საზოგადოება

რამდენად რეალურია საქართველო C ჰეპატიტის გარეშე

17 თებერვალი, 2015 • • 2230
რამდენად რეალურია საქართველო C ჰეპატიტის გარეშე

“რუსეთიდან 2 წლის წინ დავბრუნდი საქართველოში, რამდენიმე წელი ციხეში ვიყავი და C ჰეპატიტით დავინფიცირდი. მკურნალობა არ დამიწყია. პრინციპში, არც ვიცი, რა მდგომარეობა მაქვს ახლა, ის ძვირადღირებული გამოკვლევები არ ჩამიტარებია. უმუშევარი ვარ და ამდენ ფულს ვერ გადავიხდი”, – ამბობს 46 წლის ლევანი.

 

სრულყოფილი გამოკვლევებისა და მკურნალობის სრული კურსის ჩასატარებლად დღეს პაციენტს რამდენიმე ათასი ლარი სჭირდება.

 

ლევანს უახლესი ეფექტური მედიკამენტით C ჰეპატიტის მკურნალობის ჯანდაცვის სამინისტროს დაანონსებული პროექტის შესახებ არ გაუგია. თუმცა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სამინისტრომ ასეულობით მოქალაქე თუ ორგანიზაცია აქციაში “საქართველო C ჰეპატიტის გარეშე – STOP С” ჩართო და C ჰეპატიტის ელიმინაციის [აღმოფხვრის] შესახებ ფართო კამპანია დაიწყო.

 

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მთავრობამ სერიოზულად იმუშავა იმისთვის, რომ მსოფლიოში ყველაზე ახალი, ეფექტური და ძვირადღირებული პრეპარტით C ჰეპატიტის მკურნალობა საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

 

კერძოდ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დახმარებით ამერიკულ, “სოფოსბუვირის” მწარმოებელ კომპანია “გილეადთან” მოლაპარაკებები გამართა და როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ვალერი კვარაცხელია ამბობს, ქართულმა მხარემ დაარწმუნა კომპანია, რომ უახლესი მედიკამენტი საქართველოსთვის უკიდურესად დაბალ ფასად მიეწოდებინა.

 

“ჩვენ დავარწმუნეთ ეს კომპანია, რომ შევძლებთ გავხდეთ პირველი ქვეყანა, სადაც C ჰეპატიტის ელიმინაცია მოხდება”, – ამბობს კვარაცხელია.

 

“ამ გეგმისთვის შესაფერისი ქვეყნაა საქართველო – პატარა, გავრცელება მაღალი, ინფრასტრუქტურა კარგი და ექიმთა ჯგუფი  – გამოცდილებით. შემთხვევით არ შერჩეულა საქართველო, ბევრჯერ მოისმინეს ყველაფერი და ისე გადაწყვიტეს”, – ამბობს ინფექციონისტი და C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი, მაია ბუწაშვილი.  

 

ჰეპატოლოგებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების თქმით, 94%-ში “სოფოსბუვირი” ეფექტურია მკურნალობისთვის და პრაქტიკულად არ აქვს გვერდითი ჩვენებები. მედიკამენტის მიღების კურსი 12 ან 24 კვირიანი იქნება, რაც დაავადების ტიპზეა დამოკიდებული.

 

ამ მედიკამენტით სრული კურსის ღირებულება, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია ამბობს, 84 ათასი აშშ დოლარია, თუმცა მწარმოებელი კომპანია საქართველოს მინიმალურ ფასად მიჰყიდის და პაციენტებისთვის საქართველოში “უკიდურესად ხელმისაწვდომი იქნება”.

 

“ჩვენ C ჰეპატიტის ცოტათი შემცირებას არ ვგეგმავთ. საქართველო იქნება მსოფლიოში პირველი ქვეყნა, სადაც C ჰეპატიტი არ იარსებებს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ძალიან კარგი ურთიერთობები ჩვენს პარტნიორებთან. სანამ ხელმოწერილი არ არის კონტრაქტი, ფასზე ვერ ვილაპარაკებთ, მაგრამ ის იქნება უკიდურესად ხელმისაწვდომი ადამიანებისთვის”, – ამბობს მინისტრის მოადგილე.

 

მედიკამენტის მწარმოებელ კომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის წამლის იაფად მოწოდებაზე ხელშეკრულება ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა, მთავრობის გათვლებით, c ჰეპატიტის ახალი მედიკამენტით მკურნალობა პაციენტების ნაწილმა უკვე მიმდინარე თვეში ან მარტის დასაწყისში უნდა დაიწყოს.

 

ისინი, ვინც უკვე მკურნალობს სხვა პრეპარატით, მკურნალობას ახალი წამლით ვეღარ ჩაანაცვლებს. ვისაც უკვე ნამკურნალევი აქვს, მაგრამ არაეფექტურად, მკურნალობას ახალი მედიკამენტით დაიწყებენ.

 

“ამ პროექტთან დაკავშირებით დადებითი ემოცია მაქვს. მას ნამდვილად შეუძლია ადამიანების დიდი ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუმჯობესოს”, – ამბობს ინფექციონისტი ელზა ვაშაკიძე. თუმცა ექიმ-ინფექციონისტს პროგრამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვაც აქვს.

 

“ამ დრომდე არ გვაქვს პასუხი – რამდენი წამალი შემოვა? ყველას მოიცავს თუ მხოლოდ გარკვეულ ჯგუფს? რამდენი პაციენტისთვისაა პროგრამა გათვლილი? ვინ დაფარავს გამოკვლევების ხარჯებს? იქნება თუ არა თანადაფინანსება? გარდა ამისა, ბევრს კომპლექსური მკურნალობა სჭირდება დაავადების შორს წასული სტადიის გამო. ათეულობით და ასეულობით ადამიანს კი – უკვე ღვიძლის გადანერგვა. აიღებს თუ არა სახელმწიფო საკუთარ თავზე ამ ხარჯებსაც? როგორი იქნება სისტემურობა – პერსონალი, მომსახურება? მთელი კონვეიერი უნდა ამუშავდეს იმისთვის, რომ ჰეპატიტის ელიმინაცია მოხდეს. გარდა ამისა, მოვა თუ არა ყველა პაციენტი სამკურნალოდ? რა გეგმა აქვს სამინისტროს?” – ამბობს ვაშაკიძე.

 

“რამდენ ადამიანს დაჭირდება მკურნალობა, არ ვიცით, მაგრამ ჩაუტარდება ყველას, ვისაც სჭირდება”, – ამბობს მაია ბუწაშვილი.

 

C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგიული გეგმის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით, სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ატლანტა CDC საქართველოს ოფისის, ექიმ-ინფექციონისტების, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებით. ამ ეტაპზე ჯგუფი მუშაობს მოკლევადიანი და გრძელვადიანი ამოცანების შემუშავებაზე. გრძელვადიანი ხედვის დასასრულებად სამუშაო ჯგუფს 6 თვე აქვს.

 

როგორც სამუშაო ჯგუფის წევრები ამბობენ, C ჰეპატიტის ელიმინაციის მოკლევადიანი, გადაუდებელი ღონისძიებების სახელმწიფო გეგმის პროექტი დასრულების პროცესშია. სამინისტროს წარმომადგენელთა ცნობით, პირველ პაციენტთა რეგისტრაცია უკვე თებერვლის ბოლოს დაიწყება.

 

პირველ ეტაპზე პროგრამაში გადაუდებელი საჭიროების მქონე ბენეფიციარები განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად უნდა ჩაერთონ.

 

უფრო ზუსტი მონაცემების მოწოდებას ბენეფიციართა რაოდენობის, მედიკამენტის ღირებულების და საჭირო ბიუჯეტის შესახებ, სამინისტროში აცხადებენ, რომ მხოლოდ მწარმოებელ კომპანიასთან ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ – სავარაუდოდ, მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოდან – მარტის შუა რიცხვებითვის შეძლებენ.

 

იქამდე კი, სანამ პაციენტი ამ მედიკამენტს მიიღებს, საჭიროა ზუსტი დიაგნოსტიკა, მათ შორის გენოტიპის დადგენა, რომელიც ძვირადღირებული პროცედურაა. სახელმწიფო გეგმავს, ეს დიაგნოსტიკა რიგ შემთხვევებში უფასო და რიგ შემთხვევებში სახელმწიფოს თანადაფინანსებით ჩატარდეს – დეტალები, ისევ და ისევ, უცნობია.

 

ეპიდემიოლოგიური კვლევის ჩატარებას კი, რომელიც ქვეყანაში ჰეპატიტების გავრცელებას აჩვენებს, სახელმწიფო მარტის ბოლოსთვის გეგმავს.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის სპეციალისტი, დავით ბალიაშვილი ამბობს, რომ ეს კვლევა მკურნალობის რეჟიმების დადგენაშიც დაეხმარება სახელმწიფოს.

 

“კვლევაში 7 ათასი ადამიანის რეპრეზენტატული გამოკითხვა იგეგმება, კითხვარებთან ერთად, კვლევაში მონაწილეებისგან სისხლის ანალიზს აიღებენ”,– ამბობს ბალიაშვილი.

 

უკანასკნელი, 2002 წლის სტატისტიკით, საქართველოში C ჰეპატიტით რეგისტრირებულთა რიცხვი კვლავ მაღალი (მოზრდილი მოსახლეობის 6,7 % – 50-200 ათასამდე ადამიანი) რჩება. ეს რიცხვი დაახლოებით 2-ჯერ აღემატება როგორც დასავლეთის, ასევე, პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაჩვენებელს, თუმცა დაახლოებით 3-ჯერ ნაკლებია ეგვიპტის მაჩვენებელზე.

 

ეგვიპტის მაგალითი

 

2008 – 2011 წლებში ეგვიპტეში მკურნალობა 190 000-მა პაციენტმა გაიარა. პროგრამა განკურების 60%-იანი შედეგით დასრულდა –  114 000 პაციენტი განიკურნა. თუმცა საერთო ინფიცირების მაჩვენებელი მაინც მზარდი იყო, ვინაიდან წელიწადში  100 000 ახალი დაინფიცირების შემთხვევა ფიქსირდებოდა. მკურნალობის ხელმისაწვდომობის პარალელურად არ იყო დაწყებული  პრევენციის, ნაადრევი დიაგნოსტიკის, მონიტორინგის და ანალიზების ხელმისაწვდომობის პროგრამები.

 

სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ეგვიპტის შეცდომა საქართველოში არ განმეორდება, ვინაიდან დაინფიცირების პრევენცია ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება გრძელვადიანი სტრატეგიის.

პრევენციის სტრატეგია

 

“C ჰეპატიტის ელიმინაცია არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტი, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ ბენეფიციართა მკურნალობას, არამედ პრევენციული ღონისძიებების გააქტიურებას და ინფექციის შესაძლო წყაროების აღმოფხვრას,”– ამბობს ეკატერინე ადამია, ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსი.

 

მისივე განმარტებით, С ჰეპატიტის დაძლევისთვის ქვეყანას რამდენიმე წელი დაჭირდება.

 

“შესაძლოა არარეალურად ჟღერდეს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის მიღწევადობა, მაგრამ, დამეთანხმებით, რომ ასეთ შესაძლებლობაზე უარის თქმა (ნებისმიერი მიზეზით) უფრო არარეალურია. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საკმაოდ ამბიციური განაცხადია, მაგრამ ეს არის უპრეცედენტო შანსი ჩვენი ქვეყნისათვის, ამიტომ ყოველგვარი ეჭვის გარეშე მივიღეთ ეს გამოწვევა და ყველაფერს გავაკეთებთ პროექტის წარმატებისათვის. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის 1 ან 2 წლის ვადაში დაძლევადი საქმე. ასევე, წარმოუდგენელია სასურველი შედეგის მიღწევა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და მხარდაჭერის გარეშე”,– ამბობს ადამია.

 

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი, რომელიც ამავდროულად გრძელვადიანი სტრატეგიის შექმნის პროცესშია ჩართული, ამბობს, რომ პრევენციის მიზნით, გაფართოვდება ის ჯგუფები, ვისთვისაც სახელმწიფო C ჰეპატიტის უფასო სკრინინგს უზრუნველყოფს. ეს იქნებიან ორსულები, ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე ადამიანები და ა.შ.

 

გარდა ამისა, სახელმწიფომ ინფექციური კონტროლის რეგულაციებზე დაიწყო მუშაობა, რომელიც სტომატოლოგიური კლინიკებისა და სილამაზისა და ტატუ სალონების ინფექციების კუთხით შემოწმებას ითვალისწინებს, თუმცა, რამდენად ხისტი იქნება კონტროლის მექანიზმი, ამ ეტაპზე ჯერ არ ჩანს.

 

“ბევრი სალონი დაკეტილი დაგვხვდა. იცოდნენ, რომ მივიდოდით. იმხელა პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, მეორედ და მესამედაც მივალთ. ამავდროულად, საზოგადოება თავად უნდა იყოს ძალიან ფრთხილი, მოითხოვოს ინფორმაცია სტერილიზაციის შესახებ”, – ამბობს კვარაცხელია.

 

პირადი გამოცდილება

 

“საქართველოში რომ ყოფილიყო სამედიცინო სერვისის სტანდარტების კონტროლის სისტემა, მე ჩემი ცხოვრების 8 წელს C ჰეპატიტთან ბრძოლას არ მოვანდომებდი. თუმცა სიტუაცია მალე უნდა რადიკალურად შეიცვალოს, ვინაიდან ელიმინაცია პრევენციის გარეშე შეუძლებელია,”– ამბობს ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი.

 

“ერთი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ, თუ რამდენად ადვილია საქართველოში C ჰეპატიტით დაინფიცირება. 2013 წელს ჩავატარეთ სატელევიზიო ექსპერიმენტი. ჟურნალისტი მივიდა იუსტიციის სახლში და 40 წუთში პროდიუსერის საცხოვრებელ მისამართზე, ვაზისუბნის დასახლების ერთ-ერთ კორპუსში არსებულ ბინაში, დაარეგისტრირა სილამაზის სალონი – სტომატოლოგიური კლინიკა „ღიმილი“. არავინ არ მოგვთხოვა ელემენტალური სანიტარიული სტანდარტების დაკმაყოფილება, აღარაფერს ვამბობ სტერილიზაციის დანადგარზე და ა.შ. ექსპერიმენტმა აჩვენა, თუ რამდენად მარტივია საქართველოში დაიწყო ბიზნესი, რომელიც შესაძლებელია დაავადებების გავრცელების კერად იქცეს”.

 

იმნაიშვილი მიიჩნევს, რომ C ჰეპატიტის ელიმინაცია კოლექტიური პასუხიმგებლობის საკითხია.

 

“სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ პაციენტისათვის მკურნალობა ხელმისაწვდომი იყოს. თუმცა ძალიან ბევრ პაციენტს არ აქვს გათვიცნობიერებული საკუთარი წილი პასუხისმგებლობა. ბევრ ადამიანს ვხვდები ან სკაიპით ვურეკავ და ვუზიარებ დაავადების მართვის ჩემს გამოცდილებას. ხშირად პასუხად შემდეგ ფრაზას ვღებულობ: “იცი რა, ჩემო ირაკლი, როდესაც მეცოდინება, რომ მიმკურნალებენ, მაშინ დავიცავ დიეტას და რეჟიმში ჩავდგები. მანამდე აზრს ვერ ვხედავ”.

 

სამწუხაროდ, ეს გავრცელებული განწყობაა. დაავადებასთან ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს. სახელმწიფოსთან ჯიბრში ჩადგომა და მკურნალობის დაწყებამდე არაფრის კეთება, პირველ რიგში, პაციენტს ავნებს, ვინაიდან დაავადება, შესაძლოა, ციროზში გადაიზარდოს.   

 

როდესაც ელიმინაციის პროგრამა დაიწყება, ეს იქნება უნიკალური შანსი ძალიან ბევრი პაციენტისათვის და ამ შანსის გამოყენებაა საჭირო.”  

მასალების გადაბეჭდვის წესი