ახალი ამბები

გარემოს დაცვის სამინისტრო: აქროლადი ნაცარი რადიოაქტიური ნივთიერება არ არის

18 აპრილი, 2015 • • 1413
გარემოს დაცვის სამინისტრო: აქროლადი ნაცარი რადიოაქტიური ნივთიერება არ არის

სამინისტრო ამ განმარტებას გაზეთ “ბათუმელებში” გამოქვეყნებული სტატის რადიაციული ნაცარი ჭოროხზე ჰესების ასაშენებლად”  საპასუხოდ აკეთებს:


სტატიაში მოყვანილია ინფორმაცია საქართველოში რადიოაქტიური ნარჩენის შემოტანის თაობაზე არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან ნახშირზე მომუშვე თბოელექტროსადგურებიდან წარმოქმნილი აქროლადი ნაცარი, რომლის იმპორტზეც არის საუბარი საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 მარტის N589 განკარგულებაში, არ წარმოადგენს რადიოაქტიურ ნარჩენს, არამედ საერთაშორისო სამართლებრივი აქტების მიხედვით (ევროგაერთიანების საბჭოს (EEC) 259/93 რეგულაციით განსაზღვრული ე.წ. „ნარჩენების მწვანე ნუსხა”; ბაზელის კონვენციის IX დანართი; ევროკომისიის 2000/532/EC გადაწყვეტილებით დადგენილი ნარჩენების ევროპული სია) განეკუთვნება არასახიფათო (არარადიაქტიური) ნარჩენების კატეგორიას, რომლის იმპორტიც დაშვებულია შესაბამისი რეგულაციების, მათ შორის, გარემოსდაცვითი მოთხოვნების, ასევე, ტრანსპორტირების, უსაფრთხოების და სხვა ნორმების დაცვით.

 

რაც შეეხება რადიოაქტიურ და სხვა სახის სახიფათო ნარჩენებს, მათი იმპორტი და ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიაზე (მისი ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით („ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ”, „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ” საქართველოს კანონები) და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 234-ე მუხლის (საქართველოს ტერიტორიაზე რადიოაქტიური, ტოქსიკური სამრეწველო ან საყოფაცხოვრებო ნარჩენის ტრანზიტი ან იმპორტი) შესაბამისად.

 

საქართველოს მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი რამდენიმე დღის წინ მოაწერა, აღნიშნულია, რომ ნარჩენის იმპორტი უნდა განხორციელდეს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისთვის საჭირო უმაღლესი ხარისხის ბეტონის საწარმოებლად. 17 040 ტონა ნარჩენის იმპორტს თურქეთის რესპუბლიკიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე განახორციელებენ.

აქროლად ნაცარს თურქეთიდან საქართველოში შპს “ჭოროხი-2009”შემოიტანს. ნაცარი  განკუთვნილია შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ისთვის, რომელიც მდინარე ჭოროხზე ჰესებს აშენებს.

 

„ნაცარი შეიცავს ალუმინის ოქსიდს. ეს არის საშიში სასუნთქი არხებისთვის, ჩათვალეთ, საწამლავია. ამასთან, ჩვენს ქვეყანაში არსებობს კანონი რადიოაქტიური შემცველობის ტვირთის შემოტანასა და ტრანზიტზე, სადაც წერია, რომ 370 არის ნორმა, ნაცარი შეიცავს 500-ს. შესაბამისად, რადიაცია აიწევს. როგორც კი ნაცარი იდება, ის ხდება აქროლადი ქართან ერთად. ანუ, ნებისმიერ ადგილას, სადაც დაიდება, გარემო იქნება დაბინძურებული“, – ამბობს „ნეტგაზეთთან“ თამაზ ვაშაკიძე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრის წარმომადგენელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი