ახალი ამბები

მეჭიაური: საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო რჩება ეროვნული ბანკის შემადგენლობაში

26 ივნისი, 2015 • • 1399
მეჭიაური: საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო რჩება ეროვნული ბანკის შემადგენლობაში

“საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო რჩება ეროვნული ბანკის შემადგენლობაში, დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით, ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მისი საბჭო არჩეული იქნება პარლამენტის მიერ. არსებული მდგომარებით ეს სამსახური ექვემდებარება ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ინიშნება მისი ხელმძღვანელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ. ეს არის ძირითადი ცვლილება ამ კანონთა პაკეტში,”- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა. 

 

საკანონმდებლო ცვლილებებით, 2015 წლის 1 ივლისიდან საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეიქმნება სსიპ -საქართველოს ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო.

 

კანონპროექტის მიღების საჭიროებას და მართებულობას ვერ ხედავენ საპარლამენტო უმცირესობის წევრები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ შვიდი თვის შემდეგ, როდესაც ეროვნული ბანკის ახალ პრეზიდენტს აირჩევენ, ეს ცვლილებები თავიდან შესაცვლელი გახდება, რადგან ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, ეს კანონპროექტი არის მცდელობა კანონი მოერგოს კონკრეტულ სიტუაციას და პიროვნებებს. უმცირესობის წევრის, ხათუნა გოგორიშვილის შეფასებითაც, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. ის ასევე შეუსაბამოდ მიიჩნევს, რომ ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო ექვემდებარება ეროვნულ ბანკს მაშინ, როცა სააგენტოს საბჭოს დაკომპლექტებაში ეროვნული ბანკი საერთოდ არ მონაწილეობს და ეყოლება მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სახით.

 

 

თამაზ მეჭიაურის განცხადებით, მან კანონპროექტში დეპუტატების მიერ გამოთქმული 67 შენიშვნა გაითვალისწინა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი