სამართალი

შსს, ნაციონალური ტელეარხები და რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია

ირღვევა თუ არა მოზარდების უფლებები, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს იმ მოზარდების პერსონალურ ინფორმაციას, რომელთაც უდანაშაულობის პრეზუმფცია იცავს და როცა ამ ინფორმაციას ავრცელებს მედია?

შინაგან საქმეთა სამინისტრომ,  2010 წლის 7 ივლისს მოკლული ნიკა ხურციძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირების დაკავების თაობაზე, 2010 წლის 12 ივლისს ინფორმაცია გაავრცელა. ხუთი ეჭვმიტანილიდან ოთხი არასრულწლოვანი აღმოჩნდა.

სამინისტროს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებული ჰქონდა დაკავებულების სახელები და გვარები, ასევე დაბადების წელი . გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში ეჭვმიტანილებს სახე დაფარული ჰქონდათ, თუმცა ამ პერსონალური მონაცემების მიხედვით, მოზარდების იდენტიფიცირება საკმაოდ მარტივად შეიძლებოდა.

საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით, არასრულწლოვნად მიიჩნევა პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია.

გაეროს ბავშვთა ფონდ ”იუნისეფის” ბავშვთა უფლებების კონვენციაში განმარტებულია, რომ ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას, უპირველესი ყურადღება ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას ეთმობა.

მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის მენეჯერი, ამბობს, რომ ბავშვთა უფლებების კონვენციის 37-ე და მე-40 მუხლით, გარანტირებულია უფლება, რომ მოზარდები არ გახდებიან არაჰუმანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის მსხვერპლნი, მაშინაც, როცა დაკავებული არიან. ბრალის დადასტურებამდე კი ყველა ბავშვს უდანაშაულობის პრეზუმფცია იცავს.

”ნებისმიერ შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის ინტერესები... მართალია საზოგადოების ინტერესი დიდია  მოზარდის მიერ ჩადენილი კრიმინალის მიმართ, მაგრამ პრიორიტეტული ბავშვის უფლებების დაცვა უნდა იყოს,”- აცხადებს  ქურციკიძე.

ადამიანის პირადი ინფორმაციის გამოქვეყნება არ შეიძლება, მიაჩნია  ”ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის” აღმასრულებელ დირექტორს, უჩა ნანუაშვილს და განმარტავს, რომ შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეო თუ ტექსტური ინფორმაციის საშუალებით, ეჭვმიტანილებს ახლობლები და ნაცნობები ადვილად იცნობდნენ.

"დაცული უნდა იყოს კონფიდენციალობა... არ უნდა მიეთითებინათ ეჭვმიტანილების სახელი და გვარი, საკმარისი იქნებოდა ინიციალების გამოქვეყნება,”- უჩა ნანუაშვილი.

უფლებადამცველი ამბობს, რომ მედიასაშუალებები არ უნდა ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომელმაც შესაძლოა დააზარალოს მოზარდი. მედიასაშუალება ასეთი ინფორმაციის გაშვებას შიდა რეგულირების წესით უნდა წყვეტდეს:

"თუმცა, ზიანზე მხოლოდ მაშინ შეიძლება ვისაუბროთ, როცა დასაბუთდება, თუ რა ზიანი მიადგა მოზარდებს ამგვარი ინფორმაციის გავრცელებით”.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პიროვნების პერსონალური ინფორმაცია კონფიდენციალურ ინფორმაციად არის აღიარებული, ამბობს, თამარ კორძაია, საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი.

"ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი საიდუმლო ინფორმაციის კატეგორიას მიაკუთვნებს პერსონალურ ინფორმაციას. არასრულწლოვანი ბრალდებულის პირადი ინფორმაციის გაცემა ამ ნორმის დარღვევაა სამინისტროს მხრიდან. შსს ვალდებულია, აწარმოოს საიდუმლო ინფორმაციის რეესტრი და დაიცვას პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალობა,"- თამარ კორძაია.

ზემოთქმული ნორმების გარდა, მაუწყებლები  მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ვალდებულნი არიან , დაიცვან არასრულწლოვან ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, მსჯავრდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა ანონიმურობა."

"ტელევიზიაც არღვევს კანონს. მას შეუძლია არ გასცეს სამინისტროს მიწოდებული ინფორმაცია. მედიას უნდა ჰქონდეს არასრულწლოვნის ოფიციალური წარმომადგენლის (მშობლის, ადვოკატის) თანხმობა,"- განმარტავს თამარ კორძაია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით,  საზოგადოებრივი მაუწყებლის რვასაათიან "მოამბესა" და "იმედის" რვასაათიან "ქრონიკაში" გაავრცელეს ინფორმაცია არასრულწლოვნების შესახებ.  სიუჟეტებში  სამინისტროს მიერ მომზადებული ვიდეო მასალაც იყო გამოყენებული.

ნეტგაზეთს "მოამბის" პროდუსერმა ხათუნა ბერძენიშვილმა განუცხადა, რომ ყველა ბრალდებულს სახე დაფარული ჰქონდა. ჩვენს კითხვაზე, მიაჩნდა თუ არა, რომ მათი გვარ-სახელისა და დაბადების თარიღის მითითებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაარღვია არასრულწლოვანთა უფლებები, ასე გვიპასუხა:

"პირველი– გადაშალე ზოგადი კოდექსი, მეორე –ჟურნალისტიკის კოდექსი გადაშალე, მერე მაუწყებლის კოდექსი აიღე, მერე რეპორტაჟი ნახე, როცა ამ ყველაფერში შენს ცოდნას გამოამჟღავნებ, კითხვებზე მერე გიპასუხებ... კითხვა დასვი მას შემდეგ, რაც პროფესიონალ ჟურნალისტად ჩამოყალიბდები,”- ამის შემდეგ ხათუნა ბერძენიშვილმა ტელეფონი გათიშა და ნეტგაზეთის ზარებს აღარ უპასუხა.

ეკა ქარდავამ, "ქრონიკის" პროდუსერმა უარყო არასრულწლოვანთა პერსონალური ინფორმაციის შემცველი სიუჟეტის ეთერში გაშვება:

"რა თქმა უნდა, ვიცავთ ადამიანის უფლებებს... "იმედი" ყოველთვის ცდილობს, არ დაარღვიოს ჟურნალისტური ეთიკა და საქართველოს კონსტიტუცია.”

პროდუსერის თქმით, "იმედში", ქცევის კოდექსის ფარგლებში, შექმნილ კომისიაში ამ თემაზე საჩივარი არ შესულა.

ნეტგაზეთმა ამ თემაზე კომენტარი ჩაწერა ჟურნალისტ ზვიად ქორიძესთან:


 

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

საქართველო Human Rights Watch-ის ანგარიშში

საქართველოსთან პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიუხედავად, აშშ-მა და ევროკავშირმა ვერ შეძლეს, თავიანთი ბერკეტები გამოეყენებინათ ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული დასკვნა საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის 2011 წლის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია.

საჩხერეში ახალგაზრდების ცემის თაობაზე ფოტომასალა გავრცელდება

„რესპუბლიკური პარტიის“ საჩხერის რაიონული ორგანიზაციის ლიდერი ინგა ზაბახიძე საჩხერელი ახალგაზრდების ცემის თაობაზე ფოტომასალისა და სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაციის გამოქვეყნებას აპირებს.

განაჩენის გარეშე გასაჩივრებული “ჯაშუშობის საქმე” სააპელაციო სასამართლოში

"ენვერის" საიდუმლო მასალებს ადვოკატები გაეცნობიან

17 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეცოპარეცია “ენვერის” შედეგად დაკავებული 9 პირის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაიწყო. საჩივარს მოსამართლე მარინე იმერლიშვილი, მისივე გადაწყვეტილებით, პატიმრების დაუსწრებლად განიხილავს.

წინა | შემდეგი
2012-02-01

ჯვრისწერის სამართლებრივი უძლურება [video]

ქართველ იურისტთა ნაწილმა დღეს, 1 თებერვალს, თბილისში, ერთ-ერთი ეკლესიის წინ აქცია-ბრიფინგი გამართა. ადვოკატები საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვენ, ჯვრისწერას ისეთივე სამართლებრივი ძალა მიეცეს, როგორც სამოქალაქო ქორწინებას.

2012-01-30

3 წლამდე ასაკის ბავშვები ციხეში

სასჯელაღსრულების სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ ქალთა კოლონიაში 5 მსჯავრდებული ქალი, რომლებიც კოლონიაში შვილებს ზრდიან, შიმშილობს. სახალხო დამცველის აპარატში კი აცხადებენ, რომ საკითხის კომპლექსურ შესწავლამდე კომენტარს არ გააკეთებენ.

2012-02-01

ჟურნალისტი პოლიციელის მკვლელობის მცდელობაშია ბრალდებული

გაზეთ ”კახეთის ხმის” ყოფილი ჟურნალისტი სოფო ნიკოლაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, დაკავებულს ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვისთვის აქვს წაყენებული.

წინა | შემდეგი