ახალი ამბები

პრეზიდენტი ივანიშვილზე: დიალოგზე, რომლის ქვეტექსტია შეურაცხყოფა და შანტაჟი, უარი ვთქვი

6 მაისი, 2015 • • 1109
პრეზიდენტი ივანიშვილზე: დიალოგზე, რომლის ქვეტექსტია შეურაცხყოფა და შანტაჟი, უარი ვთქვი

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ხომ არ უპასუხებდა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მის შესახებ გაკეთებულ ბოლო განცხადებაზე, რომლის თანხმადაც, “პრეზიდენტი აბსურდში რჩება”, გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა, რომ ამ ტიპის დიალოგზე თავიდანვე უარი თქვა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მისი მისამართით პირველად გაისმა მსგავსი სიტყვები: 

 

“არა, დიდი ხანია ამ ტიპის დიალოგზე უარი ვთქვი, სხვათა შორის, უარი ვთქვი თავიდანვე, რომ დაიწყო ჩემი ასეთი ფორმით კრიტიკა. მე მაშინვე ვთქვი უარი ამ ტიპის დიალოგზე, რომლის ქვეტექსტია ცოტა შეურაცხყოფის მიყენება, ცოტა ჭორაობა, მცირე შანტაჟის თუ დამუქრების ელემენტები, მაგრამ სიმართლე გითხრათ, იმას კი ვხედავთ, ვინც არ უნდა მაკრიტიკებდეს ამ ფორმით თუ სხვა ფორმით, ნამდვილად ყველამ იცის, როგორი ტიპის ადამიანი ვარ და რომ მე არასდროს, რაც არ უნდა გამაღიზიანონ, როგორი ნორმას გადაცდენილი სიტყვებიც არ უნდა თქვან ჩემზე, არასდროს დამიწყია ან ჭორაობა, ან შიდა თემების გარეთ გამოტანა. შესაბამისად, ეს მაძლიერებს, რომ ის ადამიანებიც კი, რომლებიც ჩემზე ძალიან გაბრაზებულიც კი არიან, მაინც აფასებენ ჩემში და დარწმუნებულები არიან, რომ არასდროს მე არ დამცდება ზედმეტი. როგორც ადამიანს, ბუნებრივია, არც მსიამოვნებს ეს ყველაფერი, არც შევჩვეულვარ. ამ დიალოგში პოზიტიური იმპულსი შემომაქვს იმით, რომ ამას ვისმენ და ვცდილობ ეს ყველაფერი გადავიტანო უფრო ევროპული და მშვიდი დიალოგის კონტექსტში და ჩემი აზრით ეს გამომდის”,- განაცხადა მარგველაშვილმა გადაცემა  “პოლიტარტში” სტუმრობისას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი