სამართალი

მადნეულის ყოფილი დირექტორი მერაბიშვილის წინააღმდეგ

სადაო სახლი გონიოში

სადაო სახლი გონიოში

დოკუმენტის გაყალბებაში ბრალდებულებს- ზურაბ ლობჟანიძესა და მის სიდედრს, ფატი ფერაძეს პოლიცია ეძებს. ძებნილი ლობჟანიძე, რომელსაც ”ბათუმელები” შვეიცარიაში დაუკავშირდა, საკუთრების უფლების ხელყოფაზე საუბრობს. მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი, სახლის ”გადაფორმების”  სანაცვლოდ, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ჰპირდებოდა. პროკურატურა ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.

ლობჟანიძე, რომელიც ოჯახთან ერთად შვეიცარიის სახელმწიფომ შეიფარა, ამბობს, რომ მის სახლში ”ადამიანები ცხოვრობენ დემონსტრაციულად” და ”ეს დანაშაულია”: ”პირადად მერაბიშვილი მიგზავნიდა ხალხს შვეიცარიაში, მარწმუნებდნენ, რომ, თუ სახლს გადავუფორმებდი, საქმეს დახურავდნენ. არ დავთანხმდი ამ პირობას, ამიტომ სასამართლოს გადასცეს საქმე. არ ვაპირებ, ვანო მერაბიშვილს ან ვინმე სხვას რამე გადავუფორმო”.

ლობჟანიძის ოჯახმა შვეიცარიას პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით 2004 წელს მიმართა. იმავე წელს საქართველოს ხელისუფლებამ შვეიცარიის მთავრობას ლობჟანიძის ექსტრადიცია სთხოვა, მაგრამ, იმის გამო, რომ ვერ წარადგინა შესაბამისი მტკიცებულებები, შვეიცარიიდან უარი მიიღო. 

2009 წელს ლობჟანიძეს საქართველოს სახელმწიფომ უარი უთხრა  საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემაზე. ამ უარის საფუძველზე, შვეიცარიის სახელმწიფომ ლობჟანიძეს შვეიცარიული პასპორტი მისცა.

ლობჟანიძეს 2003 წლიდან ჰქონდა შვეიცარიაში შრომისა და ცხოვრების უფლება, შესაბამისად, მას შვეიცარიის სახელმწიფო იცავს: ”ჩემმა ქვეყანამ პასპორტი არ მომცა, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეს ადამიანის უფლების უხეშ დარღვევად მიიჩნევა. უარის თქმიდან 14 დღეში შვეიცარიული პასპორტი მივიღე”.

ზურაბ ლობჟანიძე ოჯახთან ერთად შვეიცარიაში 2003 წელს წავიდა. 2004 წელს, როგორც თავად ამბობს, მის სახლებში - თბილისსა და კვარიათში ქართველი სამართალდამცავები შეიჭრნენ, ”ეს კადრები ტელევიზიითაც გავრცელდა”.

 

სისხლის სამართლის საქმე

პირველი სისხლის სამართლის საქმე ლობჟანიძის მიმართ 2004 წელს (გადასახადებისთვის თავის არიდება) აღიძრა. მას ბიუჯეტის სასარგებლოდ 52 ათას ლარს ედავებოდნენ. ამ ბრალდების გამო მისი სიდედრის, ფატი ფერაძის კუთვნილი სახლი კვარიათში პოლიციამ დალუქა (2004 წლის 15 მაისს). იმ დროისათვის ფერაძის სახლი ფეხბურთელ მიხეილ ყაველაშვილს ჰქონდა ნაყიდი.

კვარიათში დასასვენებლად ჩასულ ყაველაშვილების ოჯახს სახლი დალუქული დახვდათ. ყაველაშვილებმა საკუთარი ქონების დაცვა სასამართლოს გზით სცადეს. პარალელურად, ლობჟანიძეს ფულის უკან დაბრუნებაც მოსთხოვეს. 

ეს ნასყიდობა დასტურდება შესაბამისი დოკუმენტებით: ხელვაჩაურის რაიონის ტექაღრიცხვის, ტერიტორიული სამსახურის უფროსის, მ. ყაჭეიშვილის ხელმოწერილ დოკუმენტში წერია, რომ ფატი ფერაძემ სახლი მიყიდა მიხეილ ყაველაშვილს. ნოტარიუს ჩამბას მიერ 2004 წლის 4 ივნისით დათარიღებული ნასყიდობის ხელშეკრულებაც ამას ადასტურებს. ამავე წელს ხელვაჩაურის მიწის მართვის მიერ გაცემული დოკუმენტითაც ირკვევა, რომ კვარიათში სადავო სახლის მფლობელი მიხეილ ყაველაშვილია.

ასევე ოფიციალური დოკუმენტით ირკვევა, რომ ფატი ფერაძემ მიწის ნაკვეთი კვარიათში 1998 წელს იყიდა. ამ ნაკვეთზე 2000 წელს უკვე დასრულებული იყო ორსართულიანი სახლის მშენებლობა.

2001 წელს ზურაბ ლობჟანიძე _ ფერაძის სიძე, მადნეულის გენერალურ დირექტორად დაინიშნა. გამოძიების ვერსიით, მადნეულის დირექტორმა, ქონების დამალვისა და გადასახადებისთვის თავის არიდების მიზნით, ქონება სიდედრის სახელზე გააფორმა. "ვარდების რევოლუციის შემდეგ თბილისში სახლი გატეხეს და გაქურდეს. კვარიათში მდებარე სახლში მინისტრი გია ბარამიძე შეიჭრა. მიზეზი ერთადერთი იყო _ პოლიტიკური. თითქოს ეძებდნენ ოქროს, მაგრამ ეს იყო ხალხისთვის საჩვენებელი სპექტაკლი... გირგვლიანის მკვლელებიც კი კვარიათში ცხოვრობდნენ", _ ამბობს "ბათუმელებთან" ზურაბ ლობჟანიძე.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, რომელიც პროკურორმა ანზორ უსტიაძემ სასამართლო პროცესზე წაიკითხა, ლობჟანიძემ, საკუთარი ქონების დამალვის მიზნით, კვარიათში მდებარე ორსართულიანი სახლი მანსარდით, სიდედრის სახელზე დაარეგისტრირა. ფატი ფერაძემ მინდობილობა გაუკეთა თავის ძმისშვილს ივანე ფერაძეს, რომელმაც სახლი ფეხბურთელ მიხეილ ყაველაშვილის დას, ნონა ყაველაშვილს ფიქტიურად მიჰყიდა.

გამოძიების ვერსიით, ლობჟანიძემ ფატი ფერაძე "წააქეზა" ყალბი დოკუმენტის (კონკრეტულად კი ნასყიდობის დოკუმენტი) დამზადებაში. თუმცა, შესაბამისი მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ გააჩნია.

პროკურორი ანზორ უსტიაძე კომენტარს არ აკეთებს. კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა მთავარმა პროკურატურამაც. "კომენტარს ვერ გავაკეთებთ ამ ფაქტზე", _ განაცხადა "ბათუმელებთან" ხათუნა იოსავამ, იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა.

 

შვეიცარიული კომპანია - მხარე

ქონების წართმევის შემდეგ ყაველაშვილის ოჯახმა ნასყიდობის ხელშეკრულება გააუქმა და ფულიც უკან დაიბრუნა. უკან დასაბრუნებელი ფული ლობჟანიძეს შვეიცარულმა კომპანიამ მისცა, სადაც იგი 2003 წლიდან დღემდე დირექტორად მუშაობს. შესაბამისად, კვარიათში მდებარე სადავო სახლზე საკუთრების უფლების დაცვას შვეიცარიული კომპნაია ”მეტალიკ 1871”  ჯერ საქართველოში, მერე კი ევროპულ სასამართლოში გააგრძელებს.

ის, რომ შვეიცარიულ კომპანიას სახლი ნამდვილად ეკუთვნოდა, 2007 წლის საჯარო რეესტრიდან მიღებული დოკუმენტით დასტურდება. დოკუმენტი დაცვის მხარემ სასამართლო გამოძიებას უკვე წარუდგინა.

”ბათუმელებმა” კი აღმოაჩინა, რომ კვარიათში მდებარე ეს სახლი საჯარო რეესტრში უკვე აღარავის სახელზეა რეგისტრირებული და არც ძველი მონაცემებია ბაზაში. ამ დეტალს ადვოკატი, როგორც დანაშაულს, ისე აფასებს: ”არ შეიძლება საჯარო რეესტრში ინფორმაცია გაქრეს. სახლი ოფიციალურად 2007 წლიდან შვეიცარიულ კომპანიას ეკუთვნის, ამის დოკუმენტი არსებობს”. 

განაჩენს სასამართლო ამ კვირის ბოლოს გამოაცხადებს.

 

ახალი მეპატრონე

ადვოკატის თქმით, ამჟამად ლობჟანიძის სახლში პოლიციელები ცხოვრობენ. ინგა არახამია მიიჩნევს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებამდე სხვის სახლში ცხოვრება სისხლის სამართლის დანაშაულია.

ლობჟანიძისა და ფერაძის კვარიათელი მეზობლები კი "ბათუმელებთან" საუბარში ამბობენ, რომ ამ სახლში ხშირად ხედავენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს თანმხლებ პირებთან ერთად. აქ მცხოვრებთა თქმით, ვანო მერაბიშვილი წელსაც სტუმრობდა კვარიათს.

მოწმეების ვერსია

გულნაზ ფარსენაძე: "ამ სახლს ვალაგებდი. ღამის 2 საათზე კუდი მოვიდა. ვიცანი აჭარის კუდის უფროსი, პატარიძე და გამომძიებელი, მალხაზ აბულაძე. სახლიდან გაყარეს ავეჯი, გაიტანეს სკამები. ჩემი თვალით ვნახე ყველაფერი. ვიცი, რომ ეს სახლი ჩამოერთვა ლობჟანიძეს. ისიც გავიგე, გაყიდულია და ყაველაშვილმა იყიდაო, მაგრამ ვანო მერაბიშვილი დავინახე შარშან ზაფხულში, ბავშვიან ქალთან ერთად".

ისმეთ ვანიძე ( მან ფატი ფერაძეს კვარიათში 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მიყიდა): "სახლი ლობჟანიძემ ააშენა. აჭარის რევოლუციის შემდეგ ლობჟანიძე აღარ მინახავს. მის სახლს უვლიდა ზურაბ ფარსენაძე 2009 წლამდე, მანამდე, ვიდრე იმ სახლში პოლიციელები შევიდოდნენ. იქ დღესაც პოლიციელები ცხოვრობენ".

ზურაბ ფარსენაძე: "1998 წლიდან ვმუშაობდი ამ სახლის დარაჯად. მქონდა ხელფასი, სამასი ლარი. ჩემთან ერთად დამლაგებლად მუშაობდა ჩემი მეუღლე. 2009 წელს მოვიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და მომთხოვეს გასაღები. დამკითხეს, სახლი გაჩხრიკეს და დალუქეს, მე კი იქიდან გამომიშვეს".

აკაკი ნარაკიძე: "მე რატომ დამკითხეს კუდში, ან მოწმედ რატომ გამომიძახეს, არ ვიცი. ალბათ, კვარიათის რწმუნებული ვარ და მაგიტომ. ვცხოვრობ კვარიათში, არ ვიცნობ განსასჯელებს. ვიცი, რომ ეს სახლი ზურაბ ლობჟანიძისაა".

გულვარდი ვანიძე: "ფატი ფერაძეს მე მივყიდე მიწის ნაკვეთი. ფულიც მან გადამიხადა. მერე სახლი ააშენეს. უშიშროებამ დამკითხა. ფარსენაძეები (დამლაგებელი და დარაჯი) რომ ცხოვრობდნენ, მივიდნენ უშიშროების წარმომადგენლები და დალეწეს სახლში ყველაფერი. ისმოდა მტვრევის ხმა. პირადად მე არავინ დამინახავს, ამბობენ, უშიშროების ხალხი ცხოვრობსო”.

ზურაბ კახიძე: ”გვერდით სასტუმროში დარაჯად ვმუშაობდი. განსასჯელებს არ ვიცნობ. მთელმა სოფელმა იცის, რომ ეს სახლი ლობჟანიძის იყო და ჩამოართვეს”.

დავით გორგაძე: ხელვაჩაურის განყოფილების კუდის უფროსი: "დავალება მქონდა, ამ სახლის შესახებ ინფორმაცია გამერკვია. დავადგინე, რომ ლობჟანიძეს ამ სახლის საკუთრების უფლება არ ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ ეს სახლი ლობჟანიძის არ იყო. რა დოკუმენტები იყო საჭირო და რა არ ჰქონდა, მე არ ვიცი. ის, რომ სახლი მისი არ იყო, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სანდო წყაროსგან დავადგინე".

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

პატიმრობა - 35 ლარიანი ფიცრის ქურდობისთვის

64 წლის მოხუცს 35 ლარის ღირებულების ფიცრების ქურდობისთვის  მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ამ თემას ეხება სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტური გამოძიება. საქმესთან დაკავშირებით განცხადება საიამაც გაავრცელა.

ჟურნალისტური გამოძიება "ნაციონალური გაკულაკება" [Video]

დასასვენებელი სეზონი სექტემბერში დამთავრდა. პატრიოტთა ბანაკი გურიას მომავალ ზაფხულამდე დაემშვიდობა. 6 თვის შემდეგ, 2006 წლის თებერვალში, შპს “ყვავილნარის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, კორნელი კუკულაძე ქუთაისში, საოლქო პროკურატურაში, დაიბარეს.

არასრულწლოვანის პატიმრობა 11 წლით

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლერი თედორაძემ, არასრულწლოვან გია ბუაძეს პოლიციის თანამშრომლის დაჭრის ბრალდებით 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საქმის მასალებით დგინდება, რომ პოლიციელმა ჩვენება შეცვალა, რაც არასრულწლოვანის დაპატიმრების საფუძველი გახდა.

წინა | შემდეგი
2012-02-02

სოფო ნიკოლაშვილი თავს ნაწილობრივ ცნობს დამნაშავედ

პოლიციელის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარებისთვის დაპატიმრებულ სოფო ნიკოლაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ადვოკატის თქმით, ნიკოლაშვილს გამოძიებისთვის დეტალური ჩვენება არ მიუცია, თუმცა  თავს დამნაშავედ მხოლოდ ნაწილობრივ ცნობს.

2012-02-02

დავით ნიკოლაშვილი: ”სოფო თავს გაუპატიურებისგან იცავდა”

გაზეთ ”კახეთის ხმის” ყოფილ ჟურნალისტ სოფო ნიკოლაშვილს ბრალს პოლიციელის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის უახლოეს საათებში წაუყენებენ. დაკავებულის მამა კი აცხადებს, რომ მის შვილს გაუპატიურებას უპირებდნენ და მან პოლიციელის დაშინება სცადა.

ოსურმა მხარემ დაკავებული ქართველები გაათავისუფლა

დღეს, 1 თებერვალს, ერგნეთის საგუშაგოზე ოსურმა მხარემ ქართულ მხარეს საქართველოს 5 მოქალაქე გადასცა. ძმები მურაზ და დავით თაყაძეები, ნოდარ მაღალაძე, შალვა პაპიტაშვილი და მურმან ტატიაშვილი გორის რაიონის სოფელ კირბლის მცხოვრებლები არიან.

წინა | შემდეგი