ახალი ამბები

სათამაშოები ქართველ ბავშვებს, სოლიდარობა – ახლო აღმოსავლეთში რეპრესირებულებს [ფოტო]

19 აპრილი, 2015 • • 1071
სათამაშოები ქართველ ბავშვებს, სოლიდარობა – ახლო აღმოსავლეთში რეპრესირებულებს [ფოტო]

მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფი თბილისში, პარლამენტის შენობის წინ 17:00 საათზე შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა შენობის კიბეებთან შეაგროვეს სათამაშოები, რომლებიც, ორგანიზატორების თქმით, საქართველოში ბავშვთა სახლებში დარიგდება.

  

სოციალურ ქსელში აქციის დასახელებამ და აღწერამ მოქალაქეთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან იქ ყურადღება მხოლოდ ასურელი ქრისტიანების დევნაზე მახვილდებოდა. თუმცა დღეს პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ადამიანები და მათ შორის ორგანიზატორები ამბობდნენ, რომ ტერორიზმს არ აქვს რელიგია და სამშობლო. აქციაზე სიტყვით გამომსვლელი ადამიანები ერთხმად აცხადებდნენ, რომ დღეს ისინი ტერორიზმის შედეგად დევნილ ნებისმიერი წარმომავლობის და რელიგიური მრწამსის ადამიანს უცხადებენ სოლიდარობას.

 

აქციის თანაორგანიზატორი, გიორგი ლომსაძე ამბობს, რომ ფეისბუკზე დაანონსებული ღონისძიების სათაური და ტექსტი ნამდვილად არ იყო ადეკვატური. მისი თქმით წესით, აქამდეც უნდა გადაკეთებულიყო ღონისძიების აღწერა და სათაური, თუმცა ჯერჯერობით არაფერია შეცვლილი. ლომსაძე ამბობს, რომ აქციის ორგანიზატორები სრულიად აპოლიტიკური ადამიანები არიან და ისინი ტერორიზმის გასაპროტესტებლად ერთი იდეით გაერთიანდნენ:

 

”ბოლო პერიოდში სირიაში, ერაყში, ეგვიპტეში ხოცავდნენ ტერორისტული დაჯგუფებები ქალებსა და ბავშვებს. ჩვენ, ახალგაზრდები, მეგობრები გავერთიანდით ამის წინააღმდეგ. ეს იყო აპოლიტიკური და არელიგიური აქცია. უბრალოდ, გვინდოდა, რომ საზოგადოება გაერთიანებულიყო ამ იდეის გარშემო, რომ დაგვეგმო ტერორიზმი და სოლიდარობა გამოგვეცხადებინა ამ ბავშვებისთვის,” – აცხადებს ლომსაძე.

 

აქციაზე სიტყვით გამოსვლის საშუალება ყველა მსურველს არ მიეცა. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, კარლო გეორქიანის თქმით, მათ ორგანიზატორებმა სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს. სომხური სათვისტომოს წევრი მიიჩნევს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მის ჯგუფს სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირების საშუალება დღეს არ მიეცათ. გეორქიანი ამბობს, რომ აქციის წინა ღამით  სოციალურ ქსელში ორგანიზატორები მათ პოსტებს შეგნებულად შლიდნენ. მისი თქმით, წაშლილი პოსტები შეეხებოდა თურქეთში 100 წლის წინ სომეხი ხალხის გენოციდს და ეს არ ყოფილა პროვოკაცია.

 

სომეხთა სათვისტომოს წევრის საპასუხოდ, აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ წინასწარ დაიგეგმა სიტყვით გამომსვლელთა დრო და ლიმიტი, რის გამოც ყველას ვერ მიეცემოდა ამის საშუალება. რაც შეეხება ფეისბუკზე მათი პოსტების წაშლას, ორგანიზატორების თქმით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

 

თხოვნა მთავრობას – შეიფარეთ ასურელი ოჯახები


აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ლიზა გეგეჭკორის თქმით, სახელმწიფომ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები და ტერორიზმის შედეგად დევნილ ოჯახთა ნაწილი მაინც შეიკედლოს. აქციის ორგანიზატორის აზრს აქციაზე შეკრებილი მოქალაქეებიც იზიარებდნენ. სიტყვით გამომსვლელებმა მსგავსი მოწოდებები გააკეთეს მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.

 

“აქციის მიზანი იყო ის, რომ გამოგვეთქვა სოლიდარობა, რა თქმა უნდა, და გვერდში დგომა. ის, რომ გვეთქვა – არა ტერორიზმს. ხაზგასმით გვეთხოვა (და არა მოგვეთხოვა) ჩვენი მთავრობისთვის, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში გადადგმულიყო ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას შეეძლოს, შეიკედლოს ნაწილი მაინც [დევნილების],” – აცხადებს გეგეჭკორი.


აქცია თბილისში სირიაში დევნილი ადამიანების მხარდასაჭერად/19.04.15 - ფოტო/გიორგი დიასამიძე
აქცია თბილისში სირიაში დევნილი ადამიანების მხარდასაჭერად/19.04.15 – ფოტო/გიორგი დიასამიძე

აქცია თბილისში სირიაში დევნილი ადამიანების მხარდასაჭერად/19.04.15 - ფოტო/გიორგი დიასამიძე
აქცია თბილისში სირიაში დევნილი ადამიანების მხარდასაჭერად/19.04.15 – ფოტო/გიორგი დიასამიძე

აქცია თბილისში სირიაში დევნილი ადამიანების მხარდასაჭერად/19.04.15 - ფოტო/გიორგი დიასამიძე
აქცია თბილისში სირიაში დევნილი ადამიანების მხარდასაჭერად/19.04.15 – ფოტო/გიორგი დიასამიძე

აქცია თბილისში სირიაში დევნილი ადამიანების მხარდასაჭერად/19.04.15 - ფოტო/გიორგი დიასამიძე
აქცია თბილისში სირიაში დევნილი ადამიანების მხარდასაჭერად/19.04.15 – ფოტო/გიორგი დიასამიძე

აქცია თბილისში სირიაში დევნილი ადამიანების მხარდასაჭერად/19.04.15 - ფოტო/გიორგი დიასამიძე
აქცია თბილისში სირიაში დევნილი ადამიანების მხარდასაჭერად/19.04.15 – ფოტო/გიორგი დიასამიძე

 

მსგავსი მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ მოქალაქეებმა შექმნეს პეტიცია, რომელსაც უკვე 10 000-მდე ადამიანი აწერს ხელს. თუმცა ამ მოთხოვნას არ ეთანხმებიან საზოგადოების გარკვეული ჯგუფები, რომლებიც სოციალურ ქსელში შექმნილ ღონისძიებაშივე აფიქსირებდნენ საკუთარ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით.

 

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, რომლის პოსტიც განსხვავებული პოზიციის გამო ღონისძიების ორგანიზატორებმა აქციის დასრულებიდან რამდენიმე საათში წაშალეს, ანა სვანიძეა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი სირიიდან დევნილი ადამიანებისთვის თავშესაფრის გამოყოფის წინააღმდეგია. ის ამბობს, რომ ვისაც სურვილი აქვს, საკუთარი თანხები უნდა დაახარჯოს ამ ადამიანებს და არა სახელმწიფო ბიუჯეტი.

 

“ჩემთვის მიუღებელია, რომ ჩვენი ბიუჯეტიდან მათთვის თანხები გამოიყოს ან მთავრობამ მათ რამე თავშესაფარი მისცეს. ვისაც გინდათ, იშვილეთ, ახარჯეთ თქვენი ფული და რაც გინდათ, ის ქენით. ქვეყანაში, სადაც ამდენი უსახლკარო და დევნილები გვყავს, მგონი გონივრული არაა სახელმწიფოს სხვებზე, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე ზრუნვა მოსთხოვო,” – ეს ტექსტი ღონისძიების გვერდზე ანა სვანიძემ გუშინ დაწერა, თუმცა პოსტის წაშლამდე მას არაერთი შეურაცმყოფელი კომენტარის წაკითხვაც მოუწია.

 

მსგავსი შინაარსის აქცია დედაენის ბაღში 17 აპრილსაც გაიმართა. გაეროს ოფისთან აქცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ორგანიზებით დაიგეგმა, რომელსაც სხვა ორგანიზაციებიც შეუერთდნენ. ორი დღის წინ გამართული აქციის ორგანიზატორები ამბობდნენ, რომ მათი სოლიდარობა მხოლოდ ერთ კონკრეტულ თემს არ ეხება, არამედ ისინი გვერდში უდგანან ნებიმიერ ადამიანს, რომელსაც ISIS-ის რეპრესიები შეეხო.

მასალების გადაბეჭდვის წესი