08.08.2011

ტუბერკულოზი და საქართველო

ჯანდაცვა,
„ტუბერკულოზი იკურნება“ – ამ სახელწოდების ფონდი დაარსდა საქართველოში, სადაც ყოველ 100 ათას  მცხოვრებზე  ტუბერკულოზის 132,7 შემთხვევა მოდის.

„ტუბერკულოზი იკურნება“ – ამ სახელწოდების ფონდი დაარსდა საქართველოში, სადაც ყოველ 100 ათას  მცხოვრებზე  ტუბერკულოზის 132,7 შემთხვევა მოდის.

აღნიშნული ფონდი დაავადებულ ადამიანებს სოციალურ დახმარებას გაუწევს,  რაც  მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და უკეთესი საკვებით უზრუნველყოფას გულისხმობს. 

საქართველოში ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს აქამდე მხოლოდ ტუბერკულოზთან ბრძოლის ეროვნული პროგრამის ფარგლებში მკურნალობდნენ. ეროვნული პროგრამა  დაავადებულთა უფასო  მკურნალობასა და მედიკამენტებს  უზრუნველყოფს.  რაც შეეხება მათ სოციალურ პირობებს, ამას სახელმწიფო პროგრამა ვერ ფარავს. მძიმე სოციალური პირობები კი დაავადებული ადამიანების რეაბილიტაციას პირდაპირ უკავშირდება.

‘’განკურნებული ადამიანი შეიძლება ცუდი პირობების გამო ხელახლა დაავადდეს, “– აცხადებს ფონდის ერთერთი დამფუძნებელი იაგორ კალანდაძე.

ტუბერკულოზი ინფექციური (გადამდები) დაავადებაა, რომელსაც იწვევს ტუბერკულოზის მიკობაქტერია. მისი გადაცემა ადამინიდან ადამიანზე  აირ-წვეთოვანი გზით  (ხველის, საუბრის, ცემინების, სიმღერის დროს) ხდება.  

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გაანგარიშებით, ინფექციური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილობის მიზეზებს შორის ტუბერკულოზს მეორე ადგილი უჭირავს.

 საქართველოში, 2008 წლის მონაცემებით( 2009 წლის მონაცემები მუშავდება),  4 მილიონ 398 ათას  მოსახლეზე რეგისტრირებულია 5 ათას 836 შემთხვევა, რომელთაგან 4 ათას 148 ახალია. ყოველ 100 ათას  მცხოვრებზე ტუბერკულოზის 132,7 შემთხვევა მოდის.

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წინა წლებთან შედარებით ეპიდმაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეინიშნება.

ქვეყანაში ტუბერკულოზთან ბრძოლის თანამედროვე სტრატეგიაზე დაფუძნებული პროგრამა  1996 წლიდან მოქმედებს.  ამ პროგრამის განხორციელებაში სახელმწიფოს ასევე ეხმარება არასამთავორობო ორგანიზაცია “სამედიცინო მომსახურების საერთაშორისო კორპორაცია.”  ამ ორგანიზაციის დირექტორის, ნიკოლოზ ნასიძის თქმით, სახელმწიფო პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს.

‘’ბოლო წლების განსაკუთრებული წარმატება კი იმაში მდგომარეობს, რომ დღეისათვის  მკურნალობა ხელმისაწვდომია ყველა მულტირეზისტენტული ფორმით დაავადებული ავადმყოფისთვისაც“, – ამბობს ნასიძე.

მულტირეზისტენტული – ავადმყოფობის მძიმე ფორმაა, რომლის მკურნალობა უფრო დიდ ხარჯებს უკავშირდება.

 დღეს ტუბერკულოზის მკურნალობა საქართველოში ყველა მოქალაქისათვის ხელმისაწვდომი და უფასოა. პროგრამას აქვს ადმინისტრაციული რეგიონები, სადაც ოჯახისა და სოფლის ექიმების დახმარებით ხდება მოსახლეობის ინფორმირება დაავადების სიმპტომებზე, რათა მოხდეს მათი დროული გამოვლენა და მკურნალობა.

პროგრამის ნაწილს სახელმწიფო აფინანსებს. ნაწილს კი გლობალური ფონდი შიდსის, მალარიისა და ტუბერკულოზის წინააღმდეგ.

ეროვნული პროგრამის ერთერთი მნიშვნელოვანი  ნაწილი პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე ტუბერკულიოზის კონტროლია. 

ნასიძის თქმითვე, პენიტენციური სისტემა  ყველა სახელმწიფოში მოიაზრება როგორც ტუბერკულიოზის რისკის მატარებელი. ამის მიზეზად სახელდება პატიმრების სტრესული მდგომარეობა, რაც განაპირობებს იმუნიტეტის დაქვეითებას. საქართველოში დაავადების გავრცელების რისკს ციხეების გადატვირთვაც ზრდის.

 სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ტუბერკულოზის პროგრამის კონტროლის პროგრამის კოორდინატორი კახა იშხნელი ამბობს, რომ ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი ციხეებში განსაკუთრებით მაღალია. პენიტენციაულრ სისტემაში  ჩატარებული საერთაშორისო ექსპერტების კვლევის შედეგად დადგინდა, რომ   ტუბერკულოზი მენტალურ პრობლემებთან და სტომატოლოგიურ დაავადებებთან  ერთად ყველაზე  გავრცელებულ დაავადებათა სამეულში შედის. იშხნელის ინფორმაციითვე, დღეს სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში დაავადების მულტირეზისტენტული ფორმით 68  მკურნალობს. პატიმრების საერთო რაოდენობა 20 ათასია.   

„ტუბერკულოზის შეჩერება რეალურად მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუკი მას თავდაპირველად ციხეებში აღმოვფხვრით" –ტუბერკულოზის საერთაშორისო დღესთან  დაკავშირებით განაცხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ექიმმა რაედ აბურაბიმ. 

წითელი ჯვარი 1997 წლიდან 2009 წლამდე ერთადერთი საერთაშორისო ჰუმანიტარული  ორგანიზაცია იყო  , რომელიც  საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში მუშაობდა ტუბერკულოზის პროგრამაზე. ორგანიზაცია სახელმწიფოს  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული strategიiს (DOTS)  განხორციელებაში ეხმარებოდა.

დაეხმარება თუ არა ახალშექმნილი ფონდი ტუბერკულოზთან ბრძოლაში პენიტენციალურ სისტემას, უცნობია. ფონდის თანადამფუძნებლის იაგორ კალანდაძის თქმით, ფონდს ჯერჯერბით არ გააჩნია სტრატეგია, დაგეგმილია დაახლოებით ათ კაციანი სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა. მედიკოსებისაგან და საზოგადოების ცნობილი სახეებისგან  შემდგარი საბჭო სამომავლოდ ფონდის ფინანსებს განკარგავს.

ფონდში უკვე არსებობს გარკვეული სახის შემოწირულობები ფარმაცევტული და სამედიცინო აღჭურვილობის დისტრიბუტორი კომპანიებიდან.  საქართველოში არსებული მსხვილი ბანკებიდან შემოწირულობები ჯერჯერობით არ არის.

„ჩვენ მუდმივად შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ამ  დამიანებს დახმარება ჭირდებათ!“– აცხადებს კალანდაძე.