საზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ომის შემდეგ დაცლილი ბერძნული სოფელი ყარაბაღში

29 სექტემბერი, 2015 • • 2224
ომის შემდეგ დაცლილი ბერძნული სოფელი ყარაბაღში

სოფელი მეჰმანა მთიანი ყარაბაღის მარტაკერტის რაიონს ეკუთვნის და მდინარე თართარის მარჯვენა სანაპიროზეა განთავსებული. სოფლამდე მისასვლელი გზა ზღვის დონიდან 1200 მეტრის სიმაღლეზეა და უღრან ტყეში გადის, რომლის გავლის შემდეგ ნამდვილ სამოთხეში მოხვდებით: მწვანეში ჩაფლული სოფელი ირგვლივ ვაშლის ბაღებითაა დაფარული.

ვაშლის ბაღები გარშემორტყმულია დაბოქლომებული ჭიშკრებით. მეჰმანაში, რომელიც ყარაბაღში ცნობილია, როგორც ბერძნული სოფელი, ახლა მხოლოდ 5 ოჯახი ცხოვრობს და მათგან მხოლოდ ერთია ეთნიკური ბერძენი.

ნიკოლაი ივანიდისი
ნიკოლაი ივანიდისი

 

91 წლის ნიკოლაი ივანიდისი აქ მარტო ცხოვრობს. შვილები სოფლიდან დიდი ხნის წინ წავიდნენ, თუმცა მამასთან სტუმრად ხშირად ჩადიან ხოლმე. ნიკოლაი სინანულით იხსენებს ომამდე პერიოდს, როცა სოფელში, როგორც თავად ამბობს, ცხოვრება დუღდა, მაგრამ ომმა ყველაფერი შეცვალა. ნიკოლაის კარგად ახსოვს, ომის დროს როგორ მიდიოდნენ მისი მეზობლები და ნათესავები საბერძნეთში, ხოლო ნაწილი – რუსეთში. ისიც ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდა, იმის მიუხედავად, რომ შვილმა ყარაბაღში დარჩენა და მისი დაცვა გადაწყვიტა.

როგორ დასახლდნენ ბერძნები მეჰმანაში. როგორც ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, სოფელთან ახლოს ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში გეოლოგებმა იპოვეს მეტალის დიდი მარაგები, რის შემდეგაც სოფელში სამთო მომპოვებლები ჩავიდნენ და მარაგების ექსპლოატაცია დაიწყეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ სოფლის ინგლისელმა მმართველმა მის ადგილზე ბერძენი დანიშნა, რომელმაც, თავის მხრივ, სოფელში მისი ნათესავები მიიწვია საცხოვრებლად და სამუშაოდ. წლების შემდეგ საბადოს ექსპლოატაცია შეჩერდა, თუმცა აშენდა სახლები, მოეწყო სოფელი, რომელსაც მეჰმანა დაარქვეს, რაც ბერძნულიდან “საბადოს” ნიშნავს.

 

ბერძნულ სოფელში ეთნიკური სომხებიც ცხოვრობდნენ ჰარმონიულად, ისე, რომ ერთმანეთს ერწყმოდა საუკეთესო სომხური და ბერძნული ტრადიციები.

ომმა სრულად დაანგრია სოფელი და მისი მცხოვრებლების ცხოვრება. ომის კვალი სოფელში დღემდეა შემორჩენილი. ომის შემდეგ ძალიან ცოტა ბერძენი დაბრუნდა სომხეთსა და ყარაბაღში. ნიკოლაიმ თითოეული მათგანის საცხოვრებელი ადგილი იცის – ზოგი მარტაკერტშია, ზოგი – სტეპანაკერტში, დრმბონში ან ერევანში…

11-წლიანი განშორების შემდეგ ნიკოლაი ივანიდისი საბერძნეთიდან ყარაბაღში, ისევ მეჰმანაში დაბრუნდა, თუმცა ცოლის საფლავი შორეულ ელადაში დატოვა. ვერ შეძლო იქ ცხოვრება: “ხომ ამბობენ, მიწა იზიდავს ადამიანსო, მეც ასე დამემართა. გავაცნობიერე, რომ მეჰმანაში მინდა ცხოვრება და ასეც მოვიქეცი”.

შვილმა მამას ახალი სახლი აუშენა, სადაც დღემდე ცხოვრობს. 91 წლის ნიკოლაი დღესაც საკმაოდ აქტიურია: ამუშავებს ხის მასალებს, იღებს მოსავალს ბაღში, შემდეგ კი ხილის არაყს ხდის სტუმრებისთვის. სტუმრიანობა კი ხშირად აქვს: შვილი ჩადის ხოლმე მეგობრებთან ერთად, მამის მოსანახულებლად, შვილიშვილებიც ხშირად სტუმრობენ.

ხის დამუშავება მეგობარმა ლევონმა ასწავლა, რომელიც მეზობლად ასევე მარტო ცხოვრობს.

ლევონ ათაბეკიანი
ლევონ ათაბეკიანი

 

ლევონ ათაბეკიანი  ნახევრად ბერძენია: “ბერძნები იყვნენ ბებიაჩემი, დედაჩემი, ცოლი. ბაბუა და მამა კი სომხები იყვნენ”.

თავად მეჰმანაში დაიბადა, ადგილობრივი სკოლის 5 კლასი დაამთავრა და შემდეგ სწავლა სომხურ სკოლაში გააგრძელა, სოფელ კუსაპატაში. ბერძნული და სომხური თანაბრად კარგად იცის. იხსენებს, რომ სწორედ ბერძნული სიმღერით მოიგო წლების წინ მომავალი ცოლის, ბერძენი ოლია აკრიტოვას გული, რომელიც 2005 წელს დაკარგა.

მან ორი ომი გამოიარა: მეორე მსოფლიო ომი (როგორც თავად ამბობს, მაშინ გერმანიამდე ჩავიდა) და ყარაბაღის ომი. როცა ბერძნებმა ამ ომის გამო მეჰმანას დატოვება დაიწყეს, მან შეთავაზა ცოლს ნათესავებთან ერთად წასვლა: “როცა ყველანი მიდიოდნენ, ცოლი მოეხვია ძმებს და ატირდა. მე ვუთხარი – “თუ გინდა, წადი, მე კი ომის დასრულებას დაველოდები: თუ ცოცხალი გადავრჩები, შენთან ჩამოვალ, თუ არა და…” ის კი მომეხვია და მითხრა – “სად უნდა წავიდე შენ გარეშე”.

არ წავიდა, მაგრამ 2005 წელს ინფარქტით გარდაიცვალა – როგორც ქმარი იხსენებს, იმ დღეს აივანზე ნათესავებს ესაუბრა, რომლებიც საბერძნეთში ცხოვრობდნენ და დიდი ხნის უნახავი ჰყავდა. ამ ამბავმა უზომოდ გაახარა: “ასეა, წყეული ინფარქტი შეიძლება დიდმა სიხარულმა ან მწუხარებამ გამოიწვიოს,” – ამბობს ლევონი.

დედის შემდეგ, ერთი წლის თავზე, მისი ვაჟიც გარდაიცვალა, როცა სტუმრად ჩამოვიდა სოფელში და მოულოდნელად ომის შემდეგ დატოვებულ ნაღმზე აფეთქდა.

დღეს მოხუცი მარტო ცხოვრობს. ქალიშვილი მარტაკერტშია თავის ოჯახთან ერთად, ვაჟი კი ერევანში ცხოვრობს, სადაც ლევონი ზამთრის პერიოდს ატარებს.

სოფელში მცხოვრები ხუთი კომლიდან ბავშვი მხოლოდ ერთ ოჯახშია. ათაბეკიანების შვილიშვილი ახლა სამი წლისაა და რამდენიმე წელში სკოლაში უნდა შევიდეს, რომელიც სოფელში არ არსებობს. ამიტომ ოჯახში ჯერ არ იციას, მოუწევთ თუ არა მათაც სოფლის დატოვება.

სოფელ მეჰმანას ყველაზე პატარა მკვიდრი სამი წლისაა
სოფელ მეჰმანას ყველაზე პატარა მკვიდრი სამი წლისაა

თუკი მომავალშიც ასე გაგრძელდება, რამდენიმე წელში ეს შესანიშნავი სოფელი შეიძლება საერთოდ გაქრეს რუკიდან. სოფლის შენარჩუნების ერთადერთი იმედია ახლახან გავრცელებული ინფორმაცია, რომ სოფელთან ახლოს საბადო აღმოაჩინეს, რომლის ექსპლოატაციაც იგეგმება. ამჟამად კი სოფელში გზის აქტიური სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

ვაშლის ბაღები მეჰმანაში
ვაშლის ბაღები მეჰმანაში


  სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი