საზოგადოება

როგორ მუშაობს კორუფციული სქემა ბუნებრივი რესურსების მართვის სფეროში

19 მაისი, 2015 • • 2888
როგორ მუშაობს კორუფციული სქემა ბუნებრივი რესურსების მართვის სფეროში

კორუფციის ფორმები განსხვავებულია, მაგრამ მათ შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია მფარველობა, ძალაუფლებით ვაჭრობა (სასურველი სარგებლის სანაცვლოდ “საჭირო” გადაწყვეტილების მიღება) სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სახელმწიფოს მხრიდან ფავორიტიზმი, ბიზნესის ცალკეულ წარმომადგენლებთან შიდა გარიგებები, პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ მოქცეული სასამართლო სისტემა – სწორედ ეს არის ის ჯაჭვი, რომელიც საბოლოოდ კორუფციულ სისტემას აყალიბებს. უფრო ნათელი სურათისთვის ვნახოთ როგორ მუშაობს ასეთი სისტემა, მაგალითად, ჰესების მშენებლობის შემთხვევაში და რა შედეგებით მთავრდება ბუნებრივი რესურსებისადმი ამგვარი მიდგომა.

კომპანიების სასარგებლოდ მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს შორის კვლევაში გამორჩეულია „დარიალჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მიღებული აქტები.  თავდაპირველად, როდესაც  შპს “დარიალენერჯიმ” “დარიალჰესის” მშენებლობისთვის ეკოლოგიური ექსპერტიზისთვის საპროექტო დოკუმენტაცია წარადგინა, დოკუმენტაციაში აღნიშნული იყო, რომ ჰესის გარკვეული ნაწილი ყაზბეგის ეროვნულ პარკში განთავსდებოდა. საქართველოს კანონმდებლობით ეს აკრძალულია, შესაბამისად, გარემოს დაცვის სამინისტრომ დაცულ ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობის ნებართვა არ გასცა. თუმცა ამ შემთვევაში საქმეში მთავრობა ჩაერთო და გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც “დარიალენერჯის” მოთხოვნა დააკმაყოფილა. განკარგულების თანახმად, საქართველოს მთავრობამ  „დარიალი ენერჯის“ ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე დარიალის ჰესის მშენებლობისათვის 87737 კვ.მ მიწის ფართობი გამოუყო, ისიც მშენებლობის ნებართვის აღებამდე.

რადგან პროცესი სამართლებრივად არასწორი გზით წარიმართა, საქმეში პარლამენტიც ჩაერთო. საკანონმდებლო ორგანოში 2012 წლის 13 მარტს მიიღეს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც  “დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდა და ყაზბეგის ეროვნულ პარკს 20 ჰექტარი ტერიტორია ჩამოეჭრა, მიუხედავად იმისა, რომ  დაცული ტერიტორიის შემცირებასთან დაკავშირებული ცვლილების უფლება პარლამენტს მხოლოდ გარემოს დაცვის სამინისტროს წარდგინებით შეეძლო.

დარღვევებით წარიმართა დარიალჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადების საკითხიც. კვლევის თანახმად, შემსწავლელი საექსპერტო კომისია მთლიანად გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალისტებისგან შედგებოდა და მის მუშაობაში ჩართული არ ყოფილან შესაბამისი სპეციალიზაციისა და კვალიფიკაციის სპეციალისტები, როგორიცაა ბოტანიკოსი, ზოოლოგი, ეკოლოგი, ლანდშაფტის და დაცული ტერიტორიების სპეციალისტი, რომლებიც შეძლებდნენ განეხილათ პროექტის რეალური ზეგავლენას ბიოლოგიურ და ლანდშაფტურ მრავალფეროვნებაზე.

“საექსპერტო კომისიის შემადგენლობა და მათი დავალებები ისე იყო შედგენილი , რომ პროექტი „განწირული“ იყო დადებითი დასკვნისათვის”,- ვკითხულობთ კვლევაში.

კორუფციულ სქემაში პირდაპირ და ირიბად ჩართული არიან სამართალდამცავი ორგანოები.  “მწვანე ალტერნატივამ” საქართველოს მთავარ პროკურორს დარიალის ჰესის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებული კანონდარღვევების შესწავლის მოთხოვნით მიმართა, თუმცა საჩივარს, პროკურატურის მხრიდან ორგანიზაციის  წარმომადგენლის ხანგრძლივი დაკითხვის გარდა, ამ დრომდე სხვა სახის რეაგირება არ  მოჰყოლია.


21 აგვისტოს, მეწყერი დევდოარკის ხეობაში გვიან ღამით ჩამოწვა. ჩაკეტილია ლარსის საბაჟო–გამშვები პუნქტი. მაშველები სტიქიის შედეგეად ორ დაკარგულს ეძებენ.
21 აგვისტოს, მეწყერი დევდოარკის ხეობაში გვიან ღამით ჩამოწვა. ჩაკეტილია ლარსის საბაჟო–გამშვები პუნქტი. მაშველები სტიქიის შედეგეად ორ დაკარგულს ეძებენ.

კვლევის თანახმად, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის კიდევ ერთი პრობლემაა სასამართლო საქმეების დიდი ხნით გაჭიანურება. ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში  მიღებული აქვს “მწვანე ალტერნატივის” სარჩელი მთავრობის განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომლითაც დარიალის ჰესის მშენებლობის ნებართვის აღებამდე ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიას ნაწილი გამოეყო. წარმოებაში საქმე სასამართლომ 2013 წლის დასაწყისში მიიღო, თუმცა დღემდე არსებითი განხილვაც კი არ დაწყებულა.

კვლევის მიხედვით, კომპანიისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებებს მიღების სანაცვლოდ მთავრობა და მმართველი პოლიტიკური გუნდიც იღებდა სარგებელს, მაგალითად, შემოწირულობის სახით, “დარიალი ენერჯის” დირექტორმა ზურაბ ალავიძემ 2012 წლის 30 ივლისს 35 000 ლარი შეწირა “ნაციონალურ მოძრაობას”, ხოლო იმავე კომპანიის ყოფილმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა კი 40 000 ლარი შეწირა.

რა შედეგები მოჰყვება ბუნებისადმი დაუდევარ მოპყრობას?

2014 წელს, სამი თვის განმავლობაში, დევდორაკის ხეობაში, სადაც “დარიალი ჰესის” მშენებლობა მიმდინარეობს, მეწყერი ორჯერ, 17 მაისს და 20 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო შემთხვევის დროს, 20 აგვისტოს, საღამოს 22 საათზე, დევდორაკის ხეობაში ღვარცოფული გავლის შედეგად 350–400 ათასი კუბი მიწა ჩამოვიდა, რის გამოც სამხედრო გზის მონაკვეთი მწყობრიდან გამოვიდა, ჩრდილოეთ–სამხრეთის  1200 მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენი დაზიანდა, ასევე დაზიანდა  ლარსის ჰესი, დაიტბორა  ლარსის საბაჟო– გამშვები პუნტი და “დარიალჰესის” გვირაბი. ორივე შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.

“ეს ყოველივე განაპირობა ამ ჰესების დაპროექტებისა და, შესაბამისად, სანებართვო დოკუმენტაციის გაცემისას დაშვებულმა შეცდომებმა, რომელზეც მიუთითებდა მწვანე ალტერნატივა: არ იქნა გათვალისწინებული, რომ დევდორაკიდან პერიოდულად ჩამოდის სხვადასხვა მასშტაბის მეწყერი და ადრე თუ გვიან ასეთი ტრაგედია აუცილებლად მოხდებოდა”- ნათქვამია კვლევაში.

დარიალ ჰესის სქემის მსგავსად განვითარდა მოვლენები “ყაზბეგი ჰესის” შემთხვევაში.  კვლევის თანახმად,  ხდის ხეობაში “ყაზბეგი ჰესის” მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაც ყოველგვარი დასაბუთებისა და შესაძლო დადებითი ან უარყოფითი შედეგების გათვლის გარეშე მოხდა.

“ყაზბეგი ჰესის” მესაკუთრეთა სურვილის დასაკმაყოფილებლად სხვადასხვა დონის სახელმწიფო სტრუქტურებმა – ადგილობრივი თვითმმართელობა, ეკონომიკის სამინისტრო, პრეზიდენტი-  სულ ერთ კვირაში შეთანხმებულად მიიღეს გადაწყვეტილება მდინარე ბროლისწყალზე ახალი, არანაკლებ 5 მგვტ სიმძლავრის ჰესის აშენების შესახებ”,- ნათქვამია კვლევაში.

ხდის ხეობაში, მდინარე ბროლისწყალზე აშენებული ”ყაზბეგი ჰესი” ექსპლუატაციაში 2014 წლის 16 ოქტომბერს შევიდა. ექსპლუატაციიდან შესვლიდან დაახლოებით ერთ თვეში “მწვანე ალტერნატივამ” და  “სტეფანწმიდამ” მონიტორინგი ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ მიუხედავად ნებართვით დადგენილი ვალდებულებებისა, მდინარე ბროლისწყალი პრაქტიკულად უწყლოდ იყო დარჩენილი ერთ კილომეტრზე მეტ მონაკვეთზე.  ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა ორგანიზაციებმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიეწოდეს, თუმცა მათ არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ.


 ხდის ხეობა , ყაზბეგი ჰესის  აშენების შედეგად დამშრალი მდინარე ბროლისწყალი ფოტო: მწვანე ალტერნატივა
ხდის ხეობა , ყაზბეგი ჰესის აშენების შედეგად დამშრალი მდინარე ბროლისწყალი ფოტო: მწვანე ალტერნატივა

 

 შეჯამების სახით ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში დაწყებული პრაქტიკა, რომელიც საინვესტიციო პროექტების შესახებ გადაწყვეტილებას ბუნებრივი რესურსების ექსპლოატაციის ხარჯზე იღებდა , ახალი ხელისუფლების პირობებშიც გრძელდება:


“მიუხედავად წინასაარჩევნო დაპირებებისა, სამწუხაროდ, ახალმა ხელისუფლებამ ვერ გამონახა ეკონომიკის მდგრადი განვითარების გზები და გააგრძელა წინა ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა, გაგრძელდა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის იგნორირებით ინიცირებულ პროექტები. არ გაუმჯობესებულა გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან, საზოგადოების მონაწილეობასთან და ხელისუფლების ანგარიშვალედებულებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა და პრაქტიკა. შესაბამისად, არ მოსპობილა ელიტური კორუფციის ხელშემწყობი ფაქტორებიც”,- ვკითხულობთ კვლევის დასკვნით ნაწილში.


კვლევა “ბუნებრივი რესურსების მართვა და ელიტიური კორუფციის ხელშემწყობი ფაქტორები” ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივამ” მომზადა ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით.


აღნიშნული პროექტის ფარგლებში მომზადდა სამი კვლევითი ანგარიში: 1.”მადნეული კანონზე მაღლა“, სადაც განხილულია ბოლნისის რაიონში ფერადი ლითონების მოპოვებასთან დაკავშირებული კომპანიების საქმიანობა, 2. კვლევაში “ენერგო- პროექტები და კორუფცია საქართველოში“ განხილულია კომპანია  “ფერი“-სა და მასთან დაკავშირებული სხვა კომპანიების საქმიანობა და  3. კვლევაში “ნადირობა გადაშენების წინაშე მყოფ ცხოველებზე“ აღწერილია საქართველოს მთავრობის მცდელობა,  შემოეღო კომერციული ნადირობა გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ “წითელ ნუსხაში“ შეტანილ სახეობებზე და ამ საკითხთან დაკავშირებული კომპანიების საქმიანობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი