, ”თუსთაშისთვის” მისაცემი 9 778 400 ლარი, საქართველოს მთავრობას აჭარისთვის გრანტის სახით უნდა გადმოერიცხა, რაც ასე არ მოხდა.

საარბიტრაჟო სასამართლოშიც პირველი მოპასუხე თავიდანვე აჭარის მინისტრთა საბჭო, ხოლო მეორე მოპასუხე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო იყო. სასამართლომ კი ხარჯების ანაზღაურება მხოლოდ აჭარას დააკისრა.

`რადგანაც საარბიტრაჟო ტრიბუნალს არ გააჩნია იურისდიქცია მეორე მოპასუხის მიმართ და არ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მეორე მოპასუხის დასახელებებზე, საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება და განაჩენი ხარჯების ანაზღაურებაზე მიმართულია მხოლოდ პირველი მოპასუხისკენ~, _ აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

როცა უმაღლესმა საბჭომ 2009 წლის ბიუჯეტში ცვლილება შეიტანა, განმარტებით ბარათში ეწერა, რომ ”თუსთაშისთვის” 31 830 კვ/მ მიწა უნდა გადაეცათა, ანუ 3170 კვ/მ-ით ნაკლები. ამ ფართობის მიწა გონიოში ნახევარ მილიონ დოლარამდე ღირს.

აჭარის 2010 წლის ბიუჯეტში `თუსთაშისთვის~ მისაცემად 4 725 000 ლარი ჩაიდო. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული დოკუმენტების მიხედვით კი ”თუსთაშისთვის” 4 760 852 ლარი მიუციათ. ბოლო გადარიცხვა 8 ივლისს განხორციელდა.

ესე იგი, სასამართლოს მიერ დაკისრებული 5,5 მილიონი აშშ დოლარის (პროცენტის ჩათვლით) სანაცვლოდ `თუსთაშს~ 8 მილიონამდე ლარი და 9 მილიონი ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთები გადაეცა.

გარდა ამისა, `თუსთაშთან~ წაგებული საქმის საერთაშორისო სასამართლოში განხილვის პროცესში ბიუჯეტიდან 801 472 აშშ დოლარი დაიხარჯა.

”თუსთაში” აჭარიდან სასამართლოში

`თუსთაში~ აჭარაში 1997 წელს შემოვიდა. კომპანიას ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალი და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბი უნდა აეშენებინა. `თუსთაში~ მშენებლობის ვადების დარღვევის გამო გააძევეს. კომპანიამ პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოითხოვა.

2006 წელს ქართული მხარე ამტკიცებდა, რომ კომპანიის ტექნიკა თანდათანობით ტოვებდა საქართველოს და ის ”თუსთაშის” კონტრაქტორ კომპანიებს გაჰყავდათ. `თუსთაში~ კი ამტკიცებდა, რომ კონტრაქტორი კომპანიები მას სასამართლოში უჩივიან და ზარალის კომპენსაციას ითხოვენ, რაც საერთო ჯამში 27 მილიონ დოლარს უტოლდება. სასამართლოში ”თუსთაში” საქართველოს 34 855 865 აშშ დოლარს სთხოვდა.

”უმნიშვნელო” დავა

საქართველოს მთავრობა ამ საქმეს სერიოზულობით იმთავითვე არ მიუდგა. საქართველოს ეკონომიკის მაშინდელი მინისტრი ირაკლი ჩოგოვაძე აცხადებდა, რომ `თუსთაშმა~ ტექნიკა ყველა წესის დარღვევით შემოიყვანა საქართველოს ტერიტორიაზე და საამშენებლო სამუშაოებსაც წესების დაღვევით აწარმოებდა: ”ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ გავიმარჯვებთ, ამიტომ ამ პროცესს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ”(რადიო `თავისუფლება~, 12.01.2006წ.). თუმცა, საქართველოს მთავრობამ პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოში საქმის მოსაგებად იმ დროს 230 ათასი აშშ დოლარი გამოყო და საკუთარი ინტერესების დასაცავად იურიდიული კომპანიაც დაიქირავა.

დავა საქართველოს წინააღმდეგ გრძელდება

`ბათუმელებმა~ საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია (სტატისტიკა და ფინანსები) საქართველოს იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროებიდან მიმდინარე წლის 29 ივნისს გამოითხოვა. ერთი თვის შემდეგ იუსტიციის სამინისტროსგან მიღებული პასუხი: `საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოებში დღეისათვის მიმდინარეობს ექვსი საარბიტრაჟო დავა. 2004 წლიდან დღემდე მხარეთა შორის მორიგებით დასრულდა ხუთი საარბიტრაჟო დავა, ხოლო გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა ორ დავაზე~. რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს, ამ უწყებიდან მხოლოდ ის გვაცნობეს, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის მისაღებად იუსტიციის სამინისტროს მივმართოთ.

უცხოელი ინვესტორებისთვის საერთაშორისო არბიტრაჟისთვის მიმართვის საშუალება აღარ არსებობს. ზუსტად ერთი წლის წინ „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ კანონში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვით ინვესტორს სახელმწიფო ორგანოსთან უთანხმოების შემთხვევაში დავა მხოლოდ ქართულ სასამართლოში შეუძლია.

გასხვისებული მიწები გონიოში

გასხვისებული მიწები გონიოში

 

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

ტელევიზიის მფლობელი იუსტიციის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანია

პოლიციის „ზღაპრები“ რეალტივიზე

“დონაძის ტელევიზია”, “პოლიციის პროპაგანდისტული მანქანა”...  -ასე მოიხსენიებენ ტელეკომპანია “რეალ ტვ”-ის თბილისში, რომელიც მხოლოდ ამ ქალაქში მაუწყებლობს. “ბათუმელების” გამოძიებით დადგინდა, რომ ამ ტელევიზიის ლიცენზია მისმა ერთადერთმა მფლობელმა, ია პაიჭაძემ უკანონოდ მიიღო. დოკუმენტების მიხედვით, ია პაიჭაძე წლების განმავლობაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. სწორედ ამიტომ არ ჰქონდა  მას  მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების უფლება.


აჭარის ხელისუფლების შავი მანქანებით გატაცება

ბოლო 18 თვის განმავლობაში აჭარის ხელისუფლებამ 24 ძვირადღირებული მანქანა იყიდა. ავტონომიურ რესპუბლიკას ხუთი მანქანა კერძო პირებმაც აჩუქეს. გარდა ამისა, აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლები ისეთი მანქანებითაც სარგებლობენ, რომელთა შესახებ ფინანსთა სამინისტროში დოკუმენტაცია არ მოიპოვება. “ქამრების შემოჭერის” ფონზე ძვირადღირებული მანქანების ყიდვა-გაყიდვა-ჩუქების ფაქტები “ბათუმელების” ჟურნალისტურ გამოძიებაში:


ბიზნესი ”ნაციონალური მოძრაობის” სამსახურში

წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ, ”ნაციონალურმა მოძრაობამ” 3000-მდე ტაქსისტს კომპანია ”ჯეოსელთან” უშუამდგომლა, რომელმაც მძღოლებს უპრეცედენტოდ შეღავათიანი ტარიფი დაუწესა. მომხმარებელს საგანგებო ფასდაკლებას ბიზნესსექტორი წინასაარჩევნო კამპანიის ძალაში შესვლამდე და მას შემდეგაც აქტიურად სთავაზობს. ”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიაჩნია, რომ ”ჯეოსელის” აქცია ამომრჩევლის მოსყიდვაა. ”ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო კამპანიაში ბიზნესის ირიბად ჩართულობაზე სხვა ფაქტებიც მიუთითებს. სარეკლამო რგოლებში ორი ფერის (წითელი და თეთრი) ხუთიანები მომრავლდა.

წინა | შემდეგი

ნინელი ჭანკვეტაძე: "ბევრ საერთოს ვხედავ ბატონ ბიძინასთან"

"მე ძალიან ბევრ საერთოს ვხედავ ბატონ ბიძინასთან იმიტომ, რომ ყველაზე მეტად რაც მხიბლავს, ის არის მართალი და ჩვენ სწორედ ეს სიმართლე გვაკლია", – განაცხადა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობმა, ნინელი ჭანკვეტაძემ დღეს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

2012-02-04

პუტინის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების აქციები მოსკოვში

დღეს, 4 თებერვალს, მოსკოვში ერთმანეთის პარალელურად ორი საპროტესტო აქცია გაიმართა: ოპოზიციის აქციაზე, სახელწოდებით "სამართლიანი არჩევნებისთვის", რუსული მედიის ცნობით, 100 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა, თუმცა რუსეთის შსს–ს ინფორმაციით, ამ აქციაზე 23.5 ათასი ადამიანი მივიდა, პუტინის მხარდასაჭერად კი, ასევე, რუსეთის შსს–ს ცნობით, 90 ათასი ადამიანი გამოვიდა.

უნდა გახდეს თუ არა სავალდებულო მართლმადიდებლური რელიგიის სწავლება? [video]

ქართველ ადვოკატთა ერთი ნაწილი მოითხოვს, საქართველოს საჯარო სკოლებში სავალდებულო გახდეს რელიგიის - მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების სწავლება. ადვოკატთა მოსაზრებით, რელიგიის სასწავლო პროგრამა სინოდმა უნდა შეიმუშაოს და პედაგოგებიც მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში შეირჩნენ.

წინა | შემდეგი