ახალი ამბები

IDFI: საქართველოში გამჭვირვალობის ხარისხი კვლავ გაუარესდა

14 მაისი, 2015 • • 1562
IDFI: საქართველოში გამჭვირვალობის ხარისხი კვლავ გაუარესდა

როგორც ორგანიზაციის ახალ კვლევაშია ნათქვამი, 2015 წლის მარტის თვეში IDFI-იმ საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ განცხადებით მიმართა ყველა სამინისტროსა და სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებას.  ჯამში, 1185 შეკითხვა გაეგზავნა 19 სამინისტროსა და 49 სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებას. უპასუხოდ დარჩა მოთხოვნათა 22.9%. უპასუხო მოთხოვნათა მაღალი მაჩვენებელი განპირობებულია იმით, რომ სამმა სამინისტრომ და ცხრა დაქვემდებარებულმა უწყებამ უპასუხოდ დატოვა განცხადება საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ.

 

სამინისტროები, რომლებმაც ორგანიზაციის განცხადებით, დღემდე უპასუხოდ დატოვეს IDFI-ს მოთხოვნები, არიან:

 

ფინანსთა სამინისტრო

იუსტიციის სამინისტრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

  

აგრეთვე იუსტიციის სამინისტროს 6 და ფინანსთა სამინისტროს 4 უწყება და შსს-ს დაქვემდებარებული 1 სსიპ.


“აღსანიშნავია, რომ ყველა ეს სამინისტრო გამჭირვალობის მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა 2012 წლის საპარლამენტო არჩვენების შემდგომ პერიოდში, ხოლო მომდევნო წლებში ადმინისტრაციულ ორგანოთა ღიაობის მაჩვენებელი ეტაპობრივად იკლებდა”, – აცხადებს ინსტიტუტი.

 

სამინისტროები, რომლებმაც, ორგანიზაციის ცნობით, ინფორმაცია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემდეგ გასცეს:

  

შინაგან საქმეთა სამინისტრო

 

თავდაცვის სამინისტრო

 

“ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ზემოთ მითითებული უწყებების მიერ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ. შედეგად თავიდან იქნება აცილებული ისეთი მანკიერი პრაქტიკა, როგორსაც ადგილი განვილი წლის განმავლობაში ჰქონდა, მნიშვნელოვანია, რომ უწყებებმა პროცესის კიდევ უფრო გაჭიანურების გარეშე პროაქტიულად ხელმისაწვდომი გახადონ ინფორმაცია 2014 წლის განმავლობაში გაწეული სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯის შესახებ”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.


კვლევის სრულ და შემოკლებულ ვერსიებს გაეცანით ბმულზე.


მასალების გადაბეჭდვის წესი