ახალი ამბები

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ეკონომიკური განვითარების ხედვა ღარიბაშვილისგან ბიზნესმენებს

22 აპრილი, 2015 • • 1682
მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ეკონომიკური განვითარების ხედვა ღარიბაშვილისგან ბიზნესმენებს

 

“ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად გავააქტიუროთ რეგიონებში პროცესები. უფრო მეტი სამუშაო ადგილი უნდა შევქმნათ რეგიონებში. მთავრობა მზად ვართ, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოგიჩინოთ. თქვენი ბიზნესის წარმოების პროცესში მაქსიმალურად გაგიმარტივოთ და გაგიადვილოთ ის პროცედურები, რაც შესაძლოა შემაფერხებელი ფაქტორები იყოს. მე ვგულისხმობ ბარიერებს, რომელიც გაუგებარი ბიუროკრატიისას წარმოიქმენება ხოლმე. ასე რომ, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა”, – განაცხადა პრემიერმა.

 

რაც შეეხება რეგიონის პოტენციალს, ღარიბაშვილის თქმით, მათ დეტალურად აქვთ შესწავლილი ეს საკითხი:

“უკვე არსებობს გეგმები, თუ როგორი მიმართულებით უნდა განვითარდეს ეს რეგიონი. ცალ-ცალკე შევეხები სხვადასხვა დარგს. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ამ რეგიონში შეიძლება სოფლის მეურნეობის განვითარება. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება: მესაქონლეობა, მეცხვარეობა, რძის, ხორცის ხილ-ბოსტენულის გადამამუშვაბელი წარმოება, მეფუტკრეობა, მეკარტოფილეობა. კარტოფილზე გეტყვით, რომ ჩვენს პატრიარქთან მქონდა საუბარი და ყაზბეგში ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა კარტოფილი მოდის, ამ დროს ადგილობრივ მოსახლეობას ძალიან ცოტა ოდენობის კარტოფილი მოჰყავს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ამ რეგიონში წარმოების განვითარების პერსპექტივებზეც უნდა ვიფიქროთ:

“დღეს მცხეთას აქვს ხილის გადამუშავების და ნატურალური წვენების წარმოების, ასევე, საკონდიტრო საწარმოს ამუშავების შესაძლებლობა. მცხეთის რაიონში არსებობს ტექსტილის წარმოების, საკონდიტრო ქარხნის ამუშვაების პერსპექტივა. ყაზბეგში არის ლოგისტიკური ცენტრის, მატყლის პროდუქციის წარმოების პერსპექტივა. ასევე ტრადიციული ხელსაქმე: სუვენირები და მოსაპირკეთებელი სამუშაოების მასალების წარმოების რესურსი. თიანეთში არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუცქციის, წვენების, ჯემების წარმოების პოტენციალი”.

 

ღარიბაშვილმა რეგიონში ტურიზმის პოტენციალის განვითარების პერსპექტივასაც გაუსვა ხაზი:

“ჩვენ ვგეგმავთ, რომ ყველგან, სადაც ამის საჭიროება არსებობს, აღვადგინოთ და კონსერვაცია გავუკეთოთ ძეგლებს იმისათვის, რომ უფრო მიმზიდველი გახდეს ტურისტებისთვის ეს რეგიონი. მცხეთაში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ რეგიონშიი ვიზიტორებისთვის პირობები გაუმჯობესდეს. ვგეგმავთ არმაზის ციხის კონსევრაციას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას, ბებრის ციხის რეაბილიტაციას, ჯვრის  ეკლესიის ტერიტორიის მოწესრიგებას, შიო მღვიმის მონასტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას, დუშეთის პარკის და სახელოსნო ბაზრობის მშენებლობას, ანანურის ციხის კონსერვაციას, გასულ წელს მუცოს რეაბლიტაცია დავიწყეთ. სტეფანწმინდაში ვაპირებთ გზების და სხვადასხვა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას. იგეგმება გერგეთის ტაძრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, მყინვარწვერის მარშრუტზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში წყლის სისტემის რეაბილიტაცია”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, რეგიონში არსებობს საინვესტიციო პროექტები, რომლის ჯამური ღირებულება 60-65 მილიონ ლარს შეადგენს.

“ეს არის სასტუმროების, ტურისტულ-რეკრეაციული კომპლექსების მშენებლობა, ხეხილის ბაღების გაშენება, თევზსაშენი მეურნეობის განვითარება. გუდაურში იგეგმება სასრიალო გზების განვითარება, ასევე იგეგება ხელოვნური ტბის მშენებლობა, რაც ტურისტებს ზაფხულშიც მოიზიდავს. 2100 მეტრიანი საბაგირო აშენდება გუდაურში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი